ალი აბასი: ,,როდესაც სიტყვა ,,სამშობლოს” ვამბობ, საქართველო მიდგება თვალწინ”

ალი აბასი: ,,როდესაც სიტყვა ,,სამშობლოს" ვამბობ, საქართველო მიდგება თვალწინ"ალი აბასს ქართულად საუბარი არ უჭირს. ის უკვე 6 წელია, საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და აქაურობა ძალიან შეუყვარდა:

– მშობლები და 3 ძმა მყავს: ერთი ძმა ჩემზე უფროსია, მეორე – უმცროსი, მეოთხე, ნაბოლარა კი საქართველოში დაიბადა. ჩვენი გადასაწყვეტი არ ყოფილა, საკუთარი ქვეყნიდან წამოვსულიყავით თუ არა, მშობლებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

– იქაურ  ცხოვრებაზე მიამბე რამე…
– რა გითხრათ, ჩვეულებრივ ვცხოვრობდით. რაღაც მსგავსება მაინც ვიპოვე ჩვენს ტრადიციებს შორის. მაგალითად, სტუმართმოყვარეობა – ჩვენთანაც ისეთი დიდი პატივისცემითა და სითბოთი ხვდებიან სტუმარს, როგორც აქ. ბიჭიანობა ჩვენთანაც განსაკუთრებით ახარებთ. ჩვენთანაც იციან ტრადიციულად დიდი ქორწილებისა და სუფრების გაშლა, ყველას უყვარს ქეიფი და მოლხენა. იქ მამა, ანუ კაცი ითვლება ოჯახის უფროსად და მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ დანარჩენები. ბუნებით მხიარული და გახსნილი ხალხი ვართ, უბრალოდ, მაინც მკაცრი ტრადიციები გვაქვს.

რას გულისხმობ?
– ყველა იცავს მკაცრ წესებს, მაგალითად, ქალებს თავსაბურავის ტარება ევალებათ…

– როგორ მოგეწონა აქაურობა?
– ძალიან მომეწონა ბუნებაც, ხალხიც, ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე. თავიდან ქირით ვცხოვრობდით, მერე ბინა ვიყიდეთ. ქართული, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, კერძო მასწავლებელი ავიყვანეთ და სამივე ძმამ დავიწყეთ სწავლა. სახლში არაბულად ვლაპარაკობთ, რადგან მშობლებმა მაინც ვერ ისწავლეს ქართული – ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. როცა არ გვინდა მშობლებმა გაიგონ იმის შესახებ, რაზეც ძმები ვსაუბრობთ, მაშინვე ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს (იცინის).

პატარა ძმა, რომელიც აქ დაიბადა, ორივე ენაზე ლაპარაკობს – ხან ქართულად და ხან არაბულად. მოკლედ, შევედით ქართულ სკოლაში. ცოტა დაკომპლექსებული კი ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ ბავშვები, მაგრამ თურმე, ტყუილად ვნერვიულობდი.
– როდესაც ამბობ სიტყვას – ,,სამშობლო”, რა შეგრძნება გაქვს?
– ფაქტობრივად, აქ გავიზარდე და როდესაც მაგ სიტყვას ვამბობ, უფრო აქაურობა დამიდგება ხოლმე თვალწინ, აქაურობა უფრო ახლობელია ჩემთვის. ჯერჯერობით არ ვფიქრობთ უკან დაბრუნებას, ჩვენს სახლში ამჟამად ახლობლები ცხოვრობენ, მიწერ-მოწერა გვაქვს იქ დარჩენილ ნათესავებთან. ამ 6 წლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვართ ერაყში. შევეჩვიეთ აქაურობას, ხალხს, მეგობრები მყავს და გამიჭირდება აქედან წასვლა.

ნინო ჯავახიშვილი, გზა