სოსო ჯაჭვლიანი: ,,ოცნებაში” ჩემზე ამბობდნენ, ურიკინებსო, კოჭებში ეტყობოდათ, საქმე კარგად რომ არ იყო”

სოსო ჯაჭვლიანი: ,,ოცნებაში" ჩემზე ამბობდნენ, ურიკინებსო, კოჭებში ეტყობოდათ, საქმე კარგად რომ არ იყო"ყოფილი დეპუტატი, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” იმედები არამხოლოდ ამომრჩეველს, საკუთარი გუნდის წევრებსაც გაუცრუა. ,,ჩვენ ველოდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, გაუმჯობესდებოდა სოციალური მდგომარეობა, ქვეყანა წინ წავიდოდა… დღეს რა ხდება? დამნაშავეები თანამდებობებზე ინიშნებიან, ხალხი ყოველდღე ღარიბდება, ქვეყანა აღარ ვითარდება”, – ამბობს ჯაჭვლიანი ,,კვირის პალიტრასთან”.

– 2012 წელს როდესაც თქვენ “ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შეხვედით, მოვლენების ასეთ განვითარებას თუ წარმოიდგენდით?
– ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა მთლად ყველაფერი კარგად რომ არ იყო, ეს ჩემს კოლეგებს კოჭებში შევატყვე.

– რას გულისხმობთ?
– კოჰაბიტაციას. პირველი სესიაზე სპიკერის არჩევის საკითხი რომ დადგა, ოპოზიციამ გიორგი ბარამიძე წარადგინა. ჩემს კოლეგებს ვუთხარი, ეს კაცი სოფლის აოხრებაში, მკვლელობაში და ეკლესიის დარბევაშია ეჭვმიტანილი, მოდი ჩავაგდოთ მისი კანდიდატურა და სხვა ავირჩიოთ-მეთქი, მაგრამ მოხდა საოცრება. ჩვენმა წარდგენილმა სპიკერებმა – სანიკიძემ, კობახიძემ და დუმბაძემ 79, 80, 81 ხმა მიიღეს, ბარამიძემ კი – 135. ახლაც მიკვირს, რატომ მოხდა ეს?

ბარამიძის დანაშაულებრივ ქმედებებს მოწმეები ჰყავს. ეკლესიის დარბევაში რომ მონაწილეობდა, ამის კადრები ახლაც არსებობს. იმის მაგივრად, რომ პროკურატურაში დაებარებინათ და კითხვები დაესვათ, იმუნიტეტით აღვჭურვეს. ალბათ ზოგი მკითხავს, ასეთი უსამართლობა რომ ხდებოდა, შენ რას აკეთებდიო. გეტყვით, რასაც ვაკეთებდი, ზუსტად ორი თვის თავზე, 2013 წლის საგაზაფხულო სესია რომ გაიხსნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოვითხოვე, მასხრად ამიგდეს, ჩემზე ამბობდნენ, ურიკინებსო…

– რომელმა დეპუტატმა შეგამკოთ ასეთი ეპითეტით?
– ყველამ, ყველამ ცინიკურად დამიწყო ყურება. მაშინ ზაქრო ქუცნაშვილი ფრაქციის თავმჯდომარე იყო და ისე ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე, გეგონებოდა, გიჟი ვიყავი. არადა მაშინ ,,ქართულ ოცნებას” ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მართლა რომ ჩაგვეტარებინა, მთლიანად გაიწმინდებოდა პარლამენტი ,,ნაციონალებისგან”.

– თავს მოტყუებულად მიიჩნევთ?
– ასე გამოდის. აბა, მე არათუ კოჰაბიცაციაში არ ვიყავი “ნაციონალებთან”, ისიც კი არ ვიცოდი, რომ დამნაშავეებთან ასეთი შეთანხმება იყო დადებული. ჩემთვის არავის არაფერი შეუთანხმებია. რამდენიმე კვირის წინ, “ქართული ოცნების” დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების თაობაზე. მერე თავი იმართლეს, ასე რომ მხარი რომ დაგვეჭირა, არაკონსტიტუციური იქნებოდაო. კონსტიტუცია მათ ხელში არ არის? ადგნენ და შეცვალონ. ხომ ხედავთ, ამ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც რა ხდება?..

ჩვენთან, სვანეთში, მოსამართლეების ფუნქციას მედიატორები ასრულებდნენ. ეს იყო ხალხი, რომელიც სოფელში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. თუმცა საკმარისი იყო, რომელიმე მათგანს მცირე შეცდომა დაეშვა, არასწორად განესაჯა, ვინმეს საქმე, იმას მოსარიგებლად აღარავინ დაუძახებდა. როგორც კი ადამიანების ნდობას დაკარგავდა, დამთავრდებოდა ყველაფერი. ახლა მურუსიძე რომ ამბობს, მორალურად არ ვიყავი მართალი, მაგრამ კანონს ვემსახურებოდიო. მე აქედან ვეკითხები, სტრასბურგმა რომ გაგამტყუნა, იმაზე რას იტყვი?

–  იმ პერიოდში, რაც პარლამენტში იყავით, ხალხისთვის რისი გაკეთება მოასწარით?
– “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ჩაატარა კვლევა 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობის შესახებ. სამი ნომინაცია იყო – შეხვედრები, წერილები, ხალხთან მუშაობა. სამივე ნომინაციაში მე გავიმარჯვე. ეს ამბავი 2013 წელს მოხდა, მე კი 2015 წელს შემთხვევით გავიგე. დამიმალეს ეს ამბავი.

– ვინ დაგიმალათ?
– ჩემი გუნდის წევრებმა. თურმე პარლამენტში იდო ამ კვლევის შედეგები. მე კი არავინ არაფერი მითხრა. რიგით მოქალაქეებს მინისტრებს ვახვედრებდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო. უმრავლესობის ერთი შეხვედრაც კი არ ჩატარებულა ისე, კამათი რომ არ მომსვლოდა გუნდის ლიდერებთან.

– კამათის საგანი რა იყო?
– პირადი არაფერი, სულ რაღაცის გაკეთებას ვითხოვდი ხალხისთვის. ეს არ მოსწონდათ. ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ყოველთვის წინააღმდეგობები მხვდებოდა. საკანონდებლო ინიციატივებიც მქონდა. იმის შესახებ უკვე გითხარით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რომ მოვითხოვე. მერე კანონპროექტი წარვადგინე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თაობაზე და საპატრიარქოდან წერილი მოვიდა, ეს საკითხი ჩვენთან არ არის შეთანხმებულიო. მე რომის პაპზე მეტი კათოლიკე არ ვარ და დავანებე თავი ამასაც. მერე “სითი პარკის” გაუქმება მინდოდა და არც ეს გამოვიდა. ახლა ხომ მაინც გააუქმეს.

– სულ ცოტა ხნის წინ, მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ერეკლე გურჩიანმა პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან ინვენტარის მოპარვა დაგაბრალათ. რა მოხდა სინამდვილეში?
– მე შეიძლება ერეკლე გურჩიანს მოვპარო კუბდარი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ეს ხუმრობით. ისე კი, ვირთხებს ჩემი დისკრედიტაცია უნდათ. 2020 წლისთვის, საქართველოში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება და ვიღაცეებს ამის ჩაშლა უნდათ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. უნდა გავარკვიო ვისი დავალებით მოხდა ეს ცილისწამება. ვირთხები ვერ დამემალებიან. სხვათა შორის, გურჩიანი პრეზიდენტი კი არა ე.წ პრეზიდენტი იყო. საბუთები გააყალდა და ისე გახდა ვითომ პრეზიდენტი. ამისთვის სასჯელიც აქვს მოხდილი.

– პოლიტიკაში დაბრუნებას და ე.წ. ამბოხებულებთან თანამშრომლობას ხომ არ აპირებთ?
– ,,ამბოხებულებმა” თავიანთ საქმეს თავად მიხედონ. როდესაც პარლამენტში ვიყავი და ჩემს მწვავე პოზიციებს ვაფიქსირებდი ცინიკურად მიყურებდნენ. ვიღაცებს ისიც არ მოსწონდათ, დეპუტატი რომ ვიყავი. არადა მე არავისთვის არაფერი მითხოვია. ბიძინა ივანიშვილმა დაგვიძახა მე, ლუკა კურტანიძეს და ნონა გაფრინდაშვილს. მაშინ ბევრს ეშინოდა ივანიშვილის გვერდზე დადგომა, ბევრი ერიდებოდა. ჩვენ არაფერს მოვრიდებივართ, როგორც კი გვითხრა, თუ სააკაშვილის რეჟიმი არ მოგწონთ, მოდით, ერთად შევცვალოთო, მაშინვე გვერდში დავდექით. რაც ჩვენ გადავიტანეთ, ხალხმა ბევრი რამ არ იცის.

– მაინც რა არ იცის?
– მაგალითად არ იციან, როგორ ატარებდნენ სააკაშვილის სპეცრაზმელები ჩემს აგარაკზე სპეცოპერაციას. 26 მაისი და 7 ნოემბერი ჩვენს ზურგზე გადავიტანეთ. რამე რომ მომხდარიყო, ახლა დიდი ხნის დავიწყებული ვეყოლებოდით ,,ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებს, ახლა რომ არიან პარლამენტში. მოდით ჟურნალისტები ჩემს სახლში, აგარაკზე და ნახეთ, შეამოწმეთ, რა ქონება მქონდა დეპუტატობამდე, დეპუტატობის დროს და მას მერე. პოლიტიკაში პირადი ინტერესებისთვის არასდროს ვყოფილვარ. არც ახლა ვაპირებ, სადაც ხალხს დავჭირდები იქ დავდგები.

კვირის პალიტრა