ქერემ ბურსინი: “მინდა, სერენაი სარაკაისთან რომანი სამუდამოდ გაგრძელდეს”

ქერემ ბურსინი: "მინდა, სერენაი სარაკაისთან რომანი სამუდამოდ გაგრძელდეს"მსახიობ ქერემ ბურსინის სახელი დღეს თურქეთში ყველას პირზე აკერია. სიმპათიური ქერემი მუდამ პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, როგორც თავისი როლებით, ისე თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან რომანის გამო. ამ მშვენიერ წყვილს მუდამ პაპარაცების არმია დასდევს უკან. საქართველოში ქერემს სერიალ “ნამსხვრევებით” იცნობენ და არც ჩვენთან აკლია თაყვანისმცემლები.

ქერემ ბურსინი 1987 წლის 4 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბულში დაიბადა. 1999 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში, ტექსასის შტატში გადავიდა. ის აღმოაჩინა ოსკაროსანმა პროდიუსერმა როჯერ კორმანმა, რომელმაც ქერემი ფილმში “დაწყევლილი სასახლე” ადამის როლზე მიიწვია, შემდეგ კი სურათში “ზვიგენი-რვაფეხა” – ენდი ფლინის როლზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ქერემი ლოს ანჯელესში გადაბარგდა, სადაც სამსახიობო ხელოვნების შესწავლა დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ თურქეთში გაემგზავრა და 2014-2017 წლებში გამოჩნდა სერიალებში “ნამსხვრევები”, “ქალაქის გული”, “უსულონი” და “დიდებული დუეტი”.

პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ ქერემს რომანი აქვს ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან. ეს ურთიერთობა დიდ ყურადღებას იპყრობს თურქეთში. მათი სიყვარულის ისტორია ბრენდ “მავის” სარეკლამო გადაღებებზე დაიწყო. მართალია, მსახიობები უარყოფდნენ ინფორმაციას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მაგრამ პაპარაცებმა წყვილის რომანტიკული მომენტი მობილურის კამერით დააფიქსირეს, როცა ისინი ყავახანაში ისხდნენ და ერთმანეთს ბედნიერი თვალებით უყურებდნენ.

სხვათა შორის, სერენაი სარიკაიმ და ქერემ ბურსინმა წლის ქალისა და წლის მამაკაცის ტიტული დაიმსახურეს “ჯი ქიუს” დაჯილდოების ცერემონიალზე.

ბოლოს წყვილმაც დაადასტურა, რომ ერთმანეთს ხვდებიან. სერენაის და ქერემს შეთავაზებები გაუორმაგდათ მას შემდეგ, რაც რომანი აღიარეს. ახლახან ორივე დათანხმდა ახალ სასიყვარულო სერიალში მონაწილეობას და ახლა თურქული კინემატოგრაფია ახალ შედევრს ელოდება.

გთავაზობთ ბოლოდროინდელ ინტერვიუს ქერემ ბურსინთან, რომელიც თურქულ პრესაში გამოქვეყნდა.

– პრესასა და სოციალურ მედიაში საკუთარ თავზე ინფორმაციას თვალს ადევნებთ?

– ჩემს ხასიათზე რა კომენტარს აკეთებენ, ამით დავინტერესდები, მაგრამ სოციალურ მედიაზე ზედმეტად დამოკიდებული არ ვარ. თუ შეტყობინება მომივიდა, შევალ და ვნახავ, მაგრამ სხვებივით 24 საათი ტელეფონს არ ჩავცქერი, რომ გავიგო, რას წერენ სოციალურ მედიაში.

– რატომ გადმოხვედით საცხოვრებლად თურქეთში?

– ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიუ იორკში მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა. ის ძმასავით იყო ჩემთვის. წარმოუდგენელ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ამ მტკივნეული შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება შემეცვალა. თურქეთი ისედაც გონებაში მქონდა. როცა ამერიკაში მეკითხებოდნენ – “ქერემ, თურქი ხარ? რა გააკეთე აქამდე თურქეთში?”, პასუხი არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა.

– თქვენი მონაწილეობით სერიალებიდან რომელი გაქვთ ნანახი?

– სერიალებიდან მხოლოდ პირველი სერიები, რადგან იძულებული ხარ, ნახო, რა გამოგივიდა. თეატრში ასე არ არის, თამაშობ, მაგრამ ვერასოდეს უყურებ საკუთარ თავს.

– რას გვეტყვით სერენაი სარაკაისთან რომანის შესახებ?

– მასთან თავს საუკეთესოდ ვგრძნობ, ჩვენ რამდენიმე პროექტში ერთადაც კი ვთამაშობთ. არ მინდა, ამ რომანზე ბევრი ვილაპარაკო, მინდა, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს!

– ანუ დაქორწინებას გეგმავთ?

– რატომ გიყვართ ჟურნალისტებს მოვლენების დაჩქარება? გვაცადეთ, დავტკბეთ ერთმანეთთან ურთიერთობით. ამ ეტაპზე არანაირი აუცილებლობა არაა, ვიფიქროთ ქორწინებაზე. ახლა ცხოვრების თითოეული წუთით ვტკბებით. დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები.

– თქვენ ახალ მარლონ ბრანდოსაც გეძახიან. ამაზე რას იტყვით?

– დიახ, ბევრი მეუბნება, რომ ბრანდოს ვგავარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი სტილი ჩემი არაა. თუ კლასიკაზე ვილაპარაკებთ, ჩემი კერპი პოლ ნიუმენი და მისი უბრალო, ელეგანტური, გემოვნებიანი სტილია.

– თქვენმა თაყვანისმცემლებმა მთელი კოლექცია შექმნეს, სახელწოდებით “ბურსინის სტილი”. გოგონებიც კი თქვენნაირ მაისურებს ატარებენ. თავად როგორ დაახასიათებდით მას?

– ეს გასული საუკუნის 50-იანი წლების კლასიკაა – ლურჯი ჯინსი, მაისური, ზემოდან კი პერანგი.

– გასაოცარია – სტილის შემქმნელად გთვლიან, თქვენ კი საყიდლებზე სიარული არ გიყვართ.

– რისთვის ვიარო საყიდლებზე? ჩემი გარდერობი არასოდეს გადადის მოდიდან, რადგან კლასიკაა.

– როგორი ქალები იპყრობენ თქვენს ყურადღებას?

– არ მიყვარს, როცა ქალი თავისი გარეგნობით გეუბნება: “მომაქციე ყურადღება!”. მშვიდი და დახვეწილი ქალები მომწონს. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ხანდახან ლუბუტენიც უნდა ეცვას და წითელი ტუჩსაცხიც ესვას, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომწონს ქალი, რომელიც არ ცდილობს, კანიდან ამოძვრეს და ბრწყინავდეს. რაც უფრო ბუნებრივია, მით სექსუალური და მიმზიდველია, – აი, ჩემი შეხედულება ქალზე.

 მოამზადა თათია ბოჭორიძემ, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019