ნინო იოსელიანი: “ხიზილალის და ტალახის ნიღბები ძალიან მომწონს”

ნინო იოსელიანი: "ხიზილალის და ტალახის ნიღბები ძალიან მომწონს"პოპულარული და მოდური ახალგაზრდა ქალი, ნინო იოსელიანი, სილამაზის მთავარ საიდუმლოდ შინაგან სილამაზეს, კარგ განწყობას მიიჩნევს. დადებითი ემოციებით კი ორი რამ “ამარაგებს” – ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიზანი, რომ სულ წინ იაროს და საქმეში რეალიზებული იყოს.

ნინო რამდენიმე წელი ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობდა ქმარ-შვილით. ქმართან, გიორგი ქისტაურთან, გაყრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მოდის ინდუსტრიაში პროექტების განხორციელება დაიწყო. მისი დილა ძალიან ადრე იწყება, რომ თავის მოწესრიგებაც მოასწროს და საქმეების მოსაგვარებლადაც დიდი დრო დარჩეს.

ცხოვრების წესსა და ახლო თუ შორეულ მიზნებზე ნინო იოსელიანი “სარკესთან” საუბრობს.

– ნინო, როგორ ახერხებთ, რომ მუდამ ეფექტურად გამოიყურებოდეთ?

– ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი. რომ დავაკონკრეტოთ, ამაში იგულისხმება ყოველდღიური ვარჯიში, ჯანსაღად კვება და დროულად დაძინება საღამოს 11 საათზე, მაქსიმუმი, 12-ზე. თუ ძილი დამაკლდა, ჩემზე აუცილებლად ცუდად აისახება. ყველაფერი შემიძლია ავიტანო, ბევრი სამუშაო და ა.შ., მაგრამ უძილობა ჩემთვის ძალიან ცუდია. მეორე დღეს ისეთი ენერგიული არ ვარ, როგორიც ჩვეულებრივ დღეებში.

ბავშვობიდან მივეჩვიე, რომ ფორმაში უნდა ვიყო. თან ჩემი საქმიანობის სფერო ისეთია, ბევრ ადამიანთან მიწევს კონტაქტი და ამიტომაც, როცა ასეთ სივრცეში ვარ, ყოველთვის უნდა ვიყო ფორმაში.

დილით ძალიან ადრე, 7 საათზე ვდგები და 9 საათზე სავარჯიშოდ მივდივარ დარბაზში. ჩემი მწვრთნელი მყავს.

– დიდი დრო გჭირდებათ მოსამზადებლად, სანამ სახლიდან გახვალთ?

– არა, რადგან დილით სპორტულ ფორმას ვიცვამ, მივდივარ და შემდეგ იქ ვწესრიგდები. როცა რაღაც შეხვედრა, ღონისძიება ან გადაღება მაქვს, ვიკეთებ მაკიაჟს და ა.შ. ამ დროს 20 წუთით ან ნახევარი საათით მეტი მჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს.

– ხშირად დადიხართ წვეულებებზე?

– ჩემი საქმიანობის გამო ხშირად მიწევს წვეულებებზე სიარული საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. მეც ბევრ ღონისძიებას ვაკეთებ. წვეულებები მიყვარს.

– ასეთი საღამოებისთვის როგორ სამოსს ირჩევთ?

– რა თქმა უნდა, თუ სერიოზული ღონისძიებაა, წინასწარ უნდა მოემზადო, რომ კარგად გამოიყურებოდე და დააკმაყოფილო მოთხოვნები, რადგან ხშირად თვითონ გეუბნებიან, როგორ უნდა ჩაიცვა – ჩვეულებრივი კაბა თუ კოქტეილის. წვეულებებისთვის თმასაც თვითონ ვიკეთებ და მაკიაჟსაც.

– ერთი და იმავე კაბით წასულხართ სხვადასხვა წვეულებაზე?

– კი, როცა სხვადასხვა სტილის წვეულებაზე მივდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ადამიანებთან, რა თქმა უნდა, ერთი და იმავე კაბას ვიყენებ.

– უკვე გამზადებული სამოსის ყიდვა გირჩევნიათ თუ თქვენი გემოვნებით იკერავთ?

– თუ უკვე არის ისეთი სტილის კაბა, როგორიც მე მინდა, ვყიდულობ, თუ არ არის, სპეციალურად ვიკერავ. ძალიან მიყვარს ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი.

– მათგან რომელს გამოარჩევდით?

– ხშირად მაცვია ავთანდილ ცქვიტინიძის, თამუნა ინგოროყვას, დავით გეორგოვის ტანსაცმელი.

– მაშინ აქვე გკითხავთ, როგორ ვითარდება საქართველოში მოდის ინდუსტრია.

– კარგი ტემპით ვითარდება. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალაქია რეგიონში, ბევრი საინტერესო დიზაინერი გვყავს. ქართული მოდის ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდება და საინტერესო გახდება.

– გემოვნებიან ქალაქში ალბათ ჩაცმულობაც იგულისხმება. ანუ დღეს საქართველოში ქალები გემოვნებით იცვამენ?

– ყოველ წელს უფრო და უფრო დახვეწილად იცვამენ. ბევრი კარგი რაღაც შემოდის საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად, მთავარია, გქონდეს გემოვნება.

– ვის მიიჩნევთ ყველაზე ლამაზ ქალად?

– ქართველებიდან – მანიკა ასათიანს, ნანკა კალატოზიშვილს, უცხოელებიდან ძალიან მომწონს ადრიანა ლიმა.

– მელირებული თმა გაქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მის მოვლას. თქვენ რა საშუალებებით უნარჩუნებთ მას ხარისხს?

– თმის პროფესიონალური მოვლის საშუალებები მიყვარს. როგორც სახეზე იკეთებენ ტალახის და სხვა ნიღბებს, თმისთვისაც ასევეა საჭირო. შეგიძლია კვირაში ერთხელ დაიდო და გაიჩერო. მიყვარს თმის ზეთები, განსაკუთრებით არგანის ზეთზე დამზადებული პროდუქცია, ასევე – ქოქოსის ზეთი. ისინი თმას ბზინვარებას ანიჭებს.

– სახის კანისთვის რას ხმარობთ, როგორ კოსმეტიკას?

– ნატურალურს, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. უპირატესობას ვანიჭებ გერმანულ ბრენდებს ან ლაბორატორიაში დამზადებულ სახის კრემებს. თითქმის ორ თვეში ერთხელ ვიკეთებ სახის სხვადასხვანაირ ნიღაბს. ერთჯერადი ნიღბებიც მომწონს – ტალახის ნიღაბი, ასევე ხიზილალის, რომელიც კანს ბზინვარებას ანიჭებს და სხვა.

– თქვენი მუდმივად გარუჯული კანი სოლარიუმის შედეგია?

– სოლარიუმი მიყვარს, ადრე უფრო ხშირად დავდიოდი, ახლა – აღარ, რადგან ამის გარეშეც შეგიძლია გაირუჯო. არსებობს სხვადასხვანაირი შესასხურებელი კრემები, რომ სასურველი ფერი მიიღო.

– პლასტიკური ქირურგიისთვის მიგიმართავთ?

– არა, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.

– რა არის ქალური მომხიბვლელობის მთავარი იარაღი?

– ყველაზე მთავარი არის შინაგანი განწყობა. ქალი რაც უნდა ლამაზი იყოს, თუ საკუთარ თავს ვერ იპოვის, არ არის შემდგარი, ეს აუცილებლად აისახება მის ვიზუალზე. ქალი, რომელიც არის განათლებული, საინტერესოდ ცხოვრობს, ყოველთვის მომხიბვლელია.

– თქვენს გარეგნობაზე დადებითად კიდევ რა აისახება?

– ვვარჯიშობ, სპორტული ცხოვრება მომწონს. ასევე – შინაგანად ყოველთვის პოზიტიური ვარ, ყოველთვის დადებითი განწყობით. შინაგანი მდგომარეობა კი ჩემს გარეგნობაზეც აისახება.

– როგორია ცხოვრება 40 წელს მიღწეული ქალისთვის?

– ასაკის მატება არ მაშინებს. ახლა ვარ 40 წლის. ეს არის ასაკი, როდესაც საერთოდ სხვანაირად უყურებ ცხოვრებას, ქალის გაფურჩქვნისა და აღმავლობის პერიოდია. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მე ყველა მომწონს.

– ვინ გიმზერთ სარკიდან?

– ჩემი თავი, ნინო იოსელიანი, რომელიც არის საქმიანი და მუდამ დაკავებული. ყოველთვის მეჩქარება სადღაც, რომ დროულად მივიდე და მთელი დღის გეგმის შესრულება მოვასწრო.

– როდის არის ქალი ყველაზე ბედნიერი?

– როდესაც დაკავებულია საქმით, რომელიც უყვარს და წარმატებულია; როდესაც ჰყავს კარგი შვილები, რომლებიც არ აბრაზებენ, კარგად სწავლობენ. მე ორი შვილი მყავს და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც კარგი შეფასებები მოაქვთ, მათ ქებას ვისმენ. ქალი სრულ ბედნიერებას მაშინ გრძნობს, როცა ოჯახსა და საქმიანობაში ყველაფერი დალაგებული აქვს.

– ქალისთვის კარიერაში წარმატების მიღწევა მსხვერპლად პირად ცხოვრებას მოითხოვს?

– რა თქმა უნდა. ამ დროს უფრო კარგად შეგიძლია კარიერას დიდი დრო და ენერგია დაუთმო და უკეთესად ააწყო. მე თუ მკითხავთ, პირადი ცხოვრება და კარიერა ერთად ძალიან რთულია. ძნელია, წარმატებული იყო კარიერაში და პირადი ცხოვრებაც აწყობილი და დალაგებული გქონდეს. ორივეს ერთად აწყობაც შეიძლება, მაგრამ ბევრად უფრო რთულია. როცა დრო არ გრჩება ოჯახისთვის, მერე იქმნება პრობლემები.

არიან ისეთი ქალები, რომლებსაც გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან, თავდაჯერება აკლიათ და ეშინიათ რაღაც ნაბიჯების გადადგმის. მე ამ კატეგორიის ქალებს არ მივეკუთვნები. ცხოვრების მიმართ ყველას თავისი მიდგომა და ხედვა აქვს.

– ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის?

– ძალიან რთულია, იპოვო შენი ნამდვილი მეორე ნახევარი. ძალიან რთულია იპოვო ის ერთი, მაგრამ თუ იპოვი, ნამდვილად მიხვდები, რადგან ის იქნება ისეთი განსხვავებული გრძნობა და ისეთი ურთიერთობა, რაც, ვთქვათ, არ გქონია და არ განგიცდია.

– როგორ ფიქრობთ, ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობის დანგრევა მესამე პირს შეუძლია?

– მესამე არასოდეს დაანგრევს ურთიერთობას, ორი ადამიანი თუ ნამდვილად შეყვარებულია და ერთად ბედნიერად გრძნობს თავს.

– შეიძლება ადამიანმა ცხოვრება რამდენჯერმე დაიწყოს თავიდან?

– დიახ. ძალიან ბევრი რაღაც იმიტომ ხდება, რომ სხვა ეტაპზე გადახვიდე. ამიტომაც არის ცხოვრება ძალიან საინტერესო, ყოველი დღე – სიურპრიზებით აღსავსე. მთავარია, ეს სიურპრიზები და სიახლეები შეამჩნიო, მიხვდე, რის გამო და რატომ ხდება.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?

– მიხვდე შენს მისიას და მიზანს – რატომ გაჩნდი ამქვეყნად და რა არის შენი გასაკეთებელი საქმე.

– არის რამე, რასაც ნანობთ განვლილი წლებიდან?

– არაფერს ვნანობ. ყველაფერი, კარგიც თუ ცუდიც გადამხდა იმიტომ, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე მოვსულიყავი, სადაც ახლა ვარ. რასაც ვაკეთებ, ეს ეტაპი ამიყვანს ცხოვრების სხვა საფეხურზე და ა.შ. ადამიანი ასე ნელ-ნელა მიდიხარ წინ და ვითარდები.

– ახლა რომელ საფეხურზე ხართ და რის გაკეთებას აპირებთ?

– ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც მოდის ინდუსტრიას უკავშირდება და მინდა, განვახორციელო. ასევე, ვარ ჟურნალ ჰელოუს რედაქტორი და მინდა, კიდევ უფრო გავაფართოვო მედიასივრცის არეალი საქართველოში.

– დაბოლოს, რას ურჩევდით ქალებს, რომ მუდამ ლამაზად გამოიყურებოდნენ?

– ამისთვის უნდა იცხოვრონ ჯანსაღად, ივარჯიშონ, იმოძრაონ, იპოვონ საქმიანობა და მიზანი, რისთვისაც არიან ამქვეყნად. ყველაზე კარგი გრძნობაა, როდესაც იცი შენი მიზანი. ნებისმიერი ქალი იქნება ბედნიერი, თუ ამ ყველაფერს გააცნობიერებს. შინაგანი ბედნიერება კი მათ გარეგნობას გაასხივოსნებს.

ირმა ჭკუასელი, სარკე