ლიანა ჩოფლიანი: ,,შემოგრიალდა ეზოში ჯიპი, გადმოვიდა ბრილიანტებში ჩამჯდარი ორი ქალი…”

ლიანა ჩოფლიანი: ,,შემოგრიალდა ეზოში ჯიპი, გადმოვიდა ბრილიანტებში ჩამჯდარი ორი ქალი..."ლიანა ჩოფლიანი დიდ დიღომში, მოხუცებულთა სახლის ბინადრებზე ,,გზასთან” ყვება ისტორიებს, რომლებიც ალბათ ბევრ ადამიანს დააფიქრებს.

– მომართვა როგორ ხდება? ხშირად მოჰყავთ შვილებს მშობლები?
– საუბედუროდ, ასეა. რუსეთში ვსწავლობდი, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში დავყავდით. თავს ვიწონებდი, ჩვენთან, საქართველოში მოხუცებს თავშესაფარში არავინ აბარებს-მეთქი. ახლა კი…

ერთხელ შემოგრიალდა ეზოში დიდი ჯიპი, გადმოვიდა ოქროსა და ბრილიანტებში ,,ჩამჯდარი” ორი ქალბატონი, დაათვალიერეს თავშესაფარი და მითხრეს, ისე მოგვწონს თქვენთან, მამიდას შემოსახლება გვინდაო.

ერთ-ერთი ქალბატონის ქალიშვილისთვის ბინა დაუტოვებია, მაგრამ, – ჩემი გოგო გათხოვდა და აბა, რომელ სიძეს უნდა სიდედრის მამიდა სახლშიო?! ასეთი შემთხვევები ბევრია. ცალკე უბედურებაა ბანკები და კაზინოები. ბანკების ვალის გამო ბევრი დარჩა უბინაოდ, ბევრიც კაზინოში თამაშობს და კოტრდება. არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ მიდიან და შვილი მშობელს თბილისში ტოვებს.
-ყველაზე ხშირად ვინ მოგმართავენ: ისინი, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვთ ასაკოვანი ოჯახი წევრი თავისთან ჰყავდეთ, თუ ისინი, ვისაც რეალურად არ აქვთ ლუკმაპური?
-რამდენიმე მაგალითს გეტყვით: გვყავს ერთი, დიაბეტიანი, თან მხედველობის პრობლემები აქვს. ოჩამჩირედან დევნილია, შვილი გარდაეცვალა, რძალი და შვილიშვილები კიევში ცხოვრობენ; მეორეს ქმარი და მული სახლში ცოცხლად დაუწვეს, შვილი დაეღუპა, არავინ დარჩა და ჩვენთან ცხოვრობს; მესამეს შვილიც აფხაზეთის ომში დაიღუპა, თუმცა მეორე შვილი – ქალიშვილი და სიძე ჰყავს ბათუმში. პენსიაც კარგი აქვს, როგორც ოჯახის მარჩენალის დამკარგველს, მაგრამ აქ მოიყვანეს. ერთი ოჯახიდან სამი წევრი გვყავს: ბებია, მისი შვილი და შვილიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევა თანაბრადაა.
ანა კალანდაძე, გზა