ბედიის ტაძრიდან ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაიკარგა

ბედიის ტაძრიდან ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაიკარგაისტორიკოსი გიორგი კალანდია ჟურნალ ,,სარკესთან” ყვება იმ სიწმინდეებზე, რომლებიც ბედიის ტაძარში იყო დაბრძანებული.

გიორგი კალანდია:

-1640 წელს რუსეთის ელჩებს ბედიის ტაძარი დაუთვალიერებიათ. მათთვის შავხავერდგადაკრული სამღვდელმთავრო კვერთხი უჩვენებიათ. მის თავზე ამოქარგული იყო ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ჯვარი, რომელიც მეფე კონსტანტინესა და მის დედას, ელენეს, ეკავათ.

ელჩების გადმოცემით, ხავერდის ქვეშ ინახებოდა ეკლის გვირგვინი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს ედგა თავზე, ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე შემსჭვალეს და ბაწარი, რომლითაც გათოკეს. სხვა დამთვალიერებლები კი ამბობდნენ, რომ აქ ის ტილოც ინახებოდა, რომელშიც ღვთისმშობელი პატარა იესოს ახვევდა.

სამწუხაროდ, ეკლის გვირგვინი ტაძრიდან დაიკარგა, ტილოც არსად ჩანს, ლურსმანი კი მცხეთაში ინახება. სავარაუდოდ, დაკარგული ნივთები რუსეთის არქივებში გაიტანეს.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით, სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი სარკე