,,ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ემიგრაციაში გული გაუჩერდაო” – შვილების მონატრებით ჩაფერფლილი დედები

,,ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ემიგრაციაში გული გაუჩერდაო” – შვილების მონატრებით ჩაფერფლილი დედებიკვირა არ გავა, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ამბავმა არ მოაღწიოს ჩვენამდე. თითოეულის უკან უდიდესი ტკივილი დგას. თითქოს პატარ-პატარა მოთხრობები არიან, ცრემლების გარეშე რომ ვერ წაიკითხავ. კვდებიან უცხო მიწაზე და აქ, სამშობლოში დარჩენილებს რჩებათ კითხვები, რომლებიც მათ სიცოცხლეს ჯოჯოხეთს ამსგავსებს: ,,აქ რომ ყოფილიყო, იქნებ ეცოცხლა, იქნებ გვეშველა”, ,,ნეტა, რას ფიქრობდა უკანასკნელად, ვის უხმობდა, ვის სახელს ახსენებდა?..”.

საფრანგეთში მცხოვრები დიანა ჭანკოტაძე ემიგრანტების ტკივილზე წერს:

,,ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ემიგრაციაში გული გაუჩერდაო. ორი პატარა შვილი დატოვა, ისე, რომ ვერც კი გამოეთხოვა ბოლო წუთებში. მე არ ვიცნობდი, მაგრამ წარმოვიდგინე, რა არის ეს.

გუშინ ერთმა ქალბატონმა იტალიიდან შუაღამისას მომწერა, ვგიჟდები, კედლებს ველაპარაკები, შვილები მენატრება და თუ შეიძლება, ვილაპარაკოთო. სადღაც ჩემი სტატია წაუკითხავს და უნდოდა დარდის გაზიარება.

თბილისიდანაც დამიმეგობრდა ასაკოვანი ქალბატონი, ქალიშვილი და სამი შვილიშვილი წამივიდა საფრანგეთში, ვერ ვუძლებ მათ მონატრებას, წლებია ვერ ვნახულობ, ვერც ვუმხელ, რომ არ ინერვიულონ და თანდათან ვკვდები უიმათოდო.

წარმოიდგინეთ, რამდენი ქალი წავიდა იძულებით ემიგრაციაში. ვინმეს, ნეტავ, დაუთვლია? მათ დატოვეს ყველაზე ძვირფასი, სამშობლო კი არა, არამედ შვილები, დედები. რამდენი ქართველი ქალი დაბერდა ასაკზე ადრე დღე და ღამ ტირილში. რამდენმა ქალმა იგრძნო ტკივილი, რომელსაც სახელიც არ გააჩნია. ამ ქალებს არა საკუთარი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და შვილების გამოკვების მიზეზით დაერქვათ ემიგრანტები.

სულელი თუ წავა თბილი სახლიდან და სულელი თუ მოხსნის პირს გემრიელ კერძს საკუთარ კერაზე მომზადებულს. გვასულელებენ. ვისაც იგივე არ გაუვლია, ვერც გაიგებს. სამაგიეროდ, თავს უფლებას მისცემს, გააკრიტიკოს.

მე არ გამივლია ემიგრანტობის ამგვარი გზა, მაგრამ ვგრძნობ და მტკივა, რადგანაც არაერთი ასეთი ქალია ჩემ გარშემო, ბევრი მათგანი საკუთარი ნათესაობიდან. დატოვებული მეც მყავს, ჩემს გზას მომზირალი მოხუცი ბებო…

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მოდური გავხდით ემიგრანტები. ყველა კონტექსტში მოსაშველიებელი და საინტერესო. ვიღაც ამისთვის იყენებს ჩვენს სახელს და ვიღაც იმისთვის, სახლისგზა აბნეულებს ახლა თავგზასაც გვიბნევენ და ერთ-ორს გამოსდის კიდეც, მაგრამ ბოლო კვირაა, ბატონი კვიციანის წამოწყებამ გამიტაცა და უკანასკნელად მინდა ამ საკითხზე აზრის გამოთქმა.

მისი ცენტრი ჯერ ხუმრობა მეგონა, შემდეგ უბრალოდ სახალისო ამბავი და თურმე ,,ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკომონიკური ცენტრიც” ამასობაში ოფიციალურად გაიხსნა და ანგარიშის ნომერიც ძალაშია.

მერწმუნეთ, საერთოდ არ გვაღელვებს დემოგრაფიის საკითხი ემიგრანტებს, უკვე ისე გავმრავლდით და მოვმრავლდით უცხო ქვეყნებში ქართველები, რომ ჩემი ქალაქის ცენტრში გასულს ხანდახან თავი საქართველოში მგონია. მეორე მხრივ, თქვენი ცენტრი ხომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას ასწავლის ხალხს, მაგას არ ჯობდა, დასაქმების ცენტრი გაგეხსნათ, შრომა შეაყვარეთ ხალხს და არა სხვის ჯიბეში ყურება.

მთავარი კითხვა: რატომ დაგვცინით ბატონო ემიგრანტებს?

არ გეკადრებათ არც თქვენ და, მით უმეტეს, ჩვენ, ჩვენ უკვე დემოგრაფიულ საკითხმოგვარებულებს, ორი, სამი და თქვენ წარმოიდგინეთ ოთხი საოცარი ქართველი შვილით, სამშობლოში დაბრუნება უფრო გვჭირდება და იქნებ ამგვარ ცენტრზე გეფიქრათ? ნამდვილად გადმოვრიცხავდით, ვისაც რა შეგვიძლია იმ თანხებს აქედან, იმისთვის, რომ პატარა შვილებს დედები ემიგრაციაში გულის გაჩერებამდე შინ დაბრუნებოდათ.

პ.ს. მეგობრები მირჩევენ, ნუ წერო, მაინც რა იცი, რა ხდებაო, სანამ არ ვწერთ და ჩუმად ვართ, რიგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გენიალურ ინოვაციას მიაკვლიეს და ამავდროულად დღითიდღე გადის ქვეყნიდან ხალხი ემიგრაციაში. როცა სწორია, უნდა შეაქო, მაგრამ, როცა იცი, რომ არასწორია, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა თქვა, თუ შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს, იმიტომ, რომ ყოველთვის მხოლოდ ეს ორი ზარალდება. ინოვატორებს კი კიდევ და კიდევ ახალი იდეები იპყრობთ”.