ლია ლიქოკელი: “ეს დედამოტ..ული სილამაზის სტანდარტები ბოროტებაა ქალობრიობის წინაშე”

ლია ლიქოკელი: "ეს დედამოტ..ული სილამაზის სტანდარტები ბოროტებაა ქალობრიობის წინაშე" პოეტმა ლია ლიქოკელმა ფეისბუქში დაწერა:

“ადამიანებს უამრავი რამის ეშინიათ – სიმაღლის, ობობების, ცოცხლად დამარხვის, აი მე კი სილამაზის სალონების, ამ ჯანდაბა ესთეტიკდაწესებულებებისა და პროცედურების მეშინია, ამიტომაც მხოლოდ თმის შესაჭრელად ვაკითხავ, დანარჩენს ვიკიდებ.
სტრესის შესამცირებლად, წლებია არ შემიცვლია სალონი და თმის შემჭრელი გოგო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ორიოდე გამართული წინადადება თუ მექნება მისთვის ნათქვამი, ჩემი შიშის გამო. ამ ზამთარს წესისამებრ მოულოდნელად გადავწყვიტე თმის შეჭრა და როგორც ყოველთვის, პირდაპირ მივადექი. შევაბიჯე მუხლებმოკვეთილმა და – ახლა არ მცალიაო, მითხრა, და მოდი, წინასწარ დამირეკე ხოლმეო.
აი აქ მივხვდი, რომ საშინელებაზე უფრო დიდი საშინელებაც არსებობს – ასეთ ადგილებზე მეტად ტელეფონის და დარეკვის მეშინია.
მორჩა-მეთქი, ვიფიქრე. წარმოვიდგინე, როგორ იზრდება ჩემი თმა, ჯერ მუხლამდე, მერე წელამდე, კოჭებამდე, მერე ვკვდები, მიმასვენებენ და გზებს ეფინება ჩემი კუბოდან გადმოშრიალებული თმა.
ზუსტად ორი კვირა ვიჯექი და ვემზადებოდი დასარეკად. ბოლოს როგორღაც შევძელი და ვიფიქრე, რომ მორჩა, ცხოვრების მთავარი ამოცანა შევასრულე.
მაგრამ რად გინდა. ამ დებილმა თმამ იმ ღირსშესანიშნავი შეჭრის შემდეგ კიდევ გააგრძელა ზრდა.
უკვე ორი თვეა, ვზივარ და ხელახლა ვემზადები. იქამდე მივედი, რომ ავიღე მაკრატელი და პერიოდულად უშნოდ გამოშვერილ თმის ბღუჯას წავიკრეჭ ხოლმე. ამასობაში იქნებ ვისწავლო კიდეც კრეჭა და საერთოდ აღარ დამჭირდეს მისვლა.
აი რა ქნან ჩემნაირმა ადამიანებმა. თმა კიდევ ჯანდაბას, იმდენი მოთხოვნაა ჩვენი საწყალი სხეულების მიმართ, ვერ გაწვდები. მერე მოგდგებიან, მოუვლელს გიძახებენ, ვინმე ლამაზთან გაგექცევიან, ისა, ესა. არადა არაა ჩვენთვის ასეთი ამბები. სულ ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, სინთეტიკური სხეული მქონოდა, სტანდარტული ქარხნული წარმოების სხეული, პერიოდულად დენის წყაროსთან მიერთება დამჭირდებოდა დასატენად და ვსო.
ამდენი კი იმიტომ ვილაპარაკე, რომ კიდევ ერთხელ მეთქვა, როგორ მძულს და რა საზიზღრობაა ეს ე.წ. თავის მოვლის დამკვიდრებული სტანდარტები, პუტვა, ჭიმვა, კორექციები, კრემები, მეიქაფები, ტრაკისამწევი ვარჯიშები, ანტიცელულიტობები, დიეტები. ეს დედამოტყნული სილამაზის სტანდარტები. ეს არის ბოროტება, ეს არის დანაშაული კაცობრიობის და უფრო ქალობრიობის წინაშე.
მძულს და მეზიზღება.
ჰოდა, ავწევ მაღლა ამ ჩემს ყვავისბუდე თავს, არასტანდარტულ ცხვირს, მზეს მივუშვერ ჩემს ჭორფლიან და დაუკრემავ და ნაოჭებგამოყრილ სახეს და გაუპუტავ წარბებს და ლაქმიუკარებელ ხელებს და ვივლი ასე და დავბერდები იქნებ უფრო ადრე, იქნებ უფრო უშნოდ, მაგრამ თავისუფლად ხომ მაინც ვიგრძნობ თავს. ჩემი თავის პატრონად და ჩემს თავად. მაინც ყველანი დავიხოცებით. მაინც ყველას ერთნაირი ვარცხნილობა გვექნება იქ, მიწაში რომ დავბრუნდებით.

ლია ლიქოკელი – “შუახნის კაცმა დამიჭირა ქუჩაში და მიზელდა ძუძუებს, მე ხმა ვერ ამოვიღე…”