გივი მარგველაშვილი – ქართველი გენიოსის ცხოვრება – ვიდეო

გივი მარგველაშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი, დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.

გივი მარგველაშვილმა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობდა იქვე გერმანულის მასწავლებლად, ასევე – ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, 40-ზე მეტი წლის შემდეგ, მას პირველად მისცეს უფლება, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი ქართულად თარგმნა კარლო ჯორჯანელმა), აგრეთვე რომანები – „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ) და „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები – „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად – მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით – ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი.

ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში. გივი მარგველაშვილი 2016 წელს ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.