,,ვიფიქრე, თუ მაინც უნდა მოკვდეს, ქირურგიულ მაგიდაზე მაინც ნუ გალევს სულს-მეთქი” – როგორ ატყუებენ ქართველი ექიმები და კლინიკები პაციენტებს

,,ვიფიქრე, თუ მაინც უნდა მოკვდეს, ქირურგიულ მაგიდაზე მაინც ნუ გალევს სულს-მეთქი" - როგორ ატყუებენ ქართველი ექიმები და კლინიკები პაციენტებსირინა გვინერია ფეისბუქში წერს იმ კოშმარს, რაც ქართველმა ექიმებმა დამართეს და იმ გულცივობას და ფულის ,,კეთების” სქემას აღწერს, რასაც კლინიკების უმრავლესობა პაციენტების მიმართ აქვთ შემუშავებული.
,,დაასახელეთ კლინიკა და ექიმიო, მთხოვენ. არ ვასახელებ, იმიტომ რომ ეს გამონაკლისი კი არა, წესია. ყველგან და ყველა ასეა, გეგონება, ქართველი ექიმების დევიზი – ერთ დღეს გაწყდით ყველა – არის.                 
 მეხუთე თვე გაილევა მალე იმ მოვლენებიდან, რისი აღწერაც მინდა, მაგრამ დღემდე ყოველ გახსენებაზე ისევ კანკალს მაწყებინებს. ჩემი ძმა შეუძლოდ შეიქნა – ჯერ გულძმარვას უჩიოდა, მერე გულისრევა და ღებინება დაეწყო. გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდა მალევე. ახალგაზრდა ექიმი გოგო იყო და ახალგაზრდავე ბიჭი ახლდა.სიმპტომები რომ ჩამოვუთვალე, არაფერიაო, ნემსი გააკეთებინა იმ ბიჭს, თვითონ დაახლოებით 7-8 მეტრის მოშორებით ჩამოჯდა, ახლოს არც მისულა , ან მუცელი ენახა, ან თვალის სკლერა შეემოწმებინა. 1-2 საათით შეუჩერდა ღებინება, მერე, ისევ რომ დაეწყო, მეორე სასწრაფო გამოვიძახეთ, უნდა გადავიყვანოთო. სანამ გაგვყავდა, ჩაიკეცა ეს ჩემი ძმა და ნახევრად უგონო მდგომარეობაში მივიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში – გაპრანჭულში და პეროგარჭობილში.
  გაფორმებისას რეგისტრატორს რომ ვუთხარით, არ არის საქართველოს მოქალაე, დიდი აჟიოტაჟი ატყდა – ხომ იცით, მთლიანად მოგიწევთ მკურნალობის საფასურის გადახდაო. ვიცი-მეთქი, არ არის პრობლემა. ეს უკვე ღამით ხდება, ისეთი დროა, ვინმესთან დარეკვის რომ გერიდება, თან დიაგნოზიც არ ვიცით ჯერ, ჰოდა, ველოდებით.
რას უკეთებდნენ და რას იკვლევდნენ, არ ვიცი,  ვიცი, რომ ყოველ 10-15 წუთში ერთხელ გამორბოდა რომელიმე ექიმი, უმძიმესია და ხომ იცით, მთლიანად მოგიწევთ თანხის გადახდა, ამის მეტი პასუხი არ გამცა ვინმემ. პერიტონიტი არისო, მეუბნებიან. ვეკითხები, უსიცხოდ და რბილი მუცლით პერიტონიტი როგორ იქნება-მეთქი.
 მერე კიდევ რაღაც ასეთივე შეუსაბამო დიაგნოზით მომადგებოდნენ, მძიმეა, ფული მთლიანად უნდა გადაიხადოთ. თუ ჩემი შეშინება გინდათ, აღარ არის საჭირო, უკვე მეშინია და ფულსაც ვიხდი ნაღდს და მთლიანად. ახლა ტომოგრაფია უნდა გავუკეთოთო, ახლა კონტრასტული რენტგენი, ახლა ის, ახლა ესო. რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთეთ, გადავიხდი-მეთქი.                                                                                                                                        მერე – გულის გაჩერება იყო, რეანიმაცია დასჭირდა, ძლივს მოვაბრუნეთო. მოკლედ, ჯოჯოეთის ყველა წრე გამომატარეს. დილისკენ მითხრა, დასტაბილურდა, შეგიძლიათ წახვიდეთ და დილით მოაკითხეთ 9-ისკენო. ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს და ამ ღებინების გამო ის თავისი ფსიქოტროპულები არ მიუღია მთელი დღე და საშიშია, კრუნჩხვები არ დაეწყოს-მეთქი.
დილით მოუტანეთ წამლებიო. მოვედით დილით, დავრეკე რეანიმაციაში, წამლებს მოგაწვდით და ინსტრუქიას-მეთქი. არ არის საჭირო, დაცვასთან დატოვეთო და გამაბრუნეს. ამასობაში ჩავრთეთ ნაცნობ-საახლობლო, ცხადია, მოიძებნა იმ საავადმყოფოს პერსონალთანაც გზები, მერე კიდევ, უფრო მაღალი დონის ხალხმა რომ დაიწყო ამ ჩემი საბრალო ძმის მოკითხვა, აფორიაქდნენ იმ საავადმყოფოში, დამირეკეს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ოპერაცია და მოდით, ოღონდ ხომ იცით, ფული სრულად უნდა გადაიხადოთო.
 ამ უმძიმეს მომენტში გვერდში ამომიდგა ადამიანი, რომელიც მანამდე ნანახიც არ მყავდა, მარიამის მეგობრის დედა, რომელიც მართლა არ მომშორებია გვერდიდან და ტყუილს არ მათქმევინებს (ისედაც არ მჩვევია, დამიდასტურებს, რომ არც ართ სიტყვას არ ვაჭარბებ). მიგვიწვიეს ქირურგიული განყოფილების გამგესთნ: უმძიმესია, ამის განძრევა და გადაყვანა არ შეიძლება, გულის გაჩერება იყო, სასწრაფოდ არის საოპერაციო და ეს თქვენ „ბევრი ნულები, აი, ძაააალიიიან ბევრი ნულები“ დაგიჯდებათო.
 მოკლედ, ამ მომენტისთვის ცოტა დავწყნარდი და ლოგიკა უკვე ჩართული მქონდა, აქამდე თუ არ გაკეთდა ოპერაცია, არ ყოფილა ძალიან სასწრაფო; ისეთმა ხალხმა დარეკა და მოიკითხა ჩემი სოსოია, მიხვდნენ, უპატრონო არ არის და შეიძლება სხვაგან გადავიყვანოთ და ეს მსუყე ლუკმა ხელიდან გაეცლებათ, ამიტომაც გადაუდებელ ოპერაციას აწვებიან. ეს მარის მეგობრის დედა ექიმია თვითონაც, ამ „ბევრი ნულების“ მესამედ და მეოთხედ ხსენებაზე მომკიდა ხელი, გამიყვანა, მოვიფიქრებთო.                                                                           პროფესიული ეთიკა და კოლეგიალობა რას ნიშნავს, ვიცი, მაგრამ, ეგეთი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით. ვისთნაც დავრეკე, ეს კაცი როგორი ქირურგია, ყველამ – უი, არ ვიცნობთ, ნეტა, ვინ არისო. თქვე კაი ადამიანებო, ერთ-ერთი უდიდესი კლინიკის წამყვან ქირურგზე თუ არ იცით არაფერი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მარტო ერთმა ძალიან ახლობელმა გულახდილად გვითხრა, გამოიძახეთ „კატასტროფა“ და მოძუძგეთ მანდედანო.                        გადავიხადე 1900 ლარი, ისეთი ჩეკი გამომატანეს ჩატარებული გამოკვლევების და პროცედურების ნუსხით, დრო რომ გადავთვალე, ერთდროულად 2 ტომოგრაფია და 4 კარდიოგრამა უნდა ეკეთებინათ, რომ მოესწროთ, მარტო ხელთათმანები – სტერილური და არასტერილური ჯამში 108 წყვილი გამოვიდა იმ საავადმყოფოში გატარებული 12 საათის განმავლობაში. გადავიყვანეთ მეორე კლინიკაში, იქ უკვე ელოდებოდა მომზადებული საოპერაციო.
 ქირურგი სანამ ემზადებოდა, ანესთეზიოლოგმა შემიყვანა კაბინეტში, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ და თქვენ თანხმობაზე ხელი უნდა მომიწეროთო: თვითომ პრობლემა ძალიან რთული არ არის, თრომბია წვრილ ნაწლავში გაჭედილი და ტექნიკურად არ არის საშიში ოპერაცია, მაგრამ, რადგანაც გულის გაჩერება იყო, ეს უკვე სხვა კატეგორიის ოპერაცია იქნებაო. გულის გაჩერების და შემდგომი რეანიმაციის ფონზე არ ტარდება ქირურგიული ჩარევა, თითქმის არ არის პაციენტის გადარჩენის შანსიო.                                       ჩემმა მეუღლემ  მითხრა, 2-ჯერ იყო გულის გაჩერება, მეორე აღარ გითხრიო. ექიმმა მითხრა, სამწუხაროა, მაგრამ გადარჩენის შანსი 0.01% არის 100-დანო.  სწრაფად უნდა გადაწყვითოთო. ამ მომენტში გამახსენდა ჩემი ძმის უღიმღამო ცხოვრება. ერთხელ შეიყვანეს 12 წლის ასაკში ოპერაციაზე და ტვინი დაუზიანეს, დაღუპეს საღი და ჯანმრთელი ბიჭი.
მეორედ, ფეხი რომ მოიტეხა, შეიყვანეს ოპერაციაზე და ექიმების შეცდომის გამო ყავარჯნებით მოძრაობს ბოლო 18 წელიწადი. ახლა თუ მაინც უნდა მოკვდეს, რაღაზე ვაწვალო, ქირურგიულ მაგიდაზე ნუ გალევს სულს. სახლში მაინც გალიოს, ახლობლების გარემოცვაში-მეთქი და დავაპირე წამოყვანა. ამ ექიმ-ანესთეზიოლოგს ვთხოვე, დამიზუსტე  თუ გაკეთდა ოპერაცია, გადარჩენის მინიმალური შანსი არსებობს, თუ არ გაკეთდა – ერთმნიშვნელოვნად არანაირიო. დაიწყეთ-მეთქი.                       
 ოპერაციამ კარგად ჩაიარა, გულსაც არ შეუქმნია არანაირი პრობლემაო, გაკვირვებულმა მითხრა ქირურგმა. 
მეორე დღეს, რეანიმაციაში რომ მივაკითხე, განყოფილების გამგემ მკითხა, რატომ უწერია გულის გაჩერება ანამნეზში, საიდან მოიტანეთ, ვერ ვხვდებიო, არც გამოკვლევები მიჩვენებს არაფერს მსგავსს და არც იქიდან მოტანილ დოკუმენტაციაში ჩანს რამეო. არ ვიცი, იქაურმა ექიმებმა საუბრისას არაეთგზის გაუსვეს ხაზი, ასე გამოგვიშვეს იქიდან, დოკუმენტაცია მე არ მინახავს-მეთქი.
ახლა მითხარით, ოპერაციაზე უარი რომ მეთქვა და გამეწირა ჩემი ძმა სასიკვდილოდ, მერე როგორ უნდა მეცოცხლა? ან რანაირად დავამტკიცებდი, რომ ბევრჯერ გამიმეორეს, რომ გულის გაჩერება იყო, თანაც არაერთი. ოპერაცია 3000 ლარი დაჯდა. ცოტა არ არის, ცხადია, მაგრამ სამი ცალი ნული „ძალიან ბევრის“ კატეგორიაში რომ გადაიზრდებოდა იმ პირველ კლინიკაში, თქვენც მიხვდით, ალბათ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევა არ ეკუთვნის და ამკიდებდნენ გადასახდელად ყველაფერს, რისი სახელიც გაახსენდებოდათ. 
უფალს მადლობა, რომ იმ რთულ პერიოდში საოცარი ადამიანი გამომიგზავნა, რომლის გვერდში დგომამ გვიხსნა მე და ჩემი ძმა“, – წერს ირინა გვინერია.