,,ხურვალეთში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა” – რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი

,,ხურვალეთში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა" - რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტისოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამასთან, სოფელში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა.

ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს.

13 მარტს ოსურმა მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

,,დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა შექმნან.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

ნეტგაზეთი