ქობულია: ,,რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? რეზიდენციას შესანიშნავი დანიშნულება აქვს”

ქობულია: ,,რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? რეზიდენციას შესანიშნავი დანიშნულება აქვს"ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლისა და ავლაბრის რეზიდენციის, რომელსაც უკვე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდება, ერთად შენახვა ორმაგი ხარჯი არ არის. ,,რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი, მგონი, რეზიდენციას შესანიშნავი დანიშნულება აქვს”, – ამბობს მინისტრი.

,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ სასახლე ამ ფორმით უნდა ფუნქციონირებდეს, ქობულია პასუხობს:

,,ნუ, ალბათ თუ ეს არის საერთო გადაწყვეტილება, მე ამას დავეთანხმებოდი”.

ავლაბრის რეზიდენცია დაპირისპირების საკითხი ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გახდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა სასახლის დატოვებაზე და სხვაგან გადასვლაზე, რაც მმართველმა პარტიამ გააპროტესტა. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს განაცხადა, რომ ის ავლაბრის რეზიდენციაში არ გადავიდოდა, რადგან იქაური ჰავა და აურა არ უხდებოდა. რეზიდენციას ის ფსევდო რაიხსტაგს უწოდებდა.

არჩევის შემდეგ ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შევიდა. რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი ოფიციალურ ვიზიტებს ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი შეთანხმებული არიან, რომ რეზიდენციის ძირითად ნაწილს მაღალი რანგის მიღებებისთვისა და სახელმწიფო ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, მისი განმარტებით, ამაზე საპარლამენტო ჯგუფი მუშაობს.

ონ.ჯი