,,ყოფილი ქმარი ჩემზე ამბობს,  ცოლი არ ყოფილა, საყვარელი იყოო”

,,ყოფილი ქმარი ჩემზე ამბობს,  ცოლი არ ყოფილა, საყვარელი იყოო"კაცებისთვის ქალის დარდი, ცრემლები არაფერს ნიშნავს. მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად და ბედნიერად, სხვისი გამეტება და ნაგავზე მოსროლა მათთვის ძალიან იოლია.

ჩემს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მამაკაცი იყო და ორივე ასე მოიქცა. პირველი მამაჩემი იყო. 6 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავიდა და დედაჩემი ატირებული დატოვა. მახსოვს, როგორ ევედრებოდა, დაბრუნდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთო, მაგრამ ამის გაგონებაც არ სურდა.

დედა ქმარს სთხოვდა, ჩემთან მაინც ჰქონოდა ხშირი ურთიერთობა, მაგრამ შვილი საერთოდ არ აინტერესებდა. დედა ეუბნებოდა, ბავშვი ძალიან ნერვიულობს, ენატრები და ნახეო. ის კი პასუხობდა, ჩემი ლოგინში შეთრევა გინდა და ასეთ რაღაცებს იმიზეზებო. ბევრი რამ მეც მახსოვს და ბევრი რამ გაგონილი მაქვს ან მოყოლილი აქვთ.

მამა ამაზრზენად იქცეოდა. საერთოდ ყოველგვარი პასუხისმგებლობა ჩამოიშორა, თითქოს მის ცხოვრებაში საერთოდ არ ვარსებობდი. დღემდე მიკვირს, ასე მოქცევა როგორ შეძლო. 6 წელი ხომ მის გვერდით ვიზრდებოდი, ბევრი თუ ცოტა, რაღაც ამაგი ხომ ჰქონდა და ასე როგორ მომიშორა? ეს კითხვა მასაც დავუსვი, მაგრამ მხოლოდ ის მითხრა, მე და დედაშენი ერთმანეთს ვერ ავეწყვეთო.

მეორე მამაკაცი ჩემი ქმარი იყო. ერთი წელი ვიცნობდით ერთმანეთს. როცა გრძნობებში დავრწმუნდი და ვიფიქრე, რომ კარგად გავიცანი, ცოლად გავყევი. როცა ცოლობაზე თანხმობა ვუთხარი, ბედნიერებისგან ლამის ცაში დაფრინავდა. უზომოდ გაუხარდა. მითხრა, დროის გაწელვას აზრი არ აქვს, ბარემ დავქორწინდეთო. უცხოეთში უნდოდა წასვლა და ამაზე მეც თანახმა ვიყავი, მოვილაპარაკეთ, რომ ერთად წავიდოდით.

დაქორწინების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სამოქალაქო ქორწინებას შეიძლება უცხოეთში ხელი შეეშალა. აჩქარება არ ღირდა, ამიტომ მხოლოდ ჯვარი დავიწერეთ და ქორწინება მეჯვარეებთან ერთად აღვნიშნეთ.

ჩვენმა ქორწინებამ რამდენიმე თვეს გასტანა. მერე ისეთი რაღაცები ჩაიდინა, ისე მომექცა, რომ მისგან წამოვედი. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი სახლი დამეტოვებინა.

თავიდან მაინც ვფიქრობდი, მოვენატრები და შერიგებას მთხოვს-მეთქი, მაგრამ მსგავსი რამ არათუ ყოფილა, პირიქით, ნათესავებთან საშინელი რაღაცები ილაპარაკა. დღემდე ამბობს, ჩემი ცოლი კი არა, საყვარელი იყოო. შევახსენე, რომ ჯვარი გვქონდა დაწერილი, მაგრამ ეს წმინდა რიტუალიც აბუჩად აიგდო, ახლა ყველას შეუძლია ჯვარი კიდეც დაიწეროს და კიდეც აიყაროსო. მეჯვარეებთან ერთად რომ აღვნიშნეთ დაქორწინება, ამაზე თქვა, დიდი ამბავი, პატარა პურისჭამა იყოო.

გაშორებაც არის და გაშორებაც, ამ ადამიანმა გამანადგურა! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, კაცი, რომელიც უზომოდ მიყვარდა, ასეთი ურჩხული თუ იქნებოდა. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამის შემდეგ არც ერთ მამაკაცს მივცემ უფლებას, ასე მომექცეს და ასე გამიმეტოს.

სარკის ერთგული მკითხველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019