ლიცი შუბითიძე: ,,მოსეს კვერთხისეული ძალა აქვს ქალს!..”

ლიცი შუბითიძე: ,,მოსეს კვერთხისეული ძალა აქვს ქალს!..''მწერალი ლიცი შუბითიძე ქა;ებს დედის დღეს ორიგინალურად ულოცავს:

,,მოსეს კვერთხისეული ძალა აქვს ქალს! დავბერდი კაცი, მაგრამ დღესაც ისეთივე ჟრუანტელმომგვრელი განცდა მეუფლება ლამაზი ქალის დანახვის დროს, როგორც ახალგაზრდობაში.

ამ დროს კაცი და ჭკუა სად გაგონილა: მზად ვარ, ჰაერში მალაყი გავაკეთო, ყირაზე დავდგე.

განცდა, რომელიც ლამაზი ქალის დანახვის დროს თავისდაუნებურად ეუფლება მამრს, სამყაროს შექმნასთან ერთად ჩაისახა მამაკაცის ბუნებაში, პირველი „მსხვერპლი“ ადამი იყო, ის „ამჩატდა“ პირველად.

ნამდვილად ღირდა თქვენი გულისთვის სამოთხიდან გამოძევება, რამეთუ სამოთხე თითოელ ქალშია!

და არ აქვს მნიშვნელობა ლამაზია თუ ულამაზო, ჩემთვის ყველა ქალი ბესტსელერია!

დღევანდელი დღე, გურამ ოდიშარიას პატარა, ძალიან ლამაზი ჩანახატით მინდა, მოგილოცოთ:

,,ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს!

თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას!

ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს!

ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს!
ქალებს-პირამიდებს!
ქალებს-აისბერგებს!

იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც!
იმათ სინათლეს გაუმარჯოს!

რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ!

იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე დაჩოქილები სვამდნენ!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს,  რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება!

ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და, რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს!

მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ!

მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!…მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!…

მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან!

იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ!
მათ სიზმრებს გაუმარჯოს!

მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას…

რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები…

რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები…

იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს!”.

ყველა დედას და მომავალ დედას გილოცავთ დედის დღეს!”.