დათო ევგენიძე: ,,ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ღმერთს ვთხოვე, ჩემი სიცოცხლე წაიღე, ბავშვებს დედა დაუტოვე-მეთქი”

დათო ევგენიძე: ,,ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ღმერთს ვთხოვე, ჩემი სიცოცხლე წაიღე, ბავშვებს დედა დაუტოვე-მეთქი"მუსიკოს დათო ევგენიძის ცხოვრება მისტიკური ამბებით არის სავსე. ერთ-ერთ ისტორიას ასე იხსენებს:

-ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ბევრი წლის წინ. მაშინ არ იყო „ცე ჰეპატიტის“ ასეთი დიაგნოსტიკა. გაყვითლდა. დაუნიშნეს ინტერფერონი.

ვუყურებ, თვალწინ მიქრება ცოლი, ფეხზე ვეღარ დადის, ვეღარ ჭამს. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ისრაელში და ჰერცლის დიაგნოსტიკის ცენტრში წავიყვანე. ანალიზები რომ ჩავაბარეთ, პირველი, სადაც წავედით, მაცხოვრის საფლავი იყო. მარტო შევედი. თუ სიცოცხლეა წასაღები, ჩემი წაიღე და ბავშვებს დედა დაუტოვე-მეთქი, ვთხოვე.

მეორე დღეს ჩემი ცოლი გავარდისფრდა. მესამე დღეს შეჭამა, მეოთხე დღეს ზღვაში ბანაობა მოუნდა. ცხრა დღის შემდეგ პასუხზე ერთად მივირბინეთ და გვითხრეს, არაფერი სჭირსო. ყველა მეუბნებოდა, რომ აქ დაუშვეს შეცდომა. არაფერი შეცდომა არ დაუშვიათ. ოღონდ, ჩემი სიცოცხლე არ წაუღია ღმერთს.

შემდეგ მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს დავცილდით, აბსოლუტურად უმიზეზოდ. ბევრი წლის მერე, მოსკოვში შევხვდი ერთ ბერს, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა. ვიღაცამ მძღოლობა მთხოვა და ასე შემთხვევით მოვხვდი მასთან. ვინც ჩავიყვანე, იმას სიარული უჭირდა და შევყევი. რომ გამოვდიოდით, ერთი წამით გაჩერდიო, ბერმა მთხოვა. და ისეთი რამე მითხრა, შოკში ჩავვარდი. ღმერთს რატომ ევაჭრეთო? თავიდან ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდა. თქვენი რწმენა ღმერთის მიმართ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი სიცოცხლე არ შეგეთავაზებინათ და მხოლოდ გეთხოვათ, ძვირფასი ადამიანი გადამირჩინეო. ნათელმხილველი იყო, ჩემი ისტორია მომიყვა და თან ამიხსნა. მივხვდი, რომ შევცდი. ჩემი საქციელის შემრცხვა. აი, ამ რწმენაზე ვლაპარაკობ.

ძალიან ბევრი მეგობარია, რომლისთვისაც უდიდესი სიყვარული მიმიცია. და, მაგალითად, ჩემი წიგნების პრეზენტაციაზე არც ერთი მოსულა. რა მიზეზით არ მოვიდნენ? ცუდი არაფერი მომხდარა ჩვენ შორის, მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ვინც ჩემს სახლში გაიზარდა, შუა გზაზე მიმატოვა. მიზეზს ვერ ვხვდები. არც მინდა, რომ ჩავუღრმავდე. ამ მიზეზებს რომ მივხვდე, რაღაც მაგრად მეტკინება.