თემო რცხილაძე: ,,ჯერ მზად არ ვარ, სახლში კიტის ნაცვლად სხვა გოგო მოვიყვანო”

თემო რცხილაძე: ,,ჯერ მზად არ ვარ, სახლში კიტის ნაცვლად სხვა გოგო მოვიყვანო"მომღერალ თემო რცხილაძეს 16 წლის წინ, როცა საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა, სახლში ულამაზესი, ქათქათა ფისო დახვდა, რომელმაც თავიდან უცნობ მამაკაცს ყურადღებაც არ მიაქცია. შემდეგ კი ფუმფულა კიტი ისე დაუმეგობრდა და შეაყვარა თავი, რომ თემოს დღეს მის გარეშე ძალიან უჭირს.

საქმე ისაა, რომ კიტი წელს მოკვდა და რცხილაძეების ოჯახს ძალიან დასწყვიტა გული. ,,სარკესთან” თემომ კატა კიტისთან ერთად გატარებული წლები გაიხსენა და არც რჩევები დაიშურა მათთვის, ვისაც კატები უყვარს.

– თემო, რა ჯიშის იყო თქვენი კატა და რამდენი ხანი ცხოვრობდა თქვენთან?

– ნაჯვარი იყო, ძალიან ლამაზი გოგო, 16 წელი ცხოვრობდა ჩვენთან ერთად. წელს მოკვდა. ძალიან გვიყვარდა და მასაც ვუყვარდით.

თემო რცხილაძე: ,,ჯერ მზად არ ვარ, სახლში კიტის ნაცვლად სხვა გოგო მოვიყვანო"– სახელი როგორ შეურჩიეთ?

– გურულებმა რომ იციან, ძაღლს რა ჰქვია და ძაღლიო, დაახლოებით ასე მოვიქეცით, კიტი დავარქვით, ანუ ინგლისურად სფე.

– 16 წელი კატისთვის სერიოზული ასაკია. სიბერით მოკვდა თუ რამით ავადმყოფობდა?

– სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ მერე ისევ განუვითარდა.

– კიტის შეძენა როგორ გადაწყვიტეთ?

– ჩემი და ჩემი ქალიშვილის საერთო გადაწყვეტილება იყო. მე იმ პერიოდში საზღვარგარეთ ვიყავი და, რომ ჩამოვედი, ექვსი თვის გოგო დამხვდა – ჩვენი ქალბატონი კიტი. თავიდან მისთვის უცხო ვიყავი და საერთოდ არ მეკარებოდა.

ერთხელ ძალიან დაღლილი მივედი სახლში, ფეხები მტკიოდა და ტახტზე წამოვწექი. მაშინ მობრძანდა პირველად, ამომახტა, ჩემს ფეხებზე გაწვა, გამიხურა და ამით მიმახვედრა, გიშველი, დაგეხმარები, ვიმეგობროთო.

– იმდენი წელი გაატარა თქვენთან, ალბათ ოჯახის სრულფასოვან წევრად თვლიდით.

– დიახ, ასეა და, შეიძლება ითქვას, ყველა თავის ჭკუაზე დავყავდით.

– ამბობენ, კატები არაჩვეულებრივად ამშვიდებენ ნერვებს და სტრესის მოხსნაც შეუძლიათო. თქვენც შეგიძლიათ იგივე თქვათ?

– ნამდვილად ასეა. სტრესის მოსახსნელად გენიალური ცხოველია. ახლა კიტი სახლში რომ აღარ მყავს, მართლა ძალიან მაკლია.

– შეგიძლიათ, რჩევა მისცეთ მათ, ვისაც სახლში კატის მიყვანა სურს?

– კატა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოლიონ, რადგან ენერგეტიკულად ძალიან კარგია. ფისოები სახლში ენერგეტიკულად დაბინძურებულ ადგილს ირჩევენ და ფილტრავენ უარყოფითი ენერგიისგან.

საერთოდ ცხოველების დიდი მოყვარული ვარ. არ მიყვარს მონადირეები და ის ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ცუდად ექცევიან. ეს ჩემთვის მიუღებელია.

– ძაღლები, მით უფრო გაწვრთნილები, პატრონის ბრძანებებს ემორჩილებიან, კატებთან ასეთი რამ გამორიცხულია. რამდენიც უნდა ეხვეწო, თუ არ უნდა, არ გააკეთებს. რა უნდა ვიცოდეთ, როცა სახლში კატა გვყავს?

– უნდა ეცადო, რომ არ აწყენინო და გააბრაზო და კატაც თქვენს კარგ აურასა და სიმშვიდეზე იფიქრებს. დამიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში თავის საქმეს ძალიან კარგად გააკეთებს, მაგრამ თუ “ჭიდაობა” დაუწყე, მაშინ სიურპრიზებს ელოდე.

– ე.ი. სამაგიეროს გადახდა იციან?

– დიახ, იციან. არ უნდა შეხვიდე კონფლიქტში, თუ ეტყვი, მოდი ჩემთანო და არ მოვიდა, უნდა შეეშვა. კატა ძაღლი არ არის, რომ ის გააკეთებინო, რაც შენ გინდა.

– თემო, კიტის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის მიუხედავად, თუ აპირებთ, ახლო მომავალში კიდევ იყოლიოთ ცხოველი?

– ჩემი კიტის ექიმიც მირჩევს, რომ ახალი ცხოველი მივიყვანო სახლში. სიმართლე გითხრათ, ეზოში მყავს ბევრი ფისო და ძაღლი, რომლებიც მელოდებიან, რომ ვაჭამო, ასე ვთქვათ, ვმეგობრობთ, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ, სახლში კიტის ნაცვლად სხვა მოვიყვანო.

შორენა აროშიძე, სარკე