გიორგი ქორქია მეცხვარის ძაღლებმა ორჯერ დაგლიჯეს – ”ყველაზე მეტად ზღვის შიში მაქვს”

გიორგი ქორქია მეცხვარის ძაღლებმა ორჯერ დაგლიჯეს - ”ყველაზე მეტად ზღვის შიში მაქვს”ყოველ სამშაბათს “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა, საქართველო” ჟურნალისტი გიორგი ქორქია წარმოგვიდგენს რუბრიკას “იმოგზაურე გიორგი ქორქიასთან ერთად”, სადაც საქართველოს ყველაზე ლამაზ, გამორჩეულ ადგილებს, უჩვეულო სოფლებს და ადამიანებს წარმოაჩენს.

გიორგისთვის მოგზაურობა და ლაშქრობა უფრო ორგანულია, ვიდრე სტუდიაში მუშაობა. ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები და წარმოაჩინოს ამა თუ იმ სოფლის მკვიდრნი, რომლებიც საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ.

ბოლო დროს ტელეწამყვანი საქართველოს სოფლებმა ისე გაიტაცა, რომ სერიოზულად დაფიქრდა სოფელში საცხოვრებლად გადასვლაზე. თავის სიბერეს ყველა ვარიანტში მთიან აჭარაში ხედავს, ლამაზი ხედებითა და ფუტკრის სკებით გარშემორტყმულ ადგილზე.

– გიორგი, რაც სტუდიიდან გამოხვედით და ლაშქრობები დაიწყეთ საქართველოს მასშტაბით, მგონია, რომ უკეთ გრძნობთ თავს.

– კი, ჩემი ამპლუაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე, რომელსაც ვაკეთებ, სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. 5 წელი ვიმუშავე დილის გადაცემის წამყვანად, ყოველი დილის 5-ის ნახევარზე ვიღვიძებდი და მივდიოდი სტუდიაში. ეს საქმე მალე რუტინას დაემსგავსა. როგორც კი გაჩნდა იდეა, სტუდიის გარეთ სიუჟეტები გამეკეთებინა და საინტერესო ადგილები აღმომეჩინა, მაშინვე ახალი ენერგია მომაწვა. საქართველოს დაცული ტერიტორიებით დავიწყე და ახლა უფრო საინტერესო სოფლებზე გადავერთე.

– თქვენი სიუჟეტებით რა გინდათ, რომ მაყურებელს აჩვენოთ?

– მინდა, მაყურებელს ვაჩვენო, რეალურად როგორია საქართველო თავისი სოფლებით, ხალხით და ყოფაცხოვრებით. ძალიან ბევრი სოფელია საქართველოში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ჩემთვის ნამდვილი გმირები არიან. მინდა, ხალხს ვაჩვენო, რომ სანამ ალპებსა თუ ინდოეთში მოგზაურობაზე იოცნებებენ, ჯერ საკუთარი ქვეყანა დაათვალიერონ. თუნდაც იმერეთს ან აჭარას თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს იმ ადგილებს, რომლებიც ულამაზესად ითვლება.

ძალიან მიხარია, რომ ჩემს სიუჟეტებს უკვე მოჰყვა გარკვეული შედეგები. მაგალითისთვის მოვიყვან იმერეთის სოფელ ტყემლოვანას, სადაც საუკუნეების მანძილზე აკეთებენ საუკეთესო ქვევრებს. ჭიათურის ეს მშვენიერი სოფელი აქამდე დავიწყებული იყო. როცა სიუჟეტი გადავიღე ოჯახზე, რომელიც ძველი ტრადიციით ქვევრებს ამზადებდა, მასპინძელი ამბობდა, წელიწადში ერთი-ორი შეკვეთა თუ მაქვსო. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მეღვინეები მიაწყდნენ ამ ოჯახს და მითხრა, ახლა ერთი წლის შეკვეთები უკვე წინასწარ მაქვს აღებულიო. სწორედ ეს არის ჩემი სიუჟეტების მიზანი.

– საქართველოს დაცული ტერიტორიები მეტნაკლებად ცნობილია ლაშქრობების მოყვარულთათვის. თქვენ რა აღმოჩენები გააკეთეთ ამ ადგილების მოვლისას?

– ბევრისთვის არის ცნობილი დაცული ტერიტორიები ტურისტული მარშრუტების ფარგლებში, მე კი ისეთი ადგილების ნახვა მიყვარს, რომელიც ამ მარშრუტებში არ არის. ვაშლოვანის ნაკრძალი ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერს ნახავ – უდაბნოს, მდინარეს, კლდეებს, კანიონებს. ეს არის ადგილი, სადაც თავი დედამიწაზე არ მგონია. იქ არის კრატერებიანი ტერიტორია და როცა იქ ვარ, თავი მარსზე მგონია.

დაცული ტერიტორიებიდან სოფლებზე იმიტომ გადავერთე, რომ უფრო მეტი აღმოჩენა გამეკეთებინა ჯერ ჩემი თავისთვის და შემდეგ მაყურებლისთვის.

– თავად თუ გაქვთ სოფელი ან სად იცხოვრებდით?

– არა, ჩემი წინაპრების ხუთი თაობა უკვე თბილისელია და სოფელი არასდროს მქონია. სიამოვნებით ვიცხოვრებდი მთიანი აჭარის სოფელში. ძალიან მაინტერესებს მეფუტკრეობა და ამ საქმით დავკავდებოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს თავს სოფელში ვხედავ.

ბევრი ჩემი მეგობარი თბილისიდან სოფელში წავიდა საცხოვრებლად და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან მეც ამ გზას დავადგები.

– რა გაოცებთ საქართველოს სოფლებში?

– ადამიანები. თუშეთში არის სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია. ამ სოფელში ცხოვრობს ერთი ადამიანი, ირაკლი ხვედაგურიძე. პროფესიით ექიმია და ზამთარ-ზაფხულ სოფელს არ ტოვებს.

მოგეხსენებათ, ზამთარში თუშეთი როგორი მოწყვეტილია გარესამყაროს, არც ტელეფონი იჭერს კარგად და ამიტომ ეს კაცი ფეხით ან ცხენით დადის და ახლომდებარე სოფლებს შემოივლის, რათა ადამიანებს დახედოს, შემთხვევით ვინმეს ექიმი ხომ არ სჭირდება. მას ალვანშიც აქვს სახლი და ოჯახიც ჰყავს. შეუძლია იქ მშვიდად იცხოვროს, მაგრამ ასეთი გზა აირჩია. ამ კაცის ცხოვრება ჩემთვის გმირობაა.

– მოგზაურობას და ლაშქრობას თან ხიფათებიც ახლავს. საკუთარი გამოცდილებიდან ამ კუთხით რას გაგვიზიარებთ, რა უნდა იცოდნენ მოყვარულმა მოლაშქრეებმა?

– თუ დაცულ ტერიტორიებზე აპირებ ლაშქრობას, აუცილებლად ვიზიტორთა ცენტრში უნდა დაფიქსირდე და რეგისტრაცია გაიარო, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენებისას რეინჯერებმა სამაშველო ოპერაციები დაიწყონ. მარტო ან გამოუცდელი ჯგუფის წასვლა სალაშქროდ ძალიან სახიფათოა. ბევრი მოლაშქრეთა კლუბია, სადაც შესაძლებელია, პროფესიონალებთან ერთად დაგეგმო ლაშქრობა და საინტერესო ადგილები უფრო უსაფრთხოდ ნახო.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. მე პირადად მიმართლებს ხოლმე, რადგან არც ერთი ლაშქრობისას სერიოზულ ხიფათში არ აღმოვჩენილვარ.

– არასდროს გადაჰყრიხართ პირისპირ დათვს, მგელს?

– პირისპირ არა. როცა მინახავს, სულ გარბოდნენ ჩემგან. დათვს თუ ბელი არ ჰყავს, 5-6 კილომეტრის მანძილზე გრძნობს ადამიანის მოახლოებას და გარბის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დილით კარვიდან გამოვსულვარ და გარშემო თოვლზე სულ მგლის ნაფეხურები ყოფილა.

ყველაზე დიდი ხიფათი ჩემთვის ისაა, რომ ორჯერ მეცხვარის ძაღლებმა დამგლიჯეს. საერთოდ ცხოველების არ მეშინია, მიყვარს მათზე ზრუნვა. ზოოპარკში მოხალისედ ვმუშაობდი და ბეჰემოთიც მიბანავებია.

ერთ რჩევას კიდევ მივცემ დამწყებ მოლაშქრეებს – რაც უნდა საყვარელი და ბუნჩულა იყოს, გარეული ცხოველების ნაშიერებს ხელით ნუ შეეხებიან.

– რა ადგილების მონახულებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– ძამას ხეობაში არ ვარ ნამყოფი და ვიცი, რომ ბევრი საინტერესო ადგილია. ასევე მარტვილის კანიონში ბევრი ისეთი ჩანჩქერია, რომელიც ტურისტულ ზონაში არ შედის. იქ ვგეგმავ ჩანჩქერის ზევით ასვლას, სადაც წყლის ქვეშ საოცარი სილამაზის მღვიმეა.

– ხუთვარსკვლავიანი კომფორტული დასვენება არ გხიბლავთ?

– არ ვგიჟდები. აუზსა და ზღვაზე დასვენება ჩემი სტილი არ არის. ჩემთვის ველური სტილის დასვენებაა ყველაზე სასიამოვნო. შვებულება რომ მეწყება, თუ ძალიან დაღლილი ვარ, რამდენიმე დღე მარტო მივდივარ ტყეში და ყველაზე კარგად იქ ვისვენებ. ბევრი ხალხი არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის განმარტოებას ვამჯობინებ.

– მსოფლიოში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა თქვენზე?

– ინდოეთმა, განსაკუთრებით ადგილმა, რომელსაც დარამსალა ჰქვია. იქ ცხოვრობს დალაი ლამა და ტიბეტის დევნილი მთავრობა. საერთოდ, ინდოეთში მინიმუმი სამი კვირით უნდა წახვიდე. სწორედ ეს დრო გჭირდება, რომ გააცნობიერო, თუ სად მოხვდი. დარამსალაში იმ პერიოდში ჩავედი, როდესაც მათი ახალი წელი იყო. ეს ლამები დროსტარებაზე იყვნენ გადასულები, საოცარი სანახავი იყო მათი ღრეობა.

– რისი შიში გაქვთ?

– ზღვის შიში მაქვს, ცურვაც არ ვიცი. ზღვაში არ ჩავდივარ. მდინარე პრობლემა არ არის, მაგრამ ზღვაში ფეხს არ ვდგამ, პლაჟზეც არ გავდივარ. ძალიან ვცდილობ, დავძლიო ეს შიში, მაგრამ არ გამომდის.

 ავთო ჩიტიძე, სარკე