ლუბა ელიაშვილი: ”ჩემს პარალიზებულ ხელ-ფეხს გაუმჯობესება დიდად არ ეტყობა”

ლუბა ელიაშვილი: ”ჩემს პარალიზებულ ხელ-ფეხს გაუმჯობესება დიდად არ ეტყობა”2018 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ისევ სამსახურის გარეშე დარჩა, ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა უკვე მეორედ იძულებით შეაჩერა. პირველად არხი 2003 წელს დაიხურა. მაშინ ქალბატონი ლუბა “იბერიაში” საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, ბოლო დროს კი ამავე ტელეკომპანიაში გადაცემა “დიალოგი” მიჰყავდა. ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იცის, ეკრანს დაუბრუნდება თუ არა. სამაგიეროდ სხვა გეგმები აქვს, რომლებიც ჩვენც გაგვიმხილა. ინტერვიუ 2018 წლის შემოდგომაზეა ჩაწერილი.

– ქალბატონო ლუბა, მეორედ დაიხურა ტელეკომპანია “იბერია”. როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რომლებიც არხის ირგვლივ ვითარდებოდა?

– ეს პროცესები მრავალფაქტორიანია და ერთმანეთსაა გადაჯაჭვული თავისუფალი ბიზნესის წარმოებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხები. ბოლო დროს ამ ყოველივეს დაემატა ისიც, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სცადეს, სათავისოდ გამოეყენებინათ კონკრეტული ბიზნესისა და ტელეკომპანიის გასაჭირიც, ისევე, როგორც შვილმოკლული მამების გასაჭირი.

“ომეგა ჯგუფის” წინააღმდეგ ხელისუფლების გალაშქრება პირველად არ მოხდა. მას სერიოზული ზარალი მიადგა 2004 წლის 19 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად. საბაბი ის იყო, რომ “ომეგას” კუთვნილ ობიექტებში თითქოსდა ყალბ აქციზურ მარკებს ეძებდნენ. არადა ყალბი აქციზური მარკა არათუ “ომეგას” ობიექტებზე, ქართულ ბაზარზეც არ არსებობდა და არც სადმე სხვაგან უნახავს ვინმეს.

ძალადობა და უსამართლობა იყო იმის მიზეზი, რომ მე და საზოგადოების დიდი ნაწილი 2012 წელს მივედით არჩევნებზე და ხმა მივეცით “ოცნებას”, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში.

სამწუხაროდ, ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს მიერ დარღვეული სამართლიანობა მხოლოდ “ქართუ ჯგუფის” მიმართ აღდგა და ეს პროცესი სხვას არავის შეეხო, მათ შორის არც “ომეგა ჯგუფს”. აუნაზღაურებელი ზარალი ძალზე მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ბიზნესისთვის და ვეღარ შეძლო გამკლავება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ დახურა “იბერია” არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს ფაქტი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება აპირებს, დამოუკიდებელი არხის გაჩერებით არჩევნების გაყალბებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას.

– რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მოგეცათ საშუალება, ისევ დაბრუნებოდით ტელეეკრანს. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– გამოგიტყდებით, თავიდან ცოტა შემეშინდა კიდეც, შევძლებდი თუ არა გადატანილი ინსულტის შემდეგ პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანას. მაინც გავბედე და წავიყვანე. პირდაპირი ეთერი ჩემი პირობა იყო, არ მიყვარს ჩაწერილი გადაცემები.

– ათეულობით წელია ქართულ ჟურნალისტიკაში ხართ, როგორ ფიქრობთ, ვითარდება თუ არა ჟურნალისტიკა, როგორც მთავარი მაკონტროლებელი რგოლი?

– ნამდვილად ვითარდება. ეს დამანახა იმ უზარმაზარმა ჟურნალისტურმა სოლიდარობამ, რომელიც კოლეგებმა ჩვენ მიმართ გამოხატეს.

– მინდა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხოთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– ვერ დავიტრაბახებ, ჩემს პარალიზებულ ხელ-ფეხს გაუმჯობესება დიდად არ ეტყობა. ცოტა ჩემი ბრალიცაა, ანგარიშს ვუწევ ოჯახის ფინანსურ პრობლემებს და დაღლილობის მომიზეზებით ვარჯიშის რამდენიმე კურსი გამოვტოვე.

მოგეხსენებათ, კვალიფიციური მკურნალობა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ძვირი სიამოვნებაა. ამ მიზეზით ჩემებს ვეუბნები, რომ დავიღალე და ვცდილობ, თავად ვიყოჩაღო, იმდენს ვივარჯიშებ, რამდენიც თვითონ შემიძლია. ადრე თუ გვიან ალბათ შევძლებ ეტლის გადაგდებას. რაც შეეხება გონებას, მგონი, ჯერ არ მღალატობს.

– ცოტა ხნის წინ წავიკითხე, ლუბა ელიაშვილი დეპრესიაში არისო. რა იყო ამის მიზეზი?

– ეგ იმას ჰკითხეთ, ვინც ასეთი რამ დაწერა ან გითხრათ. ისე, ანტიდეპრესანტი დანიშნული მაქვს და ვიღებ იმ დოზით, როგორც ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას სჭირდება. ვცდილობ, ექიმის მეთვალყურეობით ეს დოზაც შევამცირო.

– ეკრანზე საკმაოდ მკაცრი და შეუპოვარი ჩანხართ. როგორი ხართ სახლში?

– ვინც მიყვარს, მათთვის ძალიან იოლია ჩემს თავზე წამოჯდომა, მათ შორის შინაური ცხოველებისთვისაც. მეც მსიამოვნებს ჩემი საყვარელი ადამიანების გახარება. ამ ბოლო დროს ოთახის მცენარეების მოვლამ გამიტაცა, თვითონაც ხარობენ და მეც მახარებენ.

სანამ ფეხზე ვიდექი, საოჯახო საქმეები გამომდიოდა. განსაკუთრებით მზარეულობა მიყვარს და მიხარია, ჩემი შრომის შედეგს რომ შემიქებენ სუფრასთან. რაც ეტლში ვზივარ, სადღესასწაულო სუფრის გაშლაში ჩემი დედიკო, დაიკო და რძალი მეხმარებიან. ამ ერთობლივი კულინარიული ნაწარმით ისე ვიწონებ თავს, თითქოც მარტო მე ვიყო ავტორი.

– თქვენი მეუღლე, ბატონი შალვა შავგულიძე არ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში?

– სხვა რა გზა აქვს. ოღონდ მე კი არა, ჩემს დას და დედაჩემს ეხმარება. ერთობლივი ძალებით მივლიან და ვიდრე ასეთ დღეში ვარ, ჩემთან ცხოვრობენ. ისე, შალვასავით კარგად ჩაის დაყენება და ყოველდღიური საუზმის მომზადება ოჯახში არავინ იცის.

– შვილებზეც გვიამბეთ, რას საქმიანობენ, რით არიან დაკავებული.

– უფროსი შვილი, გიორგი უმუშევარი იურისტია და ადვოკატის ლიცენზიის აღებას აპირებს, საჯარო სამსახურს ადვოკატის თავისუფალი პროფესია ურჩევნია. არჩევნების დროს მამამისს ეხმარება ხოლმე, რასაკვირველია, უსასყიდლოდ. კიდევ მე მატარებს ვარჯიშებზე.

ქალიშვილმა ამერიკის ერთ-ერთ სახელოვნებო ინსტიტუტში ჩააბარა წარმატებით. დაფინანსებაც მიიღო და ილუსტრაციის ხელოვნებას სწავლობს.

– დაბოლოს, გიხილავთ თუ არა ისევ ტელეეკრანზე?

– ეს ის ერთადერთი შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა მიჭირს. ერთი კი ვიცი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლუბა ელიაშვილი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას რომელიმე უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პროფესორის ვაკანსიაზე და ვნახოთ, რა იქნება.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019