თორნიკე ჯგერნაია: ,,წითელ პარასკევს ჭრილობები მეხსნება და სისხლი მდის, ეს ნაკაწრები კი არა, გამჭოლი ჭრილობებია”

თორნიკე ჯგერნაია: ,,წითელ პარასკევს ჭრილობები მეხსნება და სისხლი მდის, ეს ნაკაწრები კი არა, გამჭოლი ჭრილობებია"თორნიკე ჯგერნაიას პირველი ჭრილობები აღდგომის მეორე დღეს, ბრწყინვალე ორშაბათს 14 წლის ასაკში გაუჩნდა. მაცხოვრის ჯვარცმა დაესიზმრა, რომელსაც ზემოდან დაჰყურებდა და ჯვარცმის ტკივილებს თვითონ განიცდიდა. როგორც თორნიკე იხსენებს, როდესაც მის წინ მდებარე ჯვარი აღმართეს, ის ქრისტეს პირისპირ აღმოჩნდა და მას თვალებში ჩახედა.

თორნიკე ოჯახის წევრებმა გამოაღვიძეს, ნიშნები კიდურებზე, ჭრილობა ფერდზე, ზურგზე შოლტის ანაბეჭდები და თავზე ეკლის გვირგვინის კვალი უკვე აჩნდა. ზუსტად არ იცოდა, რა ნიშნები გამოესახა სხეულზე და ამის გარკვევა მალევე დაიწყო.

მის გარშემო არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ამის შესახებ რაიმე იცოდა. დადიოდა და არკვევდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე, როდესაც ერთმა ქალბატონმა უთხრა, რომ ეს ჭრილობები სტიგმები იყო  და თვითონ კი სტიგმატი. მაშინ გაიგო, რომ ეს კათოლიკური სამყაროში ძალიან ცნობილი ფენომენია.

„ეს ყველაფერი ადვილად არ მოსულა. 16 წელი და ჩემი დიდი რაოდენობის სისხლი დასჭირდა იმას, რომ მე დღეს ასე თამამად გიყვები სტიგმების შესახებ. იმას,  რომ ადამიანებს წარმოდგენა ჰქონოდათ ამ ფენომენზე“, – უყვება „პრაიმტაიმს“თორნიკე ჯგერნაია.

სტიგმატებზე ინფორმაციის მოძიებისას, თორნიკე მიხვდა, რომ თავისი თავი მხოლოდ თვითონ უნდა ეპოვა. როგორც თვითონ ამბობს, საბედნიეროდ, ძალიან მალე ის, პატრიარქის კარზე აღმოჩნდა. იმ დროს, როცა შეკითხვის დასმაც კი რთული იყო, როცა მის მიმართ დიდი აგრესია მოდიოდა, პატრიარქი ერთადერთი სასულიერო პირი აღმოჩნდა, რომელმაც 14 წლის თორნიკე ადამიანურად მიიღო და დაამშვიდა.

„სტიგმების მიღმა არის მთელი სამყარო. ჩემ შინაგან ხმას მივყვებოდი. ამ შემთხვევამდე მე რელიგიურიც არ ვიყავი და იმის თქმა, რომ მეორე დღესვე ღმერთის ვიწამე, არასწორი იქნება. რამდენიმე წელი მე ჩემ თავს ვაკვირდებოდი. პარალელურად თეოლოგიით დავინტერესდი და სემინარიაში ჩავაბარე.

ჭრილობები დღეს გაიხსნება თუ არა, ამაზე უფრო მეტად მე ჩემი შიშებით ცხოვრება მიწევს. ეს არ არის ნაკაწრები, ეს არის გამჭოლი ჭრილობები ხელებზე და ფეხებზე, რითიც მე ცხოვრება მიწევს. სასწაულები საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანები შორდებიან ღმერთს. ღმერთი რომ ახლოს იყოს ადამიანებთან, ხილული სასწაულები საჭირო არ იქნებოდა, რადგან ღმერთი ადამიანმა უნდა იგრძნოს. მეც იგივენაირად ვიღებ სტიგმებს, როგორც ამას სხვა ადამიანი იღებს, მაგრამ ეს არის ჩემი ჯვარი და ამის თანაზიარი გახდება თუ არა სხვა, ეს ჩემი პრობლემა არ არის“, – ამბობს თორნიკე.

– როგორია შენი წითელი პარასკევი?

–  ყოველი წითელი პარასკევი იწყება იმით, რომ შუბლზე ჯვარი, რომელიც მუდმივად მაქვს, არის გახსნილი და წამოსულია სისხლი. დილით როცა ვიღვიძებ და ეს მხვდება, ვიცი, რომ ეს უკვე განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. ბოლო ოთხი-ხუთი წელი არის მშვიდი, მას შემდეგ, რაც ადამიანები აღარ ესწრებიან ამ ყველაფერს.

ამ დღეს თორნიკესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდეა. მომატებული აქვს მგრძნობელობა  და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 26 აპრილს დილითაც მას შუბლზე სისხლი დახვდა. აქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი სტკივა და ამას გარდა, აქვს უდიდესი სულიერი ტკივილი. კანსა და ხორცს შორის არის ადგილი, სადაც სიცარიელეა და თორნიკე ამ ადგილს სულს ეძახის. სწორედ ამ სულის ტკივილს განიცდის თორნიკე, რაც მას ფიზიკურ ტკივილსაც ავიწყებს.

წითელ პარასკევს ოჯახის გარემოცვაში ატარებს და ოჯახის წევრები მის სიმშვიდეს უზრუნველყოფენ. ინტერვიუს ჩაწერისას თორნიკე სახლთან ახლოს, ტყეში იმყოფებოდა, სადაც ხმაურს გაექცა და ბუნების სიმშვიდეს შეაფარა თავი. უკან დაბრუნებული დროს თავის ოთახში გაატარებს, სადაც სტიგმების გახსნას და იმ ემოციებს დაელოდება, რაც ამ პროცესს მოაქვს. სტიგმების გახსნის კონკრეტული დრო არ არსებობს, პროცესი კი რამდენიმე წუთს გრძელდება. როგორც თორნიკე ამბობს, ეს რამდენიმე წუთი მისთვის მთელ დღეს უტოლდება. შემდეგ კი აღდგომის დღესასწაულთან ერთად, თავიდან იბადება.  ჭრილობებიდან სახვევებს  იხსნის და ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

სოციალურ ქსელში თორნიკეს ფოტო და სტატუსი დილით გავვრცელდა, სადაც თორნიკე წერს: ,,13 აპრილის პარასკევი იდგა ირეუსალიმში, როდესაც მცირე სეტყვის შემდეგ ხელგაბანილი პილატე აივანზე გამოვიდა სასახლიდან, ტახტზე დაჯდა და ხალხს იესოს ჯვარცმის განაჩენი გააცნო… პ.ს ასეთია პარასკევის დილა როგორც ყოველთვის…”.

ავტორი ნინა მარღანია, პრაიმტაიმი