“ქალი აივანზე იდგა ბავშვით ხელში, უცებ ჩაეძინა და ბავშვი ასფალტზე უსულოდ დაეცა” – ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორიები

"ქალი აივანზე იდგა ბავშვით ხელში, უცებ ჩაეძინა და ბავშვი ასფალტზე უსულოდ დაეცა" - ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორიებიქეთევან კუკულავა გურიაში ცხოვრობს. პროფესიით მსახიობი და ჟურნალისტი ემიგრანტების ცხოვრებით არის დაინტერესებული. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან ყოველდღიურად მათი გაუსაძლისი ცხოვრების შესახებ ისმენს ინფორმაციებს. სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების ცხოვრებაზე, ემიგრანტების დაჟინებული თხოვნით, წიგნი “დაკარგულები” დაწერა.

– ქალბატონო ქეთი, “დაკარგულები” – ასე ჰქვია თქვენს წიგნს, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ისტორიებია მოთხრობილი. რატომ დაკარგულები?

– დღეს უამრავი ქართველია წასული უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია. მეგონა, ისინი მალე ჩამოვიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით, მათი რიცხვი თანდათან უფრო იზრდება. ამიტომაც დავარქვი წიგნს “დაკარგულები”.

– რას ყვებიან ემიგრანტები, როგორ პირობებში მუშაობენ იმისთვის, რომ ოჯახს საქართველოში თანხა გამოუგზავნონ?

– უმეტესობას აუტანელ პირობებში უწევს მუშაობა. ქალები საქმდებიან ძიძებად, უვლიან მოხუცებს, რომელთა უმრავლესობა ფსიქიკურად დაავადებულია, ასევე მუშაობენ ძაღლების მომვლელებად.

ამ ემიგრანტების დიდ ნაწილს აქვს პროფესია, დაცული აქვთ სამეცნიერო ხარისხები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს.

ახლახან ძალიან მძიმე ამბავი გავიგე: ემიგრანტი ქალი ერთ ოჯახში რამდენიმე წელი ძიძად მუშაობდა და ძალიან ჭირვეულ ბავშვს უვლიდა, ისეთს, რომელიც სულ ხელით ტარებას ითხოვდა. ერთ დღეს ქართველი ემიგრანტი პატარით ხელში აივანზე იდგა, უცებ ძილი მოერია, ხელი მოუდუნდა და ბავშვი ასფალტზე უსულოდ დაეცა. ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

– გურიაში ცხოვრობთ, ბევრმა ადამიანმა დატოვა თქვენი რეგიონი და წავიდა ემიგრაციაში?

– დიახ, გურიაც ძალიან ბევრმა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება, იზრდება პოტენციურ ემიგრანტთა რიცხვი, ასევე დიდ პრობლემას ქმნის შიდა მიგრაციაც, ბევრი სოფელი დაიცალა. თუ ეს არ შეჩერდა, ჩვენ არამხოლოდ ნასახლარები შეგვრჩება, არამედ ნასოფლარებიც.

– ზოგიერთი ემიგრანტი უკვე წელგამართულია, ფინანსურად მყარად დგას ფეხზე, მაგრამ მაინც არ ბრუნდება სამშობლოში. რას გეუბნებიან, რატომ არ მოდიან, როგორ საქართველოში უნდათ ცხოვრება?

– სამშობლოში დაბრუნება ყველა ემიგრანტის ოცნებაა, თუმცა ბევრს პანიკური შიში აქვს საკუთარ ოჯახში დაბრუნებისა. რაც უფრო დიდი ხნის წასულები არიან, ეს შიში უფრო ძლიერია. მრავალწლიანმა განშორებამ ახლობელ ადამიანებთან გაუცხოება გამოიწვია, რაც არც თუ ისე ადვილი დასაძლევია. ემიგრანტებს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

კარგი ამბავიც მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ხატია პაიჭაძე, რომელიც პროფესიით მსახიობია, ამერიკიდან დაბრუნდა. იგი მრავალმხრივ შემოქმედი ადამიანია და მჯერა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალუარად მოახმარს გურიას და ზოგადად საქართველოს.

საქართველო ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა პრობლემის წინაშე, რაც ერთობით, სიბრძნითა და პროფესიონალიზმით დაძლეულა. მჯერა, საქართველოში იქნება ისეთი ცხოვრება, რომ ადამიანებს ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოს დატოვება აღარ მოუწევთ. მჯერა, რომ საქართველო გამთლიანებული და ბედნიერი იქნება.

– მინდა, თქვენზეც გკითხოთ, რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა.

– ჩოხატაურის კულტურის ცენტრში ვმუშაობ, სახალხო თეატრის მსახიობი ვარ. ჩემი ჰობია თექაზე მუშაობა. რამდენიმე მონოგრაფია მაქვს გამოცემული.

– დაოჯახებული ხართ?

– სამწუხაროდ, არა. დრო საოცრად გაფრინდა. თუმცა მყავს სასწაული ძმისშვილები და ძმისშვილიშვილები. მათი მოვლა-პატრონობით ვარ დაკავებული.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე