13 წლის ლიზა ვადაჭკორიას, რომელიც სახურავიდან გადავარდა, დედა ემიგრანტი ჰყავდა

13 წლის ლიზა ვადაჭკორიას, რომელიც სახურავიდან გადავარდა, დედა ემიგრანტი ჰყავდადღეს რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის ლიზა ვადაჭკორია რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე ავიდა,  სურათის გადაღების დროს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ლიზას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა გოგონა ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშში იყო ჩართული და კორპუსის სახურავიდან თავად გადახტა. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი მეგობართან ერთად სახურავზე სურათის გადასაღებად ავიდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ლიზა ვადაჭკორია და მისი მეგობარი ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს იმ კორპუსის მცხოვრებლებმა, საიდანაც გოგონა გადავარდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვი ამავე კორპუსში არ ცხოვრობს.

„ის ბავშვი თავისი ფეხით ჩამოვიდა – მეორე. რომ დავიწყე ყვირილი, რომ რა გინდოდათ, ,,კრიშაზე” რას აკეთებდით-მეთქი და ამან ამიყვანაო. ამას გამოვყევიო. იმას არ უთქვამს, რომ სურათს ვიღებდითო. ამ ბავშვმა გამომიყოლაო,-აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიზა ვადაჭკორია მამასთან და დედინაცვალთან ერთად რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დედა 2 თვის წინ საზღვარგარეთ წავიდა.