,,მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი” – გურანდა გაბუნია

,,მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი" - გურანდა გაბუნია4 თებერვალს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ მან ფეხის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ განსაცდელს დაძლევდა, მაგრამ…

გურანდა გაბუნია ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ქალი იყო, რადგან 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვერდით ჰყავდა მეუღლე, მისი ცხოვრების დიდი სიყვარული, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი.

სახალხო არტისტი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჟურნალ ,,სარკესთან” ყვებოდა:

– ოთარს უყვარდა, როცა მე კარგად გამოვიყურებოდი. არაფერი ენანებოდა ჩემთვის. მოსკოვში გვყავდა მეგობრები, ისინი გვახვედრებდნენ, რაც გვჭირდებოდა – ქურქი, სამკაული… ყველაფერი ჩემთვის უნდოდა, შეიძლება თავისთვის არაფერი შეეძინა, ოღონდ ჩემთვის ეყიდა.

ქალი ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდის. თითოეული ნაოჭი, ერთი ჭაღარა მის განწყობაზე მოქმედებს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი. ოთარი რომ ცოცხალი მყოლოდა, შეიძლებოდა პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმემართა. ახლა აღარაფერი მინდა. ვისთვის? სცენაზე გრიმი ისედაც მიკეთია.