ირინა ბაირამაშვილი: ,,გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობა არც მქონდა და არც მაქვს… ჩემთვის ოჯახი ყველაფერია”

ირინა ბაირამაშვილი: ,,გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობა არც მქონდა და არც მაქვს... ჩემთვის ოჯახი ყველაფერია”მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ,,ჯეოსტარის” დასრულების შემდეგ აქტიურად ჩანდა სხვადასხვა პროექტებში, მონაწილეობდა კონცერტებში, გათხოვების შემდეგ კი ოჯახურ ცხოვრებაში ჩაეფლო. ის და მიშკა ღაღაშვილი ბიჭუნას მშობლები არიან და საგარეჯოში ცხოვრობენ. ირინა მუსიკას ბოლომდე მაინც ვერ წყდება, თბილისის ბარებში მღერის, სამომავლოდ გეგმებს კი ჯერ მხოლოდ ფიქრებში კინძავს.

– ირინა, საკმაოდ პოპულარული იყავით, მერე კი უცებ გაქრით. სად დაიკარგეთ, რატომ აღარ ჩანხართ სცენაზე?

– ნამდვილად იყო წლები, როცა პოპულარობის ზენიტში ვიყავი, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა მინელდა. ადვილი არ ყოფილა პირადის და კარიერის ერთდროულად აწყობა, მით უფრო ახლა, როცა ძიძა აღარ მეხმარება და ცოტა მოუსვენარი ბავშვი მყავს, რომელსაც სხვა ენერგია სჭირდება. ოჯახი ვარჩიე კარიერას. ბუნებრივია, ორივე კარგია, მაგრამ, როცა ერთმანეთს ვერ უთავსებ, რომელიმე უნდა აირჩიო. მე ამ ეტაპზე ოჯახი ავირჩიე.

– თბილისიდან ისევ კახეთში გადახვედით საცხოვრებლად. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მშობლიურ კუთხეში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– ესეც შვილის გამო გავაკეთე. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი როგორ გარემოში გაიზრდება და გადავწყვიტე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე გავზარდო. დღეს თბილისში ისეთი საშინელებები ხდება და ჰაერი ისეთი დაბინძურებულია, მიხარია, რომ კახეთს დავუბრუნდი.

ახლა ვცხოვრობთ საგარეჯოში, რომელიც სააგარაკო ადგილია. დიდი ეზო გვაქვს და სახლი ტყეში დგას. ფანტასტიკური გარემო და ჰაერია. რაც მთავარია, ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს თავს. მე ყოველთვის მიყვარდა საგარეჯო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო შემიყვარდა.

– მოკლედ, თქვენგან კარგი მეოჯახე დადგა.

– ბავშვთან და ოჯახთან ურთიერთობაზე მაგარი არაფერი ყოფილა. ქმარ-შვილთან ყოფნა არის ყველაზე მაგარი. ჩემთვის სცენაც, სიმღერაც, პრემიერაც და ყველაფერიც არის ოჯახი.

რაც შეეხება მეოჯახეობას, ჩემმა დედამთილმა, რომელიც არის საოცრად ფუსფუსა და მშრომელი, ფეხი მოიტეხა. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად მეხმარებოდა. ახლა კი უკვე ყველაფერს მე ვაკეთებ.

ერთხელ სამი კერძი ერთად მოვამზადე. მერე აივანზე გადავდექი და ლოცვა დავიწყე, ღმერთო, ჩემს დედამთილს ფეხი აღარასოდეს ატკინო-მეთქი და ეს რომ ესმოდა, სიცილით კვდებოდა.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– იყო დრო, რომ ჩემი დილა ჭრიჭინასავით სიმღერით იწყებოდა, ახლა ეს დასრულდა. ჩემი დილაც, შუადღეც, საღამოც და ღამეც ბავშვით იწყება და მთავრდება.

– შვილს ასმენინებთ თქვენს სიმღერებს?

– ის ყველგან დამყავს, სადაც მე დავდივარ, ბარებშიც კი, სადაც ვმღერი. მთავარია, რომ მხედავდეს და უკვე წყანარად არის. არ აქვს მნიშვნელობა, მასთან ძალიან ახლოს თუ ვერ ვიქნები, იმითიც ბედნიერია, რომ მხედავს და არაფერს აპროტესტებს.

– როგორც ვიცი, მუსიკალური სტუდია გაქვთ, სადაც ბავშვებს ამზადებთ. კახეთში ბევრი მოზარდია დაინტერესებული სიმღერით?

– სამწუხაროდ, სტუდია აღარ მაქვს, ამის დრო აღარ მქონდა, თუმცა სექტემბერში ისევ ვაპირებ დიდი სტუდიის გახსნას, ოღონდ თელავში. აქ ცოტა ისეთი კონტინგენტია… ეს ბავშვები ტელეკომპანიაშიც მივიყვანე, ვამღერე, მაგრამ დიდად ვერ აღიქვეს და ჩემი შრომა ვერ დაინახეს. კახელები ცოტა მძიმე ხალხია.

ყველაფერი ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა ალბათ ეს ეტაპიც დადგება.

– ინტერვიუს დასასრულს სკანდალზე უნდა გკითხოთ. მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ტელეშოუებში შეასრულა თქვენი საავტორო სიმღერა, რომელსაც თქვენ და მეგი გოგიტიძე დუეტში მღერით. თქვენ გიორგის ძალიან გაუნაწყენდით, თქვენი ქმარი მასთან დარეკვასაც კი აპირებდა, მაგრამ შეაჩერეთ. გვითხარით, კონკრეტულად რა მოხდა მაშინ და ახლა გარკვეულია თუ არა თქვენსა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის ურთიერთობა.

ერთ ზაფხულს გიორგი ვარდოსანიძემ მეც დამირეკა და მეგისაც. გვთხოვა, თქვენი დუეტი ძალიან მიყვარს, მოგონებებთან ასოცირდება და, თუ შეიძლება ჩემთვის, შინაურულად ვიმღეროო. ისიც აღნიშნა, რომ პრემიერის გაკეთებას არ აპირებდა და უარს როგორ ვეტყოდით?!

მერე მეგობრები გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, იცით, თქვენი სიმღერა ვარდოსანიძემ იმღერაო. აღმოჩნდა, რომ პრემიერა “ნანუკას შოუშიც” გაუკეთებია და “სხვა რაკურსშიც”. ერთ-ერთ შოუში მე და მეგის მადლობაც გადაგვიხადა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ სხვა რაღაც გვითხრა და სხვანაირად მოიქცა.

ბევრმა მისაყვედურა, რატომ არაფერი უთხარი, ასე რომ მოგექცათო. გასაგებია, რომ საერთო ახლობელი გვყავს, მაგრამ ხომ უნდა ეთქვა, რას აპირებდა? იქნებ უარს არც ვეუბნებოდი? ჩემს სიმღერას რაც უფრო ბევრი იმღერებს, მით უფრო კარგია, მაგრამ გააჩნია, როგორ მოიქცევი და რას იტყვი.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ გიორგი ვარდოსანიძესთან?

– ურთიერთობა მასთან არც მაშინ მქონდა და არც ახლა მაქვს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკის არქივი