მზექალა შანიძე: ,,ენა გაღარიბდა, მდიდარი ლექსიკა კვდება”

მზექალა შანიძე: ,,ენა გაღარიბდა, მდიდარი ლექსიკა კვდება"13 აპრილს მწერალთა სახლში გაიმართა დისკუსია თემაზე „ქართული ენა დღეს: ნორმები და სინამდვილე”. ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ ქართულ ენაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

ჩვენ შეიძლება ნორმები დავადგინოთ, დავწეროთ, ათასი წიგნის ტირაჟით გამოვცეთ, მაგრამ ეს ნორმები იქნება მკვდარი. ხალხში უნდა გავრცელდეს ნორმები. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ამ ნორმების მიღებაში. თუ ხალხში არ გავიდა ნორმა, იქნება ეს გრამატიკული თუ ლექსიკური, ისე ჩვენ, ენათმეცნიერებმა, რამდენიც არ უნდა ვწეროთ, არაფერი გამოვა.

1944 წელს მაკაკი შანიძემ და  არნოლდ ჩიქობავამ მიიარ-მოიარეს სანატორიუმი, ყველაფერი წაიკითხეს, კედლის გაზეთები იყო მაშინ. ზოგი მოიწონეს, ზოგი დაიწუნეს. ორივემ ერთხმად დაიწუნა ტერმინი „დამსვენებელი”, რადგან „დამსვენებელი” არის მოქმედებითი გვარის მიმღეობა და ნიშნავს, რომ ის ასვენებს მას. და შემოიღეს მამაჩემმა და არნოლდმა, ერთმა „მესვენი”, მეორემ – „დამსვენე”. იყო ერთი ხარხარი და სიცილი, აბა, შენ მესვენეებს ეკუთვნი თუ დამსვენებსო. რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუვიდათ, ენაში რომ ერთხელ შემოვა ფორმა და ის საყოველთაო გახდება, აკაკი შანიძემ კი არა, მამაზეციერმა რომ თქვას, ასე კი არა, ისეო, ძალიან ძნელია მისი შეცვლა.

როდესაც კარგი მწერალი რაღაც სიტყვას შემოიტანს, ფრაზას ახლებურად შემოატრიალებს, ის აუცილებლად გავრცელდება. ქართლურში და ზოგიერთ სხვა დიალექტში არსებობს სიტყვა „შინაბერა”. მაგრამ ვინ იცოდა ეს? სანამ კონსტანტინე გამსახურდიამ არ გამოიყენა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მანამდე სიტყვა კვდებოდა. და ასეთი კარგი, ძალიან კარგი ლექსიკა კვდება, ხალხო. სოფლებში არის კიდევ ეს ქართული სიტყვები. აი, ვისაც გოდერძი ჩოხელი წაუკითხავს, მან ბევრი შემოიტანა. აი, ეს გვჭირდება, ხალხნო. ეს მინდა ვთქვა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ზრუნვა და, მეორე მხრივ, ხალხის ინტერესის გაღვიძება ენისადმი. სხვანაირად, ქართული ენა მოკვდება.