“ნიკას დედამისი საშუალებას არ აძლევდა, ცოლთან სექსი ჰქონოდა” – დედების კონფლიქტს შეწირული წყვილი

"ნიკას დედამისი საშუალებას არ აძლევდა, ცოლთან სექსი ჰქონოდა” - დედების კონფლიქტს შეწირული წყვილიშვილის ქორწინება მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, თანაც იმდენად, რომ ზოგიერთი თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს ახალგაზრდა წყვილის პირად ცხოვრებაში და მიმართულება მისცეს მას. ასეთ დროს ყველას კეთილი სურვილი ამოძრავებს, მაგრამ ზოგჯერ მათი მცდელობა ცუდი შედეგებით სრულდება.

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის, ნიკას და ანიტას, ურთიერთობაშიც ასე მოხდა – უფროსები ჩაერივნენ. “ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ, სწორად მოვიქეცი”, – გვითხრა ანიტას დედამ, ქალბატონმა ნესტანმა და თავისი ოჯახის ისტორია გვიამბო.

ნესტანი:

– ერთადერთი შვილი მყავს – ანიტა, რუდუნებით გამოზრდილი, სანთელივით შევყურებ და განა შემეძლო, იმ სატანჯველისთვის გამემეტებინა, რასაც ცხოვრება უმზადებდა? ვტაცე ხელი და გათხოვილი გოგო ქმრის ოჯახიდან წამოვიყვანე. შვილს არავის დავაჩაგვრინებ!

– რა სატანჯველი ელოდა ანიტას ქმრის ოჯახში, ვინ ჩაგრავდა?

– ეს რომ ავხსნა, თხობას თავიდან დავიწყებ. ანიტა და მისი მეუღლე, ნიკა, კლასელები იყვნენ. ნიკა პატარაობიდან ამბობდა, ანიტა მიყვარსო. დედამისიც, ნელიკოც, აყოლილი იყო, ჩემს შვილს სულ ეფერებოდა, ნიკას პრინცესას ეძახდა. მიკვირდა, ამხელა ქალი რამ გადარია-მეთქი. მერე ნიკას მამამ დიდი ფული იშოვა, საცხოვრებელიც გაიუმჯობესეს და შვილიც პრესტიჟულ სასწავლებელში გადაიყვანეს. მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილან.

დამამთავრებელი კლასის ბანკეტზე კლასელებმა ნიკა დაპატიჟეს. ჩემი შვილი საბანკეტო კაბაში ისეთი ლამაზი იყო, მართლა პრინცესასავით გამოიყურებოდა. კაბა ნათესავმა გოგომ გვათხოვა, რადგან უმაღლესისთვის საუკეთესო ლექტორებთან მოვამზადე და ყველაფერს ერთად ვერ გავწვდი. ფინანსურად მყარად ვერ ვიდექით ფეხზე. ვიღაცისთვის სწავლაა უმთავრესი, ვიღაცისთვის დიდი ფულის შოვნა. ჩემთვის სწავლა დგას პირველ ადგილზე.

– როგორც ჩანს, სასკოლო ბანკეტზე ანიტას ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა მოხდა.

– კლასელებმა ნიკას ძველი სიყვარული გაახსენეს, მას და ანიტას ფოტოები ერთად გადაუღეს, სადღეგრძელოც შესვეს, როგორც პრინცის და პრინცესის. მერე “ფეისბუქზეც” ატვირთეს ფოტოები და ვიდეო, ვიღაცას ახალდაქორწინებულები ეგონა და შეუღლება მიულოცა. სხვებიც აჰყვნენ და ვირტუალურად დააქორწინეს.

ნიკას და ანიტას ჭკუაში დაუჯდათ და მათი სიყვარული რეალურად დაიწყო. ანიტას ნიკა ჩვენთან მოჰყავდა, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, ნიკას მიეყვანოს თავის ოჯახში. მოკითხვას ვაბარებდი ნელიკოსთან, თუმცა აქეთ არავის მოვუკითხივარ. ეს ფაქტი არ მომწონდა, გულზე ლახვრად მხვდებოდა, მაგრამ შვილს ამით გუნებას არ ვუფუჭებდი.

ერთხელ ანიტა თვალცრემლიანი მოვიდა და მითხრა, ჩვენი სიყვარულის გაგრძელება შეუძლებელიაო. გული დამეთუთქა, შვილი ამ მდგომარეობაში რომ ვნახე. ერთი სიცოცხლე გავათავე, სანამ მიზეზს მეტყოდა.

– ნიკას დედის მხრიდან იყო პრობლემა?

– დიახ. ნიკა და ანიტა რამდენიმე მეგობართან ერთად ქალაქგარეთ წავიდნენ და იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ნელიკოს შემთხვევით შეხვდნენ. შვილმა შეყვარებული გააცნო. ნელიკომ ჩემს შვილს გადახედა და არც კი ჩათვალა ღირსად, დალაპარაკებოდა, თითქოს არც ერთს გვიცნობდა.

ანიტა მიხვდა, რომ ნელიკო იწუნებდა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მეგობრებისაც ძალიან შერცხვა. ნელიკო სულ სხვანაირი მახსოვს, ის და მისი ქმარი თავმდაბალი ადამიანები იყვნენ. ფულმა და ქონებამ კი ნელიკო გააყოყოჩა, მდიდრების წრეში აღმოჩნდა და დანარჩენებს ზემოდან დაგვიწყო ყურება.

– ამ შემთხვევის შემდეგ ახალგაზრდების ურთიერთობაში რა შეიცვალა?

– ანიტამ უთხრა ნიკას, რომ მათი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ის არ ეშვებოდა. ნელიკომ აქტიურობა დაიწყო, რომ მის შვილს ჩემი გოგონა დავიწყებოდა, მანქანაც უყიდა, რომ სხვა რელსებზე გადაერთო, მაგრამ ნიკამ “ივაჟკაცა” და იმ ავტომობილით ანიტა მოიტაცა. მშობლები რაღას ვიზამდით, შევურიგდით ხვედრს და ერთმანეთს. ნელიკომ არ შეიმჩნია, რომ ჩემი შვილი რძლად არ უნდოდა.

– ახალგაზრდა, ლამაზმა რძალმა დედამთილის კეთილგანწყობის მოპოვება ვერ შეძლო?

– ჩემი შვილი ისეთი მშვიდობისმოყვარე და უკონფლიქტოა, ისეთი კულტურული და მორიდებული… უცებ კი ასპიტთა ბუდეში აღმოჩნდა, სადაც უსამართლოდ, უმოწყალოდ გესლავდნენ. დედამთილის ქედმაღლობამ ზღვარს გადააჭარბა, მიეჩვია რძლის შეურაცხყოფას, თანაც ამას ტექნიკურად ახერხებდა – შეფარვით, შენიღბულად. ჩემს გოგონას ნერვებს უწამლავდა. მამამთილი არ ერეოდა, თითქოს მისთვის სულერთი იყო ოჯახური ურთიერთობები.

– მაინც რით შეურაცხყოფდა დედამთილი თქვენს შვილს?

– ბანკეტზე ნათხოვარი კაბა გეცვაო, ამას რომ წამოგაძახებს, რა გუნებაზე დადგები?! ჩემი შვილი გულწრფელი და მიამიტია, ტყუილი და თვალთმაქცობა არ შეუძლია, თორემ დედამთილთან რა სათქმელი იყო, ბანკეტზე რომ სხვისი კაბა ეცვა?..

ანიტა საუკეთესო სტუდენტია, 70 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა უმაღლესში. ნიკას ოჯახში ეს არავის აღუნიშნავს, თითქოს ამაში არაფერია ღირებული. დარჩენილ თანხასაც მე ვუხდი შვილს. დედამთილ-მამამთილს თავზე გადასდიოდათ ფული და არც უფიქრიათ, რძლის სწავლაში ჩაერიცხათ. იმ საფასურისას მარტო საჩუქრებს ყიდულობდნენ სხვისთვის. ჩემი შვილის თვალწინ მსჯელობდნენ, როგორ ეცათ პატივი ამა თუ იმ თანამდებობის პირისთვის თუ მათი ცოლებისთვის. განა ეს შეურაცხმყოფელი არ არის?

– ახალგაზრდა წყვილები, ძირითადად, ცალკე გადადიან საცხოვრებლად, მშობლების ოჯახიდან მიდიან. ნიკას და ანიტას არ ჰქონდათ ამის სურვილი?

– რძალი არ უნდოდათ და ცალკე საცხოვრებელს მოუწყობდნენ? ბინა, რომელიც ნიკასთვის ჰქონდათ ნაყიდი, სასწრაფოდ გააქირავეს, თითქოს რამე გასაჭირი ედგათ. ქირის ფული კი ნიკას და მის ცოლს თვალით არ უნახავთ. ჩემი შვილისთვის ტანსაცმელსაც არ ყიდულობდნენ. რამდენჯერ უკან დაიხია ანიტამ წვეულებაზე წასვლაზე, იმ წრის შესაფერისი სამოსი რომ არ ჰქონდა. მგონი, შეგნებულად იქცეოდნენ ასე, რძალი რომ არ გამოეჩინათ.

– ქმარი რას აკეთებდა ამ დროს?

– გაგიკვირდებათ და, თვითონ მიდიოდა მშობლებთან ერთად, ჩემი ცოლის უგუნებობის გამო უხერხულია, მეც რომ არ წავიდეო. ამას დედამისი აკეთებინებდა.

– გამოდის, ცოლისთვის კომფორტის შექმნას არ ცდილობდა.

– ნიკას არ ჰქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური, ძირითადად ჰობით იყო დაკავებული, რომლითაც ჯიბის ფულსაც ვერ შოულობდა. მშობლებიც გამოზომილად აძლევდნენ, რომ ზედმეტად არ დაეხარჯა.

ბიჭი უფროსების წინააღმდეგ ვერ მიდიოდა. მარტო შეყვარებულის მოტაცებასა და შერთვაში იმარჯვა, სხვა დანარჩენი ვერ შეძლო, თავის მშობლებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. ისინი ხელს უწყობდნენ, ბიჭი თავის ჰობიში წარმატებული ყოფილიყო, ამისთვის თანხას აძლევდნენ. ჩემი სიძისთვისაც ჰობი გახდა პირველხარისხოვანი, ცოლმა უკანა პლანზე გადაიწია.

– ბავშვის გაჩენა ზოგჯერ ოჯახში ურთიერთობებს ათბობს და ალაგებს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შვილი არ შეეძინა?

– ჯერ თვითონ ახალგაზრდები იყვნენ და შვილს როგორ მოუვლიდნენ! თუმცა მიზეზი ეს არ ყოფილა. გაგიკვირდებათ, რასაც გეტყვით: დედა საშუალებას არ აძლევდა, ცოლთან სქესობრივი კავშირი ჰქონოდა. ღამით მანამდე აყოვნებდა ნიკას, სანამ ანიტა არ დაიძინებდა. ნიკა რომ საძინებელში შევიდოდა, ნელიკოც მაინცდამაინც მაშინ დაიწყებდა გვერდით ოთახში ტრიალს, თითქოს იმ უზარმაზარ ბინაში ფართი არ ჰყოფნიდა სამოძრაოდ. ერთი სიტყვით, ხელს უშლიდა.

– წარმოუდგენელია, რასაც ყვებით. ბიჭი ამას როგორ იტანდა, როგორ ითმენდა?

– გადაეწყო მშობლების ტალღაზე. ვერ ვიტყვი, რომ ცოლი მოიძულა. ანიტა რომ მომყავდა მათი ოჯახიდან, ნიკა ცრემლებს აღვარღვარებდა, არ უნდოდა გაშორება, მაგრამ რამდენიმე ხანში მშობლებმა ესეც გადაატანინეს და ახლა მშვენივრადაა.

– ანიტა გიყვებოდათ თავისი ოჯახის დეტალებს?

– თავიდან არ ყვებოდა, ისე წარმოაჩენდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ წელიწადნახევარში რომ არ დაორსულდა, ახლობელი გინეკოლოგი შემიჩნდა, ანთება არ ჰქონდეს, რამე არ გაგვეპაროსო. მეც ვაძალებდი შვილს, გინეკოლოგთან მივიდეთ-მეთქი. მაშინღა მითხრა – როგორ დავორსულდები, ასეა საქმეო. მათ ხომ არ შევაჭმევინებდი შვილს, სახლში წამოვიყვანე.

– ანიტასთვის გაშორება არანაკლებ სტრესული იქნებოდა, ვიდრე ქმრის ოჯახში ცხოვრება. როგორ გადაიტანა?

– რთულად. მე და დედაჩემი მხარში ვედექით. ჩემი მეუღლე ავადმყოფია და მას ცალკე უნდა მიხედვა.

– ტრავმირებულ ქალს განსაკუთრებული პირობების შექმნა სჭირდება, რომ რთული პერიოდი გადალახოს. ოჯახში გქონდათ ამის საშუალება?

– მის გამო თითის წვერებზე დავდიოდით, თვალებში ვუყურებდით, აღარ ვიცოდით, რითი გვესიამოვნებინა. თუმცა ამას ვერ ვიტყვი ჩემს მეუღლეზე. მან ვერ გააცნობიერა შვილის ტრაგედია და ეგოისტურად მოიქცა, იფიქრა, რომ ანიტას გამო მას ყურადღებას ვაკლებდით. ისიც კი მისაყვედურა – რისთვის დააბრუნე, ქმარი უყვარდა, მის ცოდვაში ფეხი რატომ ჩადგიო. თითქოს ვერ ხედავდა, თვალსა და ხელშუა როგორ უდნებოდა შვილი, ჩემი ლამაზი გოგო ლანდს დაემსგავსა.

– ნიკას მშობლებმა როგორ შეაფასეს თქვენი გადაწყვეტილება, მათი ოჯახიდან შვილი რომ წამოიყვანეთ?

– მათი ოჯახის დანგრევა მე დამაბრალეს, თავიდანვე არ უნდოდა ეს ქორწინება და მიზანსაც მიაღწიაო. მართალია, ძალიან ახალგაზრდებმა იქორწინეს, მაგრამ რატომ უნდა ვყოფილიყავი წინააღმდეგი, თუ ჩემი შვილი ასეთ შეძლებულ ოჯახში შევიდოდა? რომელ ჭკუათმყოფელ დედას მოუვა აზრად, შვილი იმ ოჯახიდან წამოიყვანოს, სადაც საიმედოდ და უსაფრთხოდ ეგულება? სწორედ რომ უსაფრთხოდ არ იყო და ამიტომ წამოვიყვანე. იქ რომ დამეტოვებინა, შეიძლება ეს მის ფსიქიკაზე ცუდად ასახულიყო.

– თავად ანიტა რას გეუბნებათ ახლა, ხომ არ გსაყვედურობთ, რომ მის ცხოვრებაში ჩაერიეთ?

– ერთხანს მერყეობდა, მერე კი მიხვდა, რომ არ ღირდა იმ ბიჭის გამო თავის გაწირვა, რომელმაც გაყრის შემდეგ ერთხელაც არ მოიკითხა. ეს რომ გააცნობიერა, დაწყნარდა და სწავლას გაორმაგებული ენერგიით შეუდგა.

– ადამიანები მრავალგზის გადავამოწმებთ ხოლმე ჩვენი მოქმედების ან ნამოქმედარის სისწორეს. გქონიათ მომენტი, როცა დაეჭვებულხართ, ცუდად ხომ არ ჩავერიე შვილის პირად ცხოვრებაშიო?

– ცხადია, მქონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკან დაბრუნებულ შვილს სტრესულ მდგომარეობაში ვუყურებდი და მაშინაც, ჩემი ქმრის საყვედურებს რომ ვისმენდი… მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი უკან დარჩა და დღის სინათლეზე გავედით. ჩემი შვილი თავის თავს დაუბრუნდა და მიხარია, გალაღებულს რომ ვუყურებ. იმედი მაქვს, მისი მომავალი ლამაზად აეწყობა და სინანულად არ მექცევა ის, რაც შვილის სასიკეთოდ გავაკეთე.

ნანა კობახიძე, სარკე