სალომე გოგიაშვილი: ,,ზოგჯერ ნევროზის ძლიერი შემოტევები მაქვს” – ,,ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, მის გვერდით ვიქნები”

სალომე გოგიაშვილი: ,,ზოგჯერ ნევროზის ძლიერი შემოტევები მაქვს" - ,,ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, მის გვერდით ვიქნები"სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა და არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი თუ საქმიანი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. თუ როგორია ოთხი შვილის დედის ცხოვრება, რა ეტაპია მისი და მისი ქმრის, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილის, ქორწინებაში, ამის შესახებ სალომე თავად გვიამბობს.

– სალომე, როგორ მიედინება თქვენი ცხოვრება ამ ეტაპზე?

– არასტანდარტულად. არამხოლოდ დიასახლისი ვარ, ბევრი საქმე მაქვს, თან შვილებს ვაქცევ ყურადღებას და ცოტას ვდიასახლისობ კიდეც. როგორც კი ცხოვრების სტანდარტული ეტაპი დგება, მეწყება დეპრესია, ვხდები ცუდად, მოწყენილი ვარ და მაშინვე ვიწყებ ახლის ძიებას. ამიტომაც გამოიყურება ჩემი ცხოვრება ქაოსურად.

– ერთი შეხედვით უდარდელად ცხოვრობთ.

– ყველა ადამიანი გარკვეულ იმიჯს ირგებს, ზოგი გვაჩვენებს, რომ ძალიან ამბიციურია, ზოგი მძიმე ხასიათს ავლენს, მე პოზიტიური, მხიარული და, დაგეთანხმებით, უდარდელი ვარ. თუმცა არის პერიოდები, როცა ნევროზის ძალიან ძლიერი შემოტევები მაქვს, მაგრამ, ოჯახის წევრების გარდა, ამას არავინ ხედავს.

– რა იწვევს ამ მდგომარეობას?

– ხან რა, ხან რა, მეტწილად – ნერვიულობა. ამ დროს სახლში ვარ და ჩემს პრობლემას არავის ვახვევ თავზე. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები.

– მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახის დიასახლისი ხართ, დამატებით ბევრი საქმეც გაქვთ და ხანდახან ნევროზი გიტევთ, მაინც სულ ფორმაში ხართ, სულ მოდურად გაცვიათ. ბევრ ქალს ამის თავი არ ექნებოდა. თქვენ როგორ ახერხებთ?

– მას მერე, რაც აღვიქვი, რომ ქალი ვარ და ეს მოხდა 15 წლის ასაკში, სულ ვიპრანჭები. ყოველთვის თვითონ ვიკეთებდი თმას, ფრჩხილებს, მაკიაჟს. თავის მოვლისთვის ბევრს არ ვხარჯავ.

ვიღაცები ამბობენ, რა გენაღვლება, შენ გაქვს ამის საშუალებაო, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ყველაფერს თვითონ ვიკეთებ. დილა რომ თენდება, პირველი რაც არის, თავს ვიწესრიგებ.

– 30 წელს გადააბიჯეთ. რა არის ამ ასაკის ქალების მთავარი ხიბლი?

– ახალგაზრდობის პერიოდში ქალს რომ თვითდამკვიდრების ამბიცია გაქვს, ეს დავარეგულირე და ამ წლების მთავარი საიდუმლო ესაა. თუ რაღაც მომენტში კაცს უნდა, დაგიმტკიცოს, ეს ასეაო, ქალის ჭკუა იმით გამოიხატება, რომ “გაუტაროს”, უთხრას, კი, ასეაო. როცა ასე იქცევი, ურთიერთობა ბევრად სტაბილური და სასიამოვნოა.

– თქვენ თვლით, რომ ჭკვიანი ქალი ხართ?

– სიტყვები ,,ჭკვიანი ქალი” ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ მე ასე მოვირგე სიტუაცია. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არ იყოს მაგალითი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ჰარმონიას გვიქმნის.

– რომელი უფრო ეჭვიანი ხართ?

– ადრე ვეჭვიანობდი, ახლაც ვეჭვიანობ, მაგრამ ისე ძალიან – აღარ. რაც დრო გადის, ეს ადამიანი უფრო ჩემი ხდება. ზოგადად მესაკუთრე ვარ და ეჭვიანიც, თუ ვიცი, რომ ის ჩემია, სხვა არ წარმომიდგენია მასთან. მეგობრებთანაც ასე ვარ. მთავარი ის არის, რომ არც მე ვაძლევ ამის საბაბს და არც ის. ჩვენ მეგობრებიც ვართ.

– თქვენ ირგვლივ სულ არის ჭორები, მითქმამოთქმა. ქმარი ამაზე როგორ რეაგირებს?

– ვახომ იცის, ვინ მოიყვანა ცოლად. თბილისში ცხოვრება ადვილი არ არის. გამორიცხულია, რომ ვიღაცამ შენზე ცუდი არ თქვას. სოციალურ ქსელში გავაკეთე გამოკითხვა, დამისახელეთ 5 ცნობილი ქართველი, რომლებზეც ცუდი ჭორი არ გაგიგიათ-მეთქი და ვერ მივედით 5 ადამიანამდე. ყველაზე საყვარელ ქართველებზეც ცუდი რაღაცები აქვთ ნათქვამი.

– ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან აქტიური ხართ. ეს რამ განაპირობა (ინტერვიუ ჩაწერილია საპრეზიდენტო არჩევნების წინ – სარკენიუსი)?

– ამას პოპულარობის გამო არ ვაკეთებ. აქტიური ვარ იმისთვის, რომ ძველი, სისხლიანი რეჟიმი არ დაბრუნდეს. არ მიყვარს უტიფარი, დემაგოგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაციონალების ხელისუფლებაში.

– რა მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობიდან და რა – არა?

– ჩემი შეცდომის აღიარება მიყვარს, შესაბამისად, ღიად ვამბობ ამ მთავრობაზეც, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.

ბევრმა არასწორად გააკეთა თავისი საქმე, ვიღაცები გამოუცდელობის გამო ცუდად წარუძღვნენ საქმეს, მაგრამ დღეს მე არ მეშინია ტელეფონზე ლაპარაკის, ჩემი აზრის გამოთქმის. არ მეშინია, რომ ვიღაც ღამით დამადგება თავზე და მთელ ჩემს ქონებას გადაიფორმებს.

ქართველი ადამიანის ყველაზე დიდი მინუსი უმადურობაა. ის დრო რომ დააბრუნო, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს პრეტენზიები აქვთ, გაბედავდნენ სტატუსების ასე თამამად წერას ან ხმის ამოღებას?

ახლანდელი აქტივობის გამო არც თანამდებობას ველოდები, არც სამსახურს, არც მაღალ ანაზღაურებას. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მშვიდ, ბედნიერ, ლაღ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არ შემეშინდება დიქტატორების.

– ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადრე ძალიან დაგეხმარათ, რომ ბინა არ დაგეკარგათ. ეს ფაქტორიც თამაშობს გარკვეულ როლს თქვენს პოზიციაში?

– არამარტო მე, მთელ საქართველოს ეხმარება, მაგრამ ბევრმა უცებ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ამ ადამიანმა ხელი გამიმართა, დამეხმარა. ბიძინა პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები და ბოლომდე გავყვები, გვერდით დავუდგები, როგორც შემეძლება.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე