ვენერა კიკნაძე: “ვატყობ, რომ სახლში წასვლის დროა” – ხარაგაულის 80 წლის მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლემ სტიპენდია დაუნიშნა

ვენერა კიკნაძე: "ვატყობ, რომ სახლში წასვლის დროა" - ხარაგაულის 80 წლის მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლემ სტიპენდია დაუნიშნა“ასე გააგრძელეთ, თქვენ შესანიშნავი პედაგოგი დადგებით”, – უთხრა ვენერა კიკნაძეს პირველი გაკვეთილის შემდეგ ხარაგაულის სკოლის (ახლანდელი მე-3 საჯარო სკოლა) მაშინდელმა დირექტორმა ზაქარია შარიქაძემ. ეს იყო 1969 წელს. მას შემდეგ 50 წელი გავიდა, მაგრამ ქალბატონ ვენერას დღემდე ახსოვს ის ემოცია, როცა მოსწავლეებს პირველად შეხვდა. ახლაც ასეა, მისი გაკვეთილები ემოციის გარეშე არ ტარდება, ისევ დიდ ენერგიას გასცემს, ისევ ბავშვების გარშემო ტრიალებს.

ვენერა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალილეტის უხუცესი პედაგოგია, მას წელს 80 წელი შეუსრულდა. თავის განვლილ გზაზე, ბავშვებთან ურთიერთობასა და სწავლების მეთოდებზე მან “სარკესთან” ისაუბრა.

– ქალბატონო ვენერა, რამდენიმე ათეული წელია პედაგოგი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია, სკოლა და ბავშვები?

– ეს საქმე, სკოლა და ბავშვებია ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების არსი. მე ვცოცხლობ ჩემი პროფესიით, სკოლითა და მოსწავლეებით. დილით გაღვიძება მიხარია, რადგან ვიცი, რომ რამდენიმე წუთში სხივანთებულ თვალებს, ბავშვების გაბადრულ სახეებს შევხვდები. მასწავლებელი ბოლომდე უნდა დაიხარჯო, შენკენ არაფერი უნდა დაიტოვო, უშურველად უნდა გასცე ყველაფერი და მოსწავლეები ცოდნით დააპურო.

– ადვილი არც ის არის, მოსწავლეებს სწავლის ინტერესი გაუღვივო, გაკვეთილის პროცესში ჩართო. თქვენ რა მეთოდები გაქვთ ამისთვის?

– ყველაზე ნაცადი და საიმედო გზა არის სიყვარული. ბავშვისთვის, დედის შემდეგ, მასწავლებელია საყვარელი ადამიანი. ჩემი აღზრდილი მოსწავლეები მეორე დედას მეძახიან. მოსწავლეს თუ წრფელი გულით შეიყვარებ, საგნით დააინტერესებ, ის აუცილებლად კარგი სწავლითა და კარგი ყოფაქცევით გიპასუხებს.

მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი. ის ყოველდღე უნდა იზრდებოდეს პროფესიულად. ეცნობოდეს სიახლეებს, იზიარებდეს სხვების გამოცდილებას. ეს ყველაფერი აუცილებელია, რადგან მშობელი გაბარებს შვილს, თავისი სიცოცხლის ნაწილს, ყველაზე ძვირფასს და შენი იმედი აქვს, რომ მის მომავალს მწვანე შუქს აუნთებ.

– როგორ ფიქრობთ, მოდის წიგნიერი თაობა?

– ადრე, სკოლის დერეფანში რომ შემოვდიოდი, ბავშვები წიგნებით ხელში მხვდებოდნენ, ახლა მობილური ტელეფონები უჭირავთ და მათში იხედებიან. მეტ ინფორმაციას კი იღებენ, მაგრამ განათლებას – ვერა. განმანათლებელი არის წიგნი.

– ამ 50 წლის განმავლობაში უამრავმა მოსწავლემ გაიარა თქვენ ხელში. ახლა ალბათ მათ შვილებსა და შვილიშვილებს ასწავლით.

– ასეა. მართლაც ბევრი თაობა აღვზარდე. დღეს ისინი თვითონ არიან ბებია-ბაბუები. ჩემი აღზრდილი მოსწავლეები მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებგარეთაც.

უზომოდ დიდი სიხარულია, როცა ჩემს აღზრდილს ხელჩაკიდებული მოჰყავს თავისი შთამომავალი და სიყვარულით მომმართავს: ჩემო ვენერა მასწავლებელო, გთხოვთ, თქვენეული მადლი დაამჩნიოთ ამის სულს და კვლავ დიდ სიხარულს მაზიაროთო.

უკვე მეორე წელია, რაც ჩემი ერთ-ერთი აღზრდილისაგან ყოველთვიურად სტიპენდია მაქვს დანიშნული, 100 ლარს ვიღებ. არ იფიქროთ, რომ მას თავზესაყარი აქვს ქონება და შემოსავალი. უბრალოდ, ეს მისი სიკეთის გამოხატულებაა. ახლახან კი, 80 წლის იუბილეზე, სიურპრიზი მომიწყო: ხარაგაულის ერთ-ერთ კაფეში გაშლილ სუფრასთან მიმიპატიჟა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ჩემი აღზრდილებისგან ხელმოწერილი და ჩარჩოში ჩასმული სერტიფიკატი გადმომცა.

– თავის დროზე მაინცდამაინც პედაგოგობა რატომ აირჩიეთ, ეს თქვენი სურვილი იყო თუ მშობლების?

– საუკეთესო მასწავლებლები მყავდნენ და სწორედ მათი სიყვარულით, მათი მიბაძვით ავირჩიე პროფესია. მაშინდელი პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე. ამ დროს უკვე დაოჯახებული, ორი შვილის დედა ვიყავი. სახლში მეცადინეობის დრო რომ არ მქონდა, ხშირად მატარებელში ვკითხულობდი.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

– ბედნიერი ვარ, რომ მესამე თაობას მოვესწარი. შვილები დაოჯახდნენ. შვილიშვილი ჩემს გზას გაჰყვა და ჩემს საყვარელ საქმეს აგრძელებს. უნიჭიერესი შვილიშვილები მყავს.

– დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახლში საოჯახო საქმეებისთვის დრო თუ გრჩებათ?

– ჩემი აზრით, ქალი უპირველესად ოჯახის დედაბოძად მოიაზრება და უმთავრესი ფუნქცია კარგი მეუღლეობა, დედობა და დიასახლისობაა. მე ძალიან მკაცრმა, მაგრამ სამართლიანმა დედამ გამზარდა. მის მითითებულ გზას გავყევი და ურიგო დიასახლისი ნამდვილად არ ვარ. ოჯახში მამაკაცის საქმეებშიც მხარში ვედექი მეუღლეს.

– ალბათ გიფიქრიათ იმაზე, როცა ერთ დღეს სკოლასთან დამშვიდობება მოგიწევთ. ეს არც ისე მარტივი იქნება თქვენთვის.

– ადამიანი საკუთარ თავს უნდა იცნობდე. ვატყობ, რომ უნდა დავამთავრო. დროა სახლში წასვლის. სადაცაა დასრულდება 2018-2019 სასწავლო წელი და ჩემს მეოთხეკლასელებს ახალი ბუდისაკენ დავულოცავ გზას. მე კი ასპარეზს ახალგაზრდებს დავუთმობ და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას დავემშვიდობები.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე