ნუცა ქავთარაძე: “აჩიკოსთან ყოველ შეხვედრას პაემანივით ველი – პირველად სიტყვა “მიყვარხარ” მესიჯით მომწერა”

ნუცა ქავთარაძე: "აჩიკოსთან ყოველ შეხვედრას პაემანივით ველი - პირველად სიტყვა "მიყვარხარ" მესიჯით მომწერა"ნუცა ქავთარაძეს “მოლაპარაკე ყუთში” – ტელევიზორში გამოჩენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავდა პროფესია, სახელად ჟურნალისტიკა. ახლა ის ცნობილი ტელესახეა, ტელეკომპანია “იმედში” დილის გადაცემა მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან მცირე დროს უტოვებს საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ, პროფესიული არჩევანი მაინც არასოდეს უნანია.

ამავე სფეროში იპოვა მეორე ნახევარიც – მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი, რომელთანაც უკვე 7 წლიანი ქორწინება აკავშირებს.

– ნუცა, ტელევიზიის გარდა, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?

– რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

– როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა?

– სულ ვამბობ, რომ ჩემი ჟურნალისტური კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამ პროფესიაზე თითქმის არაფერი ვიცოდი. ეს იყო დაახლოებით 5-6 წლის ასაკში, როდესაც პირველად გადავწყვიტე, რომ ტელევიზორში გამოჩენა და სხვადასხვა საინტერესო ამბების მოყოლა მსურდა.

– ახლა, როცა უკვე გამოცდილება შეიძინეთ ამ საქმეში, რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია ჟურნალისტი?

– მუდმივ გამოწვევებს, ურთიერთობას სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან და ყოველწამიერად ბეწვის ხიდზე გავლას, რადგან არასდროს უნდა გადააბიჯო საკუთარ პოზიციას და ამასთან – ყოველთვის უნდა სცე პატივი სხვის შეხედულებებს. მაყურებელი სიყალბეს არ გპატიობს.

თუ ეს პროფესია გიყვარს, სირთულეებსაც გაუმკლავდები, მით უმეტეს, როცა მაყურებლისგან ამხელა სითბოს გრძნობ.

– იმ წამყვანებს შორის ხართ, რომლებიც სილამაზით გამოირჩევიან. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ვანდომებ. ისე ვუვლი თავს, როგორც ყველა. ერთადერთი, რაც მინდა, რომ მოვიწესრიგო, ძილის რეჟიმია. უძილობა ყველაფერზე ძალიან ცუდად აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ.

– ეკრანზე ყოველთვის კლასიკურად გაცვიათ. როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას ტელევიზიის მიღმა?

– გააჩნია სიტუაციას. ძალიან მიყვარს კლასიკური სამოსი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რაღაცით მრავალფეროვანი გავხადო და მოსაწყენი არ იყოს. დასვენების დღეებში (თუკი ასეთი მაქვს) უფრო ხშირად სპორტული სამოსით მნახავთ. ჩაცმის მხრივ შეზღუდვები ნაკლებად მაქვს, ვიცვამ ყველაფერს, რაც მომწონს და მგონია, რომ მეტნაკლებად მიხდება.

– თქვენი ქმარი პოპულარული მსახიობია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ტრიალებს მის გარშემო. სანამ ცოლად გაჰყვებოდით, გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლებოდა ასეთი პოპულარული ადამიანის გვერდით ცხოვრება გაგჭირვებოდათ?

– როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, წარმოუდგენელია ასეთ რაღაცებზე ფიქრი და ნერვიულობა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ასე უყვართ და აფასებენ. ამის გამო შეიძლება მხოლოდ იამაყო. ჩემი აზრით, ეჭვიანობა ურთიერთობას ანგრევს. ადამიანებს უნდა შეგვეძლოს სიყვარულის დაფასება. ჩვენ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ.

– როგორ გახსენდებათ ის დღე, როცა პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში აჩიკო?

– ბევრი არ უწვალია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაბედნიერებდა. პირველად სიტყვა “მიყვარხარ” მესიჯით მომწერა.

– როგორ გახსენდებათ 7 წლის წინ თქვენი ოჯახური ცხოვრების დაწყება და რა შეიცვალა ურთიერთობაში ამ ხნის განმავლობაში?

– ბევრი არაფერი შეცვლილა. ქორწინებიდან 7 წლისთავზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ ერთმანეთის დაფასება.

აჩიკო ძალიან ყურადღებიანი ქმარია. მისთვის არ არსებობს ჩვეულებრივი დღეები, უყვარს ადამიანების გახარება. მუდმივად ცდილობს, მასიამოვნოს და ყოველთვის ზუსტად იცის, რა მჭირდება.

– ყოველთვის წუხდით იმაზე, რომ ერთმანეთს ბევრ დროს ვერ უთმობდით. მოაგვარეთ ეს საკითხი?

– სამწუხაროდ, ისევ ძალიან მცირე დროს ვატარებთ ერთად, მაგრამ ამასაც ახლავს დადებითი მხარეები. კარგია, როდესაც ყოველ შეხვედრას პაემანივით ელი.

– როდის იღებთ ქმრისგან ყველაზე მეტ კომპლიმენტს?

– ყოველთვის, როცა ვიმსახურებ. აჩიკო არასდროს კარგავს ობიექტურობას, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მისი კომპლიმენტი ძალიან სწორი და გულწრფელია.

– თქვენ მიერ მომზადებული კერძებიც იმსახურებს ქმრისგან კომპლიმენტებს?

– ამბობენ, რომ გემრიელ კერძებს ვამზადებ, მაგრამ იშვიათად ვაკეთებ. ვცდილობ, დრო, რომელიც მრჩება, საყვარელ ადამიანებს დავუთმო.

 ირმა ჭკუასელი, სარკე