უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გოგონა ბებიასთან ერთად ღამეს ქუთაისის თეატრში ათევს

უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გოგონა ბებიასთან ერთად ღამეს ქუთაისის თეატრში ათევს2014 წელს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, ოჯახი ქუთაისში, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩა. აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს, უკრაინის ომების მონაწილე, ერაყში სამხედრო მისიის წევრი ქართველი ჯარისკაცის ცოლი და შვილი – პატარა გოგონა, რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლეს.

ჯარისკაცის ქვრივს, ქრისტინე სვანაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მის ყოფას.

უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გოგონა ბებიასთან ერთად ღამეს ქუთაისის თეატრში ათევსქრისტინე სვანაძე:

– წლებია ქირით ვცხოვრობთ. მანამდე ალეკოსთან ერთად თბილისშიც ქირით ვიყავით. ჩემი მეუღლე მუშაობდა, არ გვიჭირდა და არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ალეკოს გარდაცვალების შემდეგ კი ქუთაისში დავბრუნდით, რადგან ამ ქალაქში ბინის ქირა უფრო იაფია. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, ერთი თირკმელი მაქვს გაჩერებული, ანუ უფუნქციოა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს, ვერ ვმოძრაობ. ოპერაციას უსახსრობის გამო ვერ ვიკეთებ.

დედაჩემი (მაია სვანაძე) ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მუშაობს. ბავშვს მარჩენალდაკარგულის პენსია აქვს – 100 ლარი, დედას – 250 ლარი ხელფასი. მიზერული თანხის გამო ვეღარ გავწვდით ყველაფერს და ორი თვის ქირა დამიგროვდა. საუბარია 500 ლარზე.

– იქნებ გეთხოვათ, დროებით ბინაში დაეტოვებინეთ და ამასობაში თანხა მოგეგროვებინათ.

მე არ ვიყავი სახლში და რომ მოვედი, მითხრეს, შენი ოჯახი გამოუშვესო. დედა და ბავშვი თეატრში დამხვდნენ. ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს, ისე გამოგვყარეს სახლიდან.

დედაჩემი რადგან თეატრში მუშაობს, ჩემს შვილთან ერთად ღამეს იქ, მსახიობის საგრიმიოროში ათევს. მე კი ხან ერთ მეგობართან ვარ და ხან – მეორესთან.

საკუთარი ბინა არასდროს გქონდათ?

– ბინა გვქონდა ქუთაისში, მაგრამ მეზობელმა ბანკში ჩადო. ვენდეთ და შემდეგ ვერ გადაიხადა, ჩვენი სახლი კი აუქციონზე გაიყიდა. ის ოჯახი ამერიკაში გაიქცა. მის შვილთან გვქონდა კომუნიკაცია და წლების წინ   3 000 დოლარი მოგვცა. დაგვპირდა, ეტაპობრივად გადაგიხდითო, მაგრამ იმის შემდეგ არც გამოჩენილან.

– საკმაოდ მძიმე დიაგნოზი გაქვთ. ახერხებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას?

– ვერანაირად. თავიდან ალეკოს სამსახურიდან დაზღვევა მქონდა და მკურნალობას ვახერხებდი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობას ვერანაირ ყურადღებას ვერ ვაქცევ. ოპერაცია რომ თანადაფინანსებით გავიკეთო, 1200 ლარამდე მჭირდება, რისი საშუალებაც არ მაქვს. ამ ოპერაციით იმ დახურულ თირკმელს ამომიღებდნენ, მეორე თირკმელი კი ჩვეულებრივად, სრულფასოვნად იმუშავებდა. ახლა დახურული თირკმელი მეორეს საფრთხეს უქმნის. ერთი ჭიქა წყლის გადამუშავებას 15 წუთი სჭირდება, ჩემი თირკმელი კი 8 საათს უნდება. ერთ წელიწადში 68 კგ მოვიმატე.

ძალიან მერიდება… თუ ვინმეს რამე შეუძლია, იქნებ დამეხმაროს. ოჯახი ქუჩაში დავრჩით. წასასვლელი არსად გვაქვს.

– ოთხი ომი გამოაიარა თქვენმა მეუღლემ და საბოლოოდ ბრძოლაში დაიღუპა. მოგვიყევით მასზე.

– პირველი ქართველი იყო, რომელიც უკრაინის ომში, ფრონტის ხაზზე დაიღუპა. ეს მისთვის მეოთხე ომი იყო. იბრძოდა აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ერაყში და ბოლოს უკრაინის ომში, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სარეზერვო ბატალიონს წვრთნიდა იქ. ერთ-ერთი დაზვერვის დროს დაიღუპა.

– რატომ წავიდა უკრაინაში? საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ის ჩვენი ომი არ იყო და ქართველები არ უნდა წასულიყვნენ.

– ძალიან უნდოდა, რომ წასულიყო. ყველა ქვედანაყოფს მისწერა თავისი მონაცემები, რომ მიეღოთ. ერთ-ერთი ქვედანაყოფი გამოეხმაურა და ძალიან ბედნიერი წავიდა. წინააღმდეგობას ვერ გავუწევდით, აზრი არ ჰქონდა, რადგან ბუნებით ასეთი იყო. ამბობდა, თავისუფლებისთვის ვიბრძვიო. ხშირად უთქვამს, საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და მის წინააღმდეგ ვიბრძვიო.

– როდის შეიტყვეთ მისი დაღუპვის შესახებ?

– 2014 წლის 19 დეკემბერს დაგვირეკა და გვითხრა, სამი დღით დაზვერვაზე გავდივარ და არ ინერვიულოთო. მალევე გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ის იყო საოცარი პიროვნება და არჩვეულებრივი მეუღლე. სულ ვამბობდი, ერთადერთია ამქვეყანაზე და ისიც მე შემხვდა-მეთქი. ყველასთან განსაკუთრებული იყო, საუკეთესო ადამიანი გახლდათ.

– ყურადღებას თუ გრძნობთ საქართველოს ან უკრაინის ხელისუფლებისგან?

– საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი ყურადღება არ ყოფილა არასდროს. ალეკო რადგან უკრაინაში იბრძოდა, ხელისუფლებამ ის ნაციონალად შერაცხა. მისი გარდაცვალების შემდეგ სამსახურიც ვერ ვიშოვე, რადგან ყველგან ამბობდნენ, ეს ალეკოს მეუღლეაო.

ჩემს შვილს 100 ლარი მარჩენალდაკარგულის პენსია მისცეს და 20 ლარი – ვეტერანობის. ასე თქვეს, რადგან თქვენი მეუღლე საქართველოს ომში არ დაღუპულა, მეტს ვერ გადავიხდითო.

უკრაინას რაც შეეხება, მიანიჭეს წოდება, რომ დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების მითითებების შესრულების დროს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე