“ყველას თვალწინ გამატიტვლეს, იატაკზე თმით მათრიეს” – ჯალათი ფსიქიატრების ყველაზე ცნობილი “პაციენტი”

"ყველას თვალწინ გამატიტვლეს, იატაკზე თმით მათრიეს" - ჯალათი ფსიქიატრების ყველაზე ცნობილი "პაციენტი"1982 წელი. თბილისი. ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები საწოლებში ტრიალებენ, ზოგი ნახევრად ღიად დარჩენილი თვალებით უმზერს სამყაროს, მათ წინ მოჩვენებები ფერმკრთალდებიან, სხვებს დიდი ხანია სახეზე შერჩენილი ღიმილით სძინავთ.

პალატა N6-ში მხოლოდ ერთი პაციენტი გმინავს. ქალი ახალგაზრდაა, მაგრამ სახე უკვე დაღარული აქვს, თმაში ჭაღარა შეჰპარვია. ის საღამურის ქვეშ მიმალულ ფურცლის ნახევს პოულობს. პატარა, წერისგან გალეული ფანქარი კედლის ღრიჭოში აქვს შენახული.

“წერის დროა”, – ფიქრობს და ხელის კანკალით ფურცელზე ასოები გამოჰყავს.

“შიმშილობის 50-ე დღე… მეტი აღარ შემიძლია, ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ, სიკვდილს ვნატრობ. ძალები არ გამომლევია, უბრალოდ რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია…”, – წერს პაციენტი და ფანჯრის გისოსებში გამოჩენილი მთვარისკენ გადააქვს მზერა.

ის ფსიქიატრიული კლინიკის ყველაზე ცნობილი “ავადმყოფია”. მისი სახელი წითელ ელიტას ყელში აქვს გაჩხერილი, ამიტომ უნდა, რომ გაანადგუროს. ის ქალი ნაზი შამანაურია.

მარტოსული

1940 წლის 5 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში გოგონა დაიბადა. ბავშვობის პირველი წლები ნაზი შამანაურმა მამის სახლში გაატარა. 4 წლის შემდეგ კი დედასთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში გადავიდა.

გულჩათხრობილი ბავშვი იყო. კლასელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა. არც მეგობრები ჰყავდა, არც სათამაშოდ გადიოდა ეზოში. მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა წიგნებში ქექვა იყო და შედეგიც სათანადო ჰქონდა. სკოლა წარმატებით დაამთავრა და პირველივე წელს უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა.

დუშეთში გატარებული ერთფეროვანი დღეების შემდეგ მის ცხოვრებაში თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ აღტაცება დიდხანს არ გაჰყოლია. ისევ წიგნებს დაუბრუნდა, მუშაობდა საკუთარ თავზე და ენატრებოდა დუშეთი, დედა… ბავშვობიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უხილავი ძაფებით იყო მიბმული დედასთან, სარა ინაშვილთან. ეს ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე დედაშვილური სიყვარული.

თანაკლასელებს ნაზი მუდმივად დედის კალთას მიკრული ახსოვთ. მოგვიანებით დედა დაჰყვებოდა რედაქციიდან რედაქციაში, რომ როგორმე მის მასალებს დღის სინათლე ეხილა. ეს ქალი იყო ნაზის სასოწარკვეთის, იმედგაცრუების მთავარი მოწმე და მისი ნააზრევის ყველაზე ერთგული მკითხველი.

ბრძოლის დასაწყისი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნაზი შამანაური ისევ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და პირმიზაანთკარის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. მოზარდებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო საკმარისი და სწავლის გასაგრძელებლად ისევ თბილისში დაბრუნდა, ამჯერად ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გულჩათხრობილი, თავდახრილი გოგონა, რომელიც მუდამ ვარდისფერი ქვედატანით და უკან შეკრული თმით დადიოდა, ცკ-ის თავსატეხი გახდებოდა და მისი თავგანწირვა უმაღლესი ჩინის მქონე ადამიანების რბილ სავარძლებს შეაზანზარებდა.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნაზი შამანაურმა სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მისი ადგილი არც იქ აღმოჩნდა. ერთწლიანი მუშაობის მერე გაათავისუფლეს.

ახალი სამსახური “კომუნიზმის გზის” რედაქციაში უნდა დაეწყო, მაგრამ ნაზიმ სხვა გზა აირჩია და იმ დროისთვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, – ყველა სიმახინჯე და უკანონობა, რაც მის თვალწინ ხდებოდა, გამოეკვლია და მკითხველამდე მიეტანა. მას ალბათ უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეს იყო გზა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდა.

“სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით დამიმსხვრიეს”

საბჭოთა მანქანა ნაზი შამანაურის წინააღმდეგაც ამოქმედდა. მის მიმართ ნაცადი მეთოდი გამოიყენეს, დედასთან ერთად ფსიქიატრიულში გამოკეტეს და დიაგნოზიც დაუსვევს – “შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა”.

“სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამქვეყანაზე. იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია…”, – წერდა წამებით დაღლილი ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ კლინიკაში.

რა იყო მანამდე, რამ განარისხა ასე პარტიული ნომენკლატურა, რატომ შეეშინდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ერთი მარტოსული ახალგაზრდა ქალის?

ფურცლებად აკინძული ტკივილი

ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის ხეობებს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრებოდა. ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ყველა საბჭოთა მოქალაქე ბედნიერი იყო. რეალურად კი მთის მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება.

პრობლემების გამო, დროთა განმავლობაში, სოფლების მცხოვრებნი იძულებულები ხდებოდნენ, მამაპაპისეული ფუძე მიეტოვებინათ და ქალაქისკენ აეღოთ გეზი. ეს სოფლების დაცარიელებას ნიშნავდა, რაც თავის ქვეყანაზე შეყვარებული შამანაურისთვის სისხლხორცეულად მტკივნეული საკითხი იყო.

ნაზი შამანაურმა ყველა პრობლემა შეისწავლა, საბუთები შეკრა და ფოტომასალაც დაურთო. საქმე 200 გვერდამდე შეივსო და აიკინძა. ახლა მთავარი იყო, მის ნამუშევარს ადრესატამდე მიეღწია, მაგრამ მისთვის ყველა რედაქციის კარი დაკეტილი აღმოჩნდა.

ნაზიმ ერთხელ თვითნებურად სცადა დუშეთის რაიკომის ყრილობაზე მოხვედრა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. გაარღვია მილიციის კორდონი, კარში შესვლა მოასწრო და რამდენიმე რეპლიკაც ისროლა, მაგრამ დაცვა ფეხდაფეხ მიჰყვა და პირზე ხელაფარებული გარეთ გაათრიეს.

მოგვიანებით, ბიუროს სხდომაზე, წითელ ელიტას მისი ანგარიშის მოსმენა მაინც მოუწია. დაჰპირდნენ კიდეც, გავეცნობით საქმეს და სათანადო რეაგირებას მოვახდენთო, მაგრამ ერთადერთი, რაზეც მისი მოხსენების შემდეგ დაფიქრდნენ, ის იყო, თუ როგორ მოეშორებინათ თავიდან აბეზარი ჟურნალისტი.

ნაზი შამანაური კომუნისტური პარტიისგან ბოლომდე გამიჯვნას მოერიდა. მას სჯეროდა, რომ ყველაფერი მანკიერი კონკრეტული ადამიანების დანაშაული იყო, პარტიას კი ასეთი ადამიანები ჩირქს სცხებდნენ. თუმცა ჟურნალისტი არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე თანხმდებოდა.

მისი შეუპოვრობით მაშინდელი ეროვნული მოძრაობის წევრებიც დაინტერესდნენ და უკვე საკმაოდ მოძლიერებულმა დისიდენტურმა მოძრაობამ ბრძოლაში ერთად ჩაბმა შესთავაზა, მაგრამ შამანაური მათაც გაემიჯნა და დარჩა სრულიად მარტო, კარჩაკეტილი, დედის გარემოცვაში.

ამ ეტაპს უკავშირდება მისი პირველი შფოთვებიც მკვლელობასთან დაკავშირებით. ნაზი შამანაური სახლიდან ყოველთვის დედის თანხლებით გამოდიოდა, მანქანების დანახვაზე შიში იპყრობდა, რომ მძღოლი გზიდან გადაუხვევდა და მის მოკვლას შეეცდებოდა. ეჭვობდა, რომ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც გაილაშქრა, მისი და მისი დედის მოწამვლას გეგმავდნენ. ამის გამო იყო, რომ მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებულ კერძებს ჭამდა, სტუმრის მიტანილ ტკბილეულობასაც არ ეკარებოდა.

თუმცა საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი ქალი სიკვდილის შიშმაც ვერ შეაჩერა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ძალას მოიკრებდა ხოლმე და ისევ მორიგი იერიშისთვის ემზადებოდა.

სადამსჯელო ოპერაცია

ბოლო საჯარო შეტაკება ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ დღესასწაულზე მოხდა. 1982 წლის აგვისტოში ვაჟაობას ზეიმობდნენ. ნაზი ჩარგალში დედასთან ერთად ჩავიდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, სიტყვა ითხოვა და უარი უთხრეს. მუდამ მშვიდი, გაწონასწორებული ქალი ასეთ დროს ნამდვილ მებრძოლად გადაიქცეოდა ხოლმე და ისეთი შემართებით მიიწევდა წინ, მამაკაცებსაც უჭირდათ მისი შეჩერება.

იმ დღეს შამანაურმა, კიდევ ერთხელ გაარღვია მილიციის კორდონი და ტრიბუნამდე მიაღწია.

– ხალხო, გატყუებენ! ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას. სინამდვილეში კოლმეურნეები დაიმონეს. სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით ხალხს მეწველი ძროხები წაართვეს. რას ზეიმობთ? ვაჟა რომ წამოახედა, სირცხვილით დაიწვებოდა! – ასე მიმართა ხალხს და ეს იყო მისი უკანასკნელი საჯარო გამოსვლა.

დედა-შვილს თავზე ქსოვილის ნაჭრები შემოახვიეს და მილიციის მანქანაში ჩასვეს.

იქ შეკრებილი საზოგადოება მშვიდად უცქერდა იმ უსამართლობას, რაც მის თვალწინ ხდებოდა და მათ შორის ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ორი უმწეო ქალის დასაცავად ხმას აიმაღლებდა.

დედა-შვილი იმ დღეს მილიციის მანქანით სიკვდილთან შესახვედრად წაიყვანეს.

წამებით აღსასრული

“მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისგან არ გვეძინა. მეთოთხმეტე დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში, მე პირველში დამტოვეს”, – ეს არის ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან, რომელსაც პაციენტი ფურცლის ნახევებზე წერდა და შემდეგ ერთმანეთზე ძაფით აბამდა.

რა ბედი ეწია ქართველ ჟურნალისტს თბილისის ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სწორედ ამ დღიურის მეშვეობით გახდა ცნობილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ბევრი საარქივო მასალა გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლებას ფსიქიატრიულ კლინიკებში ჰყავდა ჯალათი ექიმები. ისინი ცემა-ტყეპით ან სხვადასხვა ინექციებით უსწორდებოდნენ  იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებლები იყვნენ. ანტისაბჭოთა ელემენტები ხშირად ან კლინიკაში ამთავრებდნენ სიცოცხლეს, ან იქიდან შერყეული ფსიქიკით გამოდიოდნენ.

ჯალათი ექიმების მსხვერპლი იყო ნაზი შამანაურიც. მას განსაკუთრებული “მზრუნველობით” ეპყრობოდნენ და დანაშაულის კვალსაც საგულდაგულოდ შლიდნენ. ამიტომაცაა, რომ იმ ჯოჯოხეთისთვის, რაც ჟურნალისტს დაატეხეს თავს, პასუხი არავის უგია.

“გამატიტვლეს ყველას თვალწინ, იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს. მუცელში წიხლებით მცემდნენ. ცხვირზე მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო… ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა. ლუკმას რომ ვერ ვყლაპავდი, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს მიგრეხდნენ. ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ. იოგები… საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა. პირსახოცი სულ სისხლიანი იყო… პირველი განყოფილების დიასახლისი ვალიდა მიყვიროდა: “ხომ დაგასისხლიანე, ჯერ სად ხარ”.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ნაზი შამანაური 1983 წლის იანვარში საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა. ის უგონო მდგომარეობაში თბილისის მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სხვა ვერსიის თანახმად, ნაზი შამანაური მოწამლეს, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

მანამდე კი იყო მოლაპარაკებების მცდელობა, შამანაურს ჰპირდებოდნენ, რომ ფსიქიატრიულიდან გაათავისუფლებდნენ, თუ ძველ საქმიანობას აღარ დაუბრუნდებოდა, მაგრამ ჟურნალისტისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ფასეულობებიც არსებობდა.

“მაიძულებენ, მტვრის გადასაწმენდ ჩვრად ვიქცე, დავდო პირობა, რომ ამის შემდეგ აღარ ვიჩივლებ. მე ვუჩივი მხოლოდ უსამართლობას. ვერ ვუღალატებ უნივერსიტეტს, სამშობლოს, ხალხს – არც ერთ შემთხვევაში. მაღალი იდეალების ერთგული დავრჩები ყოველთვის. ჩემს გვარსა და სისხლს არასდროს ვუღალატებ. თუ ამქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობები, ეს არის ხალხისა და სამშობლოს სიყვარული”, – წერს ნაზი შამანაური დღიურში.

ნაზი შამანაურის დაკრძალვას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ისინიც თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები იყვნენ.

ეროვნული მოძრაობის წევრთა დაჟინებული მოთხოვნით, სარა ინაშვილი ფსიქიატრიულიდან გაწერეს და, საბედნიეროდ, ის შვილის გმირად შერაცხვის პერიოდსაც მოესწრო.

ალბათ ისტორიაში არც ისე მრავლად მოიძებნება მაგალითები, როცა დედა-შვილმა ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა სიმართლისთვის წამებულთა გზა.

ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ განისვენებენ დუშეთის სასაფლაოზე.

 ხათუნა მაღრაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019