ხატია წერეთელი: ,,რეალურ ცხოვრებაში ბევრად თამამი ვარ, ვიდრე კლიპში ჩანს”

ხატია წერეთელი: ,,რეალურ ცხოვრებაში ბევრად თამამი ვარ, ვიდრე კლიპში ჩანს"სკანდალებით ცნობილმა ხატია წერეთელმა საზოგადოებას კიდევ ერთი გამოწვევა გადაუგდო. “შენთან სექსი ძალიან მაგარია” – ასე ჰქვია კლიპს, რომელიც მასაჟისტმა, მომღერალმა და პროფესიით ჟურნალისტმა გადაიღო და ინტერნეტსივრცეში განათავსა. კლიპი სავსეა თამამი და ეროტიკული სცენებით, მსახიობები კი თავად ხატია წერეთელი და მისი მეგობარი იმედა ვახტანგიშვილი არიან.

სოციალური ქსელები კლიპიდან აღებული კადრებით გაივსო, ზოგმა იცინა, ზოგმა ვრცელი კრიტიკული სტატუსებისთვისაც მოიცალა, ზოგმა მკერდზე აფარებული ყურძნის მტევნები ხატიას მკრეხელობაში ჩაუთვალა და ქართული ეროვნული სიმბოლოს შერყვნაში დაადანაშაულა. მოკლედ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ რაღაც თქვა. იყვნენ ისეთებიც, კლიპმა კარგი განწყობა რომ შეუქმნათ და დადებითი შეფასებებიც არ დაიშურეს.

თავად მომღერალმა არავის და არაფერს მიაქცია ყურადღება და კლიპში თავის პარტნიორთან ერთად საბერძნეთში დასასვენებლად გაემგზავრა. იქიდან კი “ფეისბუქში” პოსტი გამოაცხო და დაწერა:

“კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად. მე ერთი ჩვეულებრივი ქერა, ხუჭუჭა, მწვანეთვალება გოგო დავიბადე, სიყვარულით და ოცნებებით სავსე. არც მიფიქრია, ოდესმე ერთზე მეტი მამაკაცი მეყოლებოდა და ყოველ ჯერზე, როცა ვიწყებდი ურთიერთობას, მინდოდა, რომ ეს ბოლო ყოფილიყო, თუმცა სურვილი და ოცნება ოცნებად რჩება.

ყველა ჩემი მამაკაცი საკუთარი პრეტენზიებით მკვებავდა. არასექსუალური ხარო, 15 წლის გოგოს მითხრეს და იმ დღეს დავისახე მიზნად, ყველა კაცს ჩემზე ეოცნება. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, უბრალოდ შინაგანი ენერგიის ცეცხლად გარდაქმნა ვისწავლე, კაცებს კი ცეცხლთან თამაში ძალიან უყვართ…

ზედმეტად გახსნილი ხარო და თვალებით ლაპარაკი ვისწავლე. ძალიან პატიოსანი ხარო და მოვძებნე ზუსტი ხაზი უბიწო გარყვნილის…

ოცნებობთ ჩემზე? იოცნებეთ, არამიწიერად თქვენ მაქციეთ, კაცებო, როცა არამიწიერი პრეტენზიები წამომიყენეთ. იდექით, იოცნებეთ და ეძებეთ სხვა ქალში ხატია, ძებნით დაღლილებმა კი აღარ მომაკითხოთ, იმიტომ, რომ ვერ შემწვდებით, ძალიან მაღლა ვიქნები”.

“სარკეს” კი ხატიამ საბერძნეთიდან უამბო:

– კლიპმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და წინასწარ ვიცოდი კიდეც, რომ ასე მოხდებოდა, რადგან ის საკმაოდ თამამია კონსერვატული საქართველოსთვის.

– რეჟისორმა გირჩიათ, რომ თამამი სცენები ყოფილიყო თუ ეს თქვენი სურვილიც იყო?

– უშუალოდ სიმღერამ, ტექსტმა მოითხოვა ასე. ისიც უნდა ითქვას, რომ კლიპში სიშიშვლე საკმაოდ ზომიერადაა და იმაზე მეტი ნამდვილად არაფერი ჩანს, რაც ზღვაზე გადაღებულ ფოტოებშია ხოლმე.

– ვინ არის მამაკაცი, რომელიც კლიპში პარტნიორობას გიწევთ? ამბობენ, რომ თქვენი შეყვარებულია.

– კლიპში მონაწილე მამაკაცი ჩემი მეგობარია, ამდენად თამამი სცენების გადაღება არ გაგვჭირვებია. იმედა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ბიჭია და სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს მასზე უარყოფითად არ უმოქმედია, პირიქით, ერთად ვხალისობთ კომენტარებზე. ერთადერთი, რამაც გააღიზიანა, ეს ბოღმის დიდი დოზა იყო.

– იმაზეც დიდი ამბავი ატყდა, რომ ინტერნეტში კლიპის გავრცელების შემდეგ საბერძნეთში დასასვენებლად ერთად წახვედით. ეს კიდევ ერთი გამოწვევა იყო?

– კლიპის დადებიდან მეორე დღეს საბერძნეთში წამოვედით, რადგან განტვირთვა გვჭირდებოდა. გადაღებებმა და ზოგადად სამსახურებმაც ორივე ძალიან გადაგვღალა.

მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ვუთხრა, რომ იმედას ამ კლიპში ჰონორარი არ აუღია. მას არც ჩემი ფინანსები სჭირდება და არც არავისი, თავისიც საკმარისად აქვს.

– სად მუშაობს?

– ტურისტულ კომპანიაში.

– თქვენი ძირითადი პროფესია, მგონი, არა – მომღერლობა, არამედ მასაჟისტობაა. მოგვიყვეით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე.

– დიახ, ასეა, სიმღერა ჩემი ძირითადი პროფესია არ არის, მე მასაჟისტი ვარ. პატარ-პატარა ბიზნესებიც მაქვს საქართველოსა და პოლონეთში.

– რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე თამამი ქალი ხართ, როგორც კლიპში ჩანს?

– რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო თამამი ვარ, ვიდრე კლიპში ჩანს. საკმაოდ თამამი ვარ ჩაცმულობითაც, ქცევებითაც და აზროვნებითაც, თუმცა ჩემი სითამამე არასდროს აღწევს თავგასულობის ზღვარს.

– ოდესმე აპირებთ ოჯახის შექმნას?

– არასოდეს! ჩემი ცხოვრების რიტმი და სტილი არ ესადაგება მეოჯახე ქალის ამპლუას. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანს არაფერს ვგეგმავ. გადართული ვარ ბიზნესზე. რაც შეეხება სასცენო კარიერას, ბოლომდე ვივლი პოზიტივისა და ეპატაჟურობის გზით, შესაბამისად, სკანდალებს მომავალშიც არ გამოვრიცხავ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე