ნინო ადამაშვილი: ,,7 ზომა მკერდის გამო ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი”

ნინო ადამაშვილი: ,,7 ზომა მკერდის გამო ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი"მსახიობი ნინო ადამაშვილი 2 წელია სკანდალებშია, ანუ მას მერე, რაც კონკურსი ..მის მკერდი” დააარსა. უსიამოვნო აჟიოტაჟის გამო პროექტს სახელიც კი შეუცვალა და ,,მის დეკოლტე” დაარქვა.

კონკურსის მიზნები კეთილშობილურია. პოდიუმზე გასული ქალები დიეტებს და შიმშილს ,,არა”-ს ეუბნებიან და ანორექსიით დაავადებულებს ამხნევებენ, სოლიდარობას უცხადებენ. კონკურსანტების შერჩევის კრიტერიუმები კი ძალიან მარტივია – მთავარი მხოლოდ ლამაზი მკერდია, რომლის ზომაც 3-დან იწყება.

— ნინო, როგორ მოვიდათ ქვენთან იდეა, რომ ჩაგეტარებინათ კონკურსი “მის მკერდი”?

– 2016 წელს გამიჩნდა იდეა, საქართველოში ჩამეტარებინა ,,მის მკერდი”, რომლის ანალოგიც ტარდება უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში და არის საქველმოქმედო. შემოსული თანხა მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს ერიცხებათ. ჩვენც გავაკეთეთ იდენტური კონკურსი, მაგრამ რატომღაც ჩვენს ქვეყანაში ადეკვატურად ვერ მიიღეს.

— რატომ, ვისგან მოჰყვა არაადეკვატური რეაქცია?

– ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის უფლებადამცველ ბაია პატარაიასგან. ამ თემაზე ჩაატარეს ბრიფინგი და მკერდმოკვეთილი ქალების დისკრიმინაციაში დაგვადანაშაულეს. ამას მოჰყვა მკერდმოკვეთილი ქალების რაღაც ნაწილის გაღიზიანება, რაშიც ჩაერთვნენ სასულიერო პირებიც და მთხოვეს, რომ კონკურსისთვის სხვა დატვირთვა მიმეცა.

— სასულიერო პირებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ შეხვედროდით?

– ერთ მოძღვარს და დედას შევხვდი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ჩემთვის სასულიერო პირების მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

— ამჯერად რა პრობლემას ეხმაურებით, ვის უცხადებთ სოლიდარობას?

– მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი სამოდელო სააგენტო ანორექსიას ებრძვის და ამ კონკურსით ამ პრობლემას ვეხმაურებით.

– კონკურსს სახელი ამის გამო შეუცვალეთ?

– ,,მკერდი” ძალიან ეპატაჟურია და ძალიან ყვირის, ,,დეკოლტე” კი უფრო რბილი სიტყვაა. ძალიან ბევრ გოგონას ჰქონდა ოჯახიდან ან შეყვარებულის მხრიდან ამ სახელწოდების გამო დიდი პრობლემები და წინააღმდეგობა.

— ისევ საქველმოქმედოა ეს კონკურსი?

– საქველმოქმედო დატვირთა აღარ აქვს, უბრალოდ ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ასეთ ქალებს. ფუმფულა, ჭარბწონიან, მაღალ, დაბალ ქალებს ვეუბნებით, რომ მათაც შეუძლიათ პოდიუმზე გასვლა, თუ აქვთ ლამაზი მკერდი და დეკოლტე. ჩვენ ვეუბნებით დიეტას და შიმშილს “არა”-ს! გამოვდივართ ისეთები, როგორებიც რეალურად ვართ და არა – შიმშილის ზღვარზე მყოფები.

ამ კონკურსის დაარსების და ჩატარების მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო დიდი მკერდის პოპულარიზაცია და ბულინგის წინააღმდეგ გალაშქრება.

თვითონ მაქვს 7 ზომა მკერდი და ძალიან ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. ამის გამო სულ მოხრილი დავდიოდი, ხერხემალზე პრობლემები დამეწყო. ერთ-ერთმა ჟურნალმა ყდაზე გამიყვანა და პირდაპირ დააწერა სათაური: ,,როგორ უგზავნიან ნინო ადამაშვილს მეგობრები ბიუსტჰალტერებს საზღვარგარეთიდან” და ,,ანომალია!”. 7 ზომა მკერდი თურმე ანომალია ყოფილა. ეს არ იყო ჩემი დისკრიმინაცია? ჟურნალისტმა მიწოდა ანომალიური!

ზუსტად ჩემს დღეშია ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი, რომელიც ,,მის დეკოლტე 2018″-ის ჟიურის თავმჯდომარეა.

— თქვენთან მოდიან ისეთები, რომლებიც დიდი მკერდის გამო პოდიუმისთვის დაიწუნეს?

– ბევრი მოდელი მოსულა ჩვენთან, ვისაც უნდოდა, მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა კონკურსებში, როგორებიცაა ,,მის საქართველო”, ,,მის თბილისი”. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრებში ჯდებოდნენ, იყვნენ ლამაზები, მკერდის ზომა ჰქონდათ დიდი და უარს ეუბნებოდნენ.

— საქართველოში ამგვარი კონკურსის ჩატარება ცოტა ადრე ხომ არ იყო?

– რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ ამხელა რეზონანს გამოიწვევდა, ნამდვილად არ მეგონა… დავიღალე ამდენი სკანდალით. მეც ადამიანი ვარ, დედა ვარ, მეუღლე და მეც მაქვს ჩემი ნერვები!

— რატომ არის ყოველ წელს ეს კონკურსი სკანდალური?

– ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, რომ დაწყევლილია. უკვე ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა და დაგვწყევლა. დავიღალე ამდენი სკანდალით.

– ვინ შეიძლება ჯადოს გიკეთებდეთ?

– ალბათ სხვა სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები, რომლებიც მანქანებს ათამაშებენ კონკურსებზე, საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროში ატარებენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ ბევრი ფული აქვთ, მაგრამ არ აქვთ ის რეიტინგი, რაც ჩვენ.

ორ მანქანას რომ გაათამაშებ და ერთი ტელეკომპანია რომ გყავს გასაშუქებლად, მგონი, ძალიან ,,ტეხავს”. მე ამ პირობებში ვაკეთებ ამ კონკურსს და თქვენ იცით, რომ აფეთქებულია ყველა ტელეკომპანია, ინტერნეტპორტალები, ჟურნალები. რუსეთის არხმაც კი გააკეთა სიუჟეტი ჩვენზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, სომხეთის სახელმწიფო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა ,,მის მკერდი 2017″-ის ფინალური შოუ. აი, ეს ყველაფერი შურთ!

— ოჯახის წევრებს რა რეაქციები აქვს იმ უსიამოვნო აჟიოტაჟზე, რაც თქვენი კონკურსის გარშემოა?

– არ სიამოვნებთ და ბრაზდებიან. მეუღლეს ჩემი საქმიანობა არ აღიზიანებს, რადგან იცის, რასაც ვაკეთებ და როგორ.

— ამ საკითხზე მასთან არასოდეს გიკამათიათ?

– სერიოზული კამათი არ მოგვსვლია, მაგრამ შელაპარაკება გვაქვს ხოლმე.

— არ მოუთხოვია, დაგენებებიათ თავი ამ საქმიანობისთვის?

– არა. ერთხელ ვისაუბრეთ კიდეც ამ საკითხთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს თავს არ დავანებებ, რადგან ეს არის ჩემი პროექტი, მხოლოდ მე მაქვს ამის უფლებამოსილება. ორი შვილი მყავს და ეს კონკურსიც შვილივით მიყვარს, ჩემს მესამე შვილს ვეძახი.

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე, 2018 წელი

ნინო ადამაშვილი: ,,7 ზომა მკერდის გამო ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი"