,,ნუღარ შეიყვარებთ ჟურნალისტს” – დანიელ დეფო – ცნობილი მწერალი და მზვერავი

,,ნუღარ შეიყვარებთ ჟურნალისტს" - დანიელ დეფო - ცნობილი მწერალი და მზვერავიგოგონა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. მოსახვევში წამით შეჩერდა, მიმოიხედა. გარშემო არავინ იყო. თითქმის სირბილით გადაკვეთა ქუჩა. ანაზდად თითქოს მიწიდან ამოძვრაო, წინ ტანმაღალი, ბრგე გოლიათი აესვეტა. პირიდან არყის სუნი ამოსდიოდა. გვერდით საშუალო ტანის ასევე ნასვამი მეგობარი ედგა. მათ ქალიშვილის ბნელ შესახვევში შეთრევა სცადეს.

– მიშველეთ! – იკივლა ქალიშვილმა და მოძალადეს მკლავში კბილებით ჩააფრინდა.

კაცმა სახეში გაარტყა. გოგონა დაეცა. გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა. ამ დროს ვიღაცის ხმა გაისმა:

– ეი, თქვენ, ქალიშვილს თავი დაანებეთ!

თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მათ წინ უცნობი მამაკაცი გაჩნდა. ერთ-ერთმა მოძალადემ მუშტი მოუქნია. მამაკაცი დაიხარა, დარტყმა აიცდინა, შემდეგ ელვის სისწრაფით გაიმართა წელში და მოწინააღმდეგეს სახეში დაჰკრა. შიშისაგან ენაჩავარდნილი გოგონა მდუმარედ უყურებდა მათ ჩხუბს. მალე უცნობმა იმარჯვა, მოძალადეები მიწაზე დასცა. მათ გაქცევით უშველეს თავს. უცნობმა გოგონას ხელი სტაცა და ორივენი საპირისპირო მიმართულებით გაქანდნენ.

ამ კაცს მოერიდე!

გოგონა აღტაცებული მისჩერებოდა თავის მხსნელს.

– დიდი მადლობა. თქვენ რომ არა…

– მოდი, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი, უხერხულია, ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც არ იცნობ.

– ნორა რენდალი, – გოგონამ ღიმილით გაუწოდა ხელი.

– მე ჯეიმს ბალიზეტი მქვია, ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობ.

– მე კი მოახლე ვარ.

– გაგაცილებთ.

– ახლოს ვცხოვრობ, ჯეიმს, არ მინდა, შეგაწუხოთ.

– ჯიმი დამიძახე. უფრო იმით შევწუხდები, თუ გაცილების ნებას არ მომცემ.

ჯიმი თავაზიანად დაემშვიდობა გოგონას. ნორას სახეზე ეტყობოდა, რომ განშორება არ სურდა. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ნორა ზუსტად დანიშნულ დროს მივიდა პაემანზე. ჯიმის ეს ძალიან გაუკვირდა. იდაყვში გაუყარა ხელი. ორივე ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას. შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ჯიმი თვალებში შესციცინებდა ნორას, ცდილობდა, მისი ყოველი სურვილი გამოეცნო და შეესრულებინა. ნორას შავი თვალები თითქოს ჭამდნენ მას. ცხადლივ გრძნობდა მისი ტანის სიმხურვალეს, ცხელ ვნებიან ტუჩებს. ნორამ ნაზად მოუთათუნა ხელი ლოყაზე. კაცმა ანგარიშმიუცემლად სტაცა ხელი, თავისკენ მიიზიდა და ხარბად დაეწაფა მის ტუჩებს.

როდესაც ნორამ უფროს დას უთხრა, ერთი საოცარი კაცი გავიცანი, სულ თვალებში მიყურებს და ჩემთვის წყალსა თუ ცეცხლში გადაეშვებაო, კლარენსმა თავი გააქნია:

– შენც ნახე, რა, დრო ფლირტისათვის. ვინაა?

– ჟურნალისტია.

– გამაცანი, – კლარენსმა გაიცინა, – შემდეგ ჩემს აზრსაც გეტყვი.

ჯიმი მორიდებული უჯდა მაგიდას. ნორა და კლარენსი მდუმარედ მისჩერებოდნენ მას. კლარენსი თავაზიანად იღიმებოდა. ნორა სერიოზული სახით მისჩერებოდა დას, ეტყობა, არ მოსწონდა, რომ კლარენსი მის სტუმარს ასე უცქერდა.

– მშობლები ცოცხლები გყავთ? – ჰკითხა კლარენსმა ჯიმის.

– არა. მამაჩემი ბაზარში გამყიდველად მუშაობდა, დედა 4 წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა. დავრჩით მე, მამა და ჩემი წლინახევრის დაიკო სალი. მალე მამამ ახალი ცოლი შეირთო, ერთი ლოთი და აშარი ირლანდიელი დედაკაცი. არც ჩვენ გვივლიდა, არც სახლს ალაგებდა. მამაჩემის მიერ მოცემულ ფულს კი არაყში ხარჯავდა. მამამაც გარე-გარე დაიწყო სიარული, სამსახურიდან პირდაპირ დუქანში მიდიოდა და მთელ ფულს სასმელში ხარჯავდა. მთვრალი ჩვენც გვცემდა და ცოლსაც. დედინაცვალი დუქანში მიუვარდებოდა ხოლმე და სცენებს უმართავდა.

ერთხელ სერიოზულად იჩხუბეს. მედუქნემ პოლიცია გამოიძახა. მთვრალმა მამაჩემმა პოლიციელს გაარტყა, თანაც ისე ძლიერ, რომ მოკლა. მამა დააპატიმრეს. მოგვიანებით ის ციხეში გარდაიცვალა. დედინაცვალმა აიკრიფა გუდანაბადი და მიგვატოვა. დავრჩით მე და სალი. მალე ქურდობისათვის დამაპატიმრეს, სალის რა დაემართა, არ ვიცი, მას შემდეგ აღარ მინახავს. ციხიდან გავიქეცი. ერთხანობას ვმაწანწალობდი, ვმათხოვრობდი, ვქურდობდი, შემდეგ, ღვთის წყალობით, ერთ კეთილ ჯენტლმენს შევხვდი. მან მიშვილა, მომიარა, აღმზარდა. მისი დამსახურებაა, რომ ჟურნალისტი გავხდი…

ჯიმი გვიან ღამემდე იჯდა დებთან.

– აბა, რას იტყვი მასზე, კლარენს?

– შორს დაიჭირე მისგან თავი. მასში არის რაღაც ხელოვნური, არაბუნებრივი. ამას გარდა, ჩვენს მდგომარეობაში…

ნორა კვლავ აგრძელებდა შეხვედრას ჯიმისთან. ორივენი ვნების მორევში გადაეშვნენ, მათთვის ერთმანეთის მეტი თითქოს არავინ არსებობდა.

სახიფათო თხოვნა

– მისმინე, ჯიმ, შეგიძლია ჩემთვის თავი გასწირო? გაფრთხილებ, საქმე საშიშია. შეიძლება დაგაპატიმრონ, გაწამონ, მოგკლან.

– არაფერია, შენი გულისათვის ყველაფრისთვის მზად ვარ.

– წახვალ ამა და ამ მისამართზე, გეცმევა აი, ეს ქურთუკი. ეტყვი, მისის უორშიპი რძეს ელის და როდის გავუგზავნოთო. როდესაც დაბრუნდები, ქურთუკს ჩამაბარებ, ესაა სულ.

ჯიმმა მორჩილად შეასრულა ყველაფერი. ხსენებულ მისამართზე მას ხანშიშესული და ფრიად უჟმური მამაკაცი დახვდა.

– ყმაწვილო, ქურთუკი გაიხადეთ, ცხელა.

ჯიმი ასეც მოიქცა. როდესაც საღამოს ნორას შეხვდა, გაოცებულმა უთხრა:

– უცნაური კაცია, არ მომეშვა, სანამ ქურთუკი არ გავიხადე, შემდეგ ქურთუკიანად მეორე ოთახში გავიდა. მითხარი, რატომაა მასთან ვიზიტი საშიში?

– მაგას ვერ გეტყვი. თუ გეშინია, შეგიძლია აღარ წახვიდე.

– რა, კიდევ გამაგზავნი მასთან?

– უარს მეტყვი?

ჯიმი კიდევ რამდენჯერმე ესტუმრა მისტერ ეტვუდს. ხან კალათით ხილი მიართვა, ხანაც – კექსი. ერთხელ მისტერ ეტვუდმა უთხრა:

– წახვალთ ამა და ამ მისამართზე და მისტერ ფილდინგს ამ ბოთლებს გადასცემთ. არაყია, საზიზღრობაა, მაგრამ ზოგიერთები სიამოვნებით მიირთმევენ.

ჯიმმა ყველაფერი ზუსტად შეასრულა.

უკანასკნელი შეხვედრა

– მარტო ხარ, ნორა?

– ჰო, შემოდი.

ჯიმმა კარი დაკეტა და ოთახში შევიდა. ნორას სახე გაფითრებოდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა.

– კლარენსი მალე დაბრუნდება?

– ნახევარ საათში.

– საკმარისია! – ჯიმმა თავი გააქნია, – დავიწყოთ იქიდან, რომ კლარენსი აღარ დაბრუნდება, ის დააპატიმრეს. მისტერ ეტვუდი და მისტერ ფილდინგიც დაპატიმრებულები არიან, ღრმად პატივცემულო მის სოლსბერი.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნორა უსიტყვოდ მისჩერებოდა მას და არ იძვროდა.

– სხვათა შორის, გირჩევთ, ხელები მუხლებზე გეწყოთ, – კაცმა რევოლვერი აჩვენა, – თქვენ დაპატიმრებული ხართ. პოლიციელები ზუსტად ნახევარ საათში მოვლენ, მანამდე ზოგიერთი წვრილმანი გავარკვიოთ.

– უხერხულია ისაუბრო მამაკაცთან, რომლის სახელიც არ იცი, – ნორამ მწარედ ჩაიცინა, – გაქცევის შანსი ხომ აღარა მაქვს, ჩემს დას არ მივატოვებ.

– არ გინდათ, მის სოლსბერი, კლარენსი ხომ თქვენი აგენტი-მეკავშირეა და არა – და.

– მაშ ყველაფერი იცით? – ნორას ხმა აუკანკალდა.

– ვიცოდით, რომ ნორა რენდალი სინამდვილეში იაკობისტური იატაკქვეშეთის აქტივისტი და ლორდ სოლსბერის ქალიშვილი იყო. ინგლისში ფრანგების დახმარებით შემოიპარეთ, გადატრიალების მოწყობის მცდელობა ჩაიფუშა. მაშინ გადაწყვიტეთ, ლონდონის პურის საწყობები აგეფეთქებინათ. არაყი, რომელიც ეტვუდმა იმ ფილდინგთან გამატანა, სინამდვილეში ასაფეთქებელი მასალა იყო, თუმცა რატომ ეტვუდი? ის ხომ პოლკოვნიკი როჯერ მურია, ფილდინგის ნამდვილი გვარი კი…

– თუ ყველაფერი იცოდით, რატომ არ დაგვაპატიმრეთ?

– მაშინ სამხილი არა გვქონდა, ახლა კი თავად მოგვეცით, როდესაც ეტვუდმა ასაფეთქებელი გამატანა, ქურთუკში კი წერილი იყო დამალული. ხომ არ მეშლება?

– მაშ, ჩვენი პირველი შეხვედრა, როდესაც ხულიგნებისაგან დამიხსენით, ის…

– მარჯვედ დადგმული სპექტაკლი იყო, ,,ხულიგნები” ჩემი აგენტები არიან.

– თქვენი ნამდვილი სახელი, რა თქმა უნდა, ჯეიმს ბალიზეტი არაა.

– დიახ, ქალბატონო. მე სულ სხვა სახელი და ბიოგრაფია მაქვს.

კაცმა რევოლვერი შემართა. ლედი სოლსბერი არ განძრეულა. მის სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხეულა.

– მესროლეთ. ჩემს სიცოცხლეს აზრი არა აქვს. მამაკაცი, რომელიც მიყვარდა, ჯაშუში აღმოჩნდა, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს.

– მე ჯაშუში კი არა, მზვერავი ვარ. ჯაშუში ხალხს აბეზღებს. მზვერავი თავისი ქვეყნის მტრებს ებრძვის.

– მესროლე, – მშვიდად წარმოთქვა ნორამ.

ჯიმმა ჩახმახი შემართა, მაგრამ შემდეგ ხელი ნელ-ნელა დაუშვა.

– არ შემიძლია. მართლა შემიყვარდი, – მას ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები, – წადი, – ყრუდ წარმოთქვა კაცმა, – აი, შენ ფული და ბილეთი ლივერპულამდე. იქ გემში ჩაჯდები. რას მომჩერებიხარ? წადი, პოლიცია საცაა, მოვა.

– შენ რა გქვია?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

– ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ მეც მიყვარხარ, მართლა მიყვარხარ. აბა, მშვიდობით, ჯიმი, თუ რა გქვია, არ ვიცი.

– მე დანიელი მქვია, დანიელ დეფო.

ეპილოგი

დანიელ დეფო ჩვენში ცნობილია, როგორც მწერალი. არაერთი თაობა აღიზარდა მის ,,რობინზონ კრუზოზე”. დეფო კიდევ ბევრი შესანიშნავი წიგნის ავტორია, თუმცა მისი ორმაგი ცხოვრება ჩვენში ნაკლებადაა ცნობილი. დეფო არა მხოლოდ დიდი მწერალი, არამედ დიდი მზვერავიც იყო. გარკვეული პერიოდი იგი ინგლისის საიდუმლო სამსახურსაც ედგა სათავეში.

ლედი სოლსბერის საქმე დეფოს პირველი ოპერაცია გახლდათ. მას მართლა თავდავიწყებით შეუყვარდა ლედი სოლსბერი ანუ ნორა, რომელსაც გაქცევის საშუალება მისცა. ამის გამო დეფო უფროსებმა გვარიანად გაკიცხეს, თუმცა ის ბედნიერი იყო, რადგან შეძლო საყვარელი ქალის გადარჩენა. როცა ნორას ემშვიდობებოდა, უთხრა:

– აბა, შენ იცი, ჭკუით იყავი, თავს გაუფრთხილდი. სანამ ეს მთავრობაა, ინგლისში ნუღარ დაბრუნდები. ჟურნალისტსაც ნუღარ შეიყვარებ. ჟურნალისტები შარიანი ხალხი ვართ.

ნიკა თევზაძე, ჟურნალი სარკე (ქვემოთ – დანიელ დეფოს პორტრეტი)

,,ნუღარ შეიყვარებთ ჟურნალისტს" - დანიელ დეფო - ცნობილი მწერალი და მზვერავი