შოთა დიმიტრიშვილი: “დიდი ხანია, შეყვარებული არ მყოლია” – რა ხიბლავს ქალში 25 წლის სიმპათიურ ტელეწამყვანს

შოთა დიმიტრიშვილი: "დიდი ხანია, შეყვარებული არ მყოლია" - რა ხიბლავს ქალში 25 წლის სიმპათიურ ტელეწამყვანს25 წლის შოთა დიმიტრიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში, “დილა მშვიდობისა, საქართველო”, ინტერნეტით გავრცელებულ ამბებს მიმოიხილავს. სანამ მაყურებელს სძინავს, ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით იპოვოს საინტერესო და სახალისო ამბები, რომლებიც მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნის.

ცისფერთვალება, სიმპათიურ და მუდამ მომღიმარ ტელეწამყვანს შეყვარებული არ ჰყავს. თუ როგორ გოგონებს აქვთ შანსი მისი გულის დაპყრობის, ამაზე ქვემოთ.

– შოთა, სანამ ტელეწამყვანი გახდებოდით, “რუსთავი 2”-ში რა მოვალეობას ასრულებდით?

– თავდაპირველად “კურიერში” ვმუშაობდი, შემდეგ “რუსთავი 2”-ის ბაზაზე შევქმენი ინტერნეტგვერდი “რედაქცია”. ბოლოს აღმოჩნდა, რომ დილის გადაცემაში სჭირდებოდათ ინტერნეტსიახლეების მიმომხილველი და ასე აღმოვჩნდი აქ. ჟურნალისტობა ყოველთვის მინდოდა.

– ვინ და რამ მოახდინა გავლენა, რომ ეს პროფესია აირჩიეთ?

– ნიკა ტაბატაძემ და ნათია ლაზაშვილმა. ბავშვობაში მათ რომ ვუყურებდი ეკრანზე, მეც მინდოდა, ეს საქმე მეკეთებინა.

– დილის გადაცემის რეჟიმს, თან პირდაპირ ეთერს ალბათ ახლავს სიძნეელები.

– არ მიყვარს ზედმეტი ნერვიულობა, რა ამოცანაც დგას ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვცდილობ, გადავლახო და მისგან პრობლემა არ შევქმნა. კამერასთან ურთიერთობის კომპლექსი არასოდეს მქონია.

– ეთერში ბევრ საინტერესო ამბავს აცნობთ მაყურებელს. რეალურად რა არის თქვენი ინტერესის სფერო?

– მუსიკა, კინო, ლიტერატურა, მხატვრობა, ასტონომია და ასტრო-ფიზიკა. ყველაზე მთავარი კი ამ ეტაპზე მუსიკაა, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია თავი. ჭამის დროსაც კი მუსიკას ვუსმენ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მეგობრებია, მათთან დიდ დროს ვატარებ.

– რა სტილის მუსიკა გიყვართ?

– სხეულზე ვიკეთებ სვირინგს, სამკუთხედს, რომლის ბოლოებში იქნება გამოსახული ჯგუფები “ლედ ზეპელინი”, “პინკ ფლოიდი”, “კინგ კრიმსონი”. ეს მთლიანად გამოხატავს ჩემს გემოვნებას. ასევე ვუსმენ ჯაზს, ბლუზს და ელექტრონულ მუსიკასაც.

– რას არ უსმენთ?

– ალბათ ფანოღს, თუმცა რესტორანში როცა ვყოფილვარ, ბევრ ისეთ მუსიკაზე მიცეკვია, რასაც არ ვუსმენ. მაგალითად, გია სურამელაშვილის სიმღერებზეც მიცეკვია.

– 25 წლის ასაკში ალბათ რთულია, ღამის ცხოვრებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ დილით ძალიან ადრე უნდა წახვიდე სამსახურში. თქვენც გიჭირთ?

– არც ამას აღვიქვამ პრობლემად, რადგან არსებობს პარასკევის და შაბათის საღამოები. ყოველთვის ძალიან ცოტა მძინავს. მირჩევნია, მეღვიძოს და ბევრი რამის ნახვა მოვასწრო. დილით ადრე ადგომაც არ მიჭირს. ერთადერთი შუადღის პერიოდია ცოტა კრიზისული, როდესაც ძილი შემომიტევს ხოლმე, მაგრამ საკმარისია, გადავლახო და ყველაფერი კარგადაა.

– რა გაღვიძებთ დილით?

– მაღვიძარა. სხვა არაფერი მჭირდება, ყავას საერთოდ არ ვსვამ, “ჩაისტი” ვარ. რუსთავში ვცხოვრობდი და ყველაზე მეტად ეს მიჭირდა – იქიდან სიარული. თბილისში გადმოვედი და ეს პრობლემაც მოვაგვარე.

– საკუთარ თავს ეკრანზე კრიტიკულად აფასებთ?

– სულ ვცდილობ, ჩემი სამეგობროსგან მივიღო მწარე შენიშვნები. ყველას აზრი მაინტერესებს. ეკრანზე ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ლაპარაკისას თავს მარჯვნივ ვხრი. მინდა, რომ ეს მანერა გამოვასწორო.

– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავთ შეყვარებული?

– შეყვარებული არ მყავს.

– როგორი გოგოები მოგწონთ და რას აქცევთ ყურადღებას?

– ძნელია იმაზე საუბარი, როგორი გოგონები მომწონს, რაღაც კრიტერიუმები არ მაქვს. ერთს კი ვიტყვი, რომ ქალში ინტელექტიც მაინტერესებს. საერთოდ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკისას ძალიან მორცხვი ვარ, ამ თემაზე ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი არ ვესაუბრები.

– როგორ ფიქრობთ, თქვენგან კარგი მეოჯახე გამოვა, გაქვთ სურვილი, რომ მალე დაქორწინდეთ?

– ბუნებით ძალიან ერთგული ვარ და შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი მეოჯახეც ვიქნები. ახლა ქორწინებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ძალიან დიდი ხანია შეყვარებული არ მყოლია და ბევრ სხვა რამეზე გადავერთე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდია, როდესაც ყველაფერს ვსწავლობ და ვითვისებ. მარტო ცხოვრებას და განვითარებას მივეჩვიე. რა თქმა უნდა, რომ შემიყვარდეს, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს, მაგრამ დღეს ასე ვფიქრობ.

– რა არის თქვენი ყველაზე მთავარი ოცნება, რისი განხორციელება გინდათ?

– ოცნება და სურვილი ჩემთვის განსხვავდება, ოცნება არის, მაგალითად, კოსმოსში გაფრენა, რომლისთვისაც ვიცი, რომ არაფერს გავაკეთებ და ფულის შეგროვებას არ დავიწყებ. რაც შეეხება სურვილებს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათკენ მისასვლელი გზებიც არსებობს. მინდა, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, რას და როგორ შევძლებ.

 ავთო ჩიტიძე, სარკე