ქართველი ემიგრანტის ტკივილი: ,,უდანაშაულო პატიმარი ვარ, სასჯელიც შესაბამისი მაქვს – უვადო”

ქართველი ემიგრანტის ტკივილი: ,,უდანაშაულო პატიმარი ვარ, სასჯელიც შესაბამისი მაქვს - უვადო"ქართველი ემიგრანტი სოფო იმერელი ფეისბუქში თავის ყოფას, ემოციებს აღწერს უცხო მიწაზე და იმ გაუსაძლის ტკივილს, რასაც სამშობლოში დარჩენილი ოჯახის მონატრება ჰქვია.

,,უდანაშაულო პატიმარი ვარ, სასჯელიც შესაბამისი მაქვს – უვადო. მხოლოდ ერთი ფანჯარა მაქვს, საიდანაც სულ ერთ და იგივე სურათი მოსჩანს წელიწადის ყოველ დროს. ვფიქრობ, ბუნება მაინც იცვლებოდეს, ცვიოდეს ხეებს ფოთლები და იბადებოდეს ახალი სიცოცხლე. არამც და არამც, მხოლოდ ამინდი იცვლება და ისე მიხარია ეს ყველაფერი, თვალს ვერ ვწყვეტ.

ტუსაღი ვარ, რომელიც კვირაში ერთ დღეს ელოდება, გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. ზედამხედველი მყავს, უფლის წყალობით, კარგი, არ მაქვს მკაცრი კონტროლი და მეც პირნათლად ვიხდი სასჯელს, ბედმა რომ მარგუნა.
ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის, ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე, აწყმოზე. გტკივა უსაშველოდ გტკივა სხეულის ყველა ნაწილი, ყველა ორგანო. პასუხს ეძებ კითხვაზე: რატომ? და პასუხსაც ვერ პოულობ. თავს იიმედებ იმით, რომ ამ უვადო პატიმრობაში თანხას გიხდიან, რომლითაც აბედნიერებ შვილებს, უზრუნვრლყოფ მათ სწავლას, უქმნი კარგ მომავალს და ეს ძალას გმატებს. გენატრება ტკივილამდე.

თურმე როგორ შეგძლებია დატოვება შენი სულის და გულის. ფიქრებში მიდიხარ შორს, თავს ადანაშაულებ და მიზეზსაც ვერ პოულობ. იმედს იტოვებ, უდანაშაულო პატიმრობისთვის მოგიწევს ამნისტია და იხილავ შენს მზეს, შენ სულსა და გულს. ამით იმშვიდებ თავს, დღეები გადის, წლებიც და ახალგაზრდობაც…”, – წერს სოფო იმერელი.