20 წლის ქართველი გამომგონებელი ნასაში – კარლო ხუციშვილის ინოვაციები

20 წლის ქართველი გამომგონებელი ნასაში - კარლო ხუციშვილის ინოვაციებიახალგაზრდა გამომგონებელი, კარლო ხუციშვილი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა უკვე 12-ზე მეტი გამოგონების ავტორი და არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულია. კარლო პირველი ქართველია, რომელიც მეგობართან ერთად ნასას კენედის კოსმოსური ცენტრში მოხვდა, სადაც თავისი გამოგონება, მულტიკლიმატიზატორი წარადგინა და მეცნიერების მოწონებაც დაიმსახურა.

ელექტრო ინჟინერიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა, როცა ელექტრო ნივთების დაშლისა და აწყობის შედეგად მათი მუშაობის პრინციპის გარკვევას ცდილობდა. ამ პროცესში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, მოეძებნა გამოსავალი.

ნასაში მიღწეული წარმატების შემდეგ ახალგაზრდა გამომგონებელმა ახალციხიდან მოწვევით ჯერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში განაგრძო სწავლა, შემდეგ კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გადავიდა. 16 წლის ასაკში უკვე კომაროვში რობოტექნიკის გაკვეთილებს უტარებდა ბავშვებს.

-კომაროვში რომ გადმოვედი, ჩემს ოთახში პატარა ლაბორატორია მოვაწყვე. თავდაპირველად შემთხვევით რამდენიმე ბავშვმა შემოიხედა და დაინტერესდა, რას ვაკეთებდი, ნელ-ნელა კი ბავშვების რაოდენობა იზრდებოდა. ერთ დღეს, როცა ბავშვებს ჩემს ერთ-ერთ სქემას ვაჩვენებდი, შემოიხედა დირექტორმა და გაგვაფრთხილა, რომ ეს სკოლის შიდა განაწესს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ დირექციამ ბავშვების თხოვნა გაითვალისწინა და მოხალისეობრივად შევუდექი მასწავლებლობას, – იხსენებს გამომგონებელი.

კარლო ხუციშვილის გამოგონებათა არასრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

მულტიკლიმატიზატორი
ინოვაციური, მულტიფუნქციური ხელსაწყო, რომელიც ფერმერებს ეხმარება, მიიღონ ინფორმაცია მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, კლიმატის და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ. მოწყობილობის დახმარებით ფერმერი იგებს, კონკრეტულ მომენტში რა მინერალები და სასუქი სჭირდება მიწის ნაკვეთს მაქსიმალური ეფექტიანობისთვის. პროექტი საქართველოში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია, შემდეგ კი ის ახალგაზრდა გამომგონებლებმა ნასაშიც წარადგინეს.

უპილოტო გამნაღმველი სისტემა – Life Saver
დრონი, რომელიც iPad-იდან სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იმართება. აპლიკაციაში წინასწარ ინიშნება, თუ რა ტერიტორია უნდა გაინაღმოს, „Life Saver” კი ავტომატურად, უპილოტოდ გაფრინდება და გააუვნებლებს მონიშნულ ადგილს. მოწყობილობას შეუძლია როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთსა და წყალზე გადაადგილება. ახალგაზრდა გამომგონებელმა პროექტ Life Saver-ით ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი საერთაშორისო გამომგონებელთა ოლიმპიადაში მოიპოვა გამარჯვება.

Non Stop – ინოვაციური ეტლი შშმ პირებისთვის 
“Non stop” გამომგონებელმა ეტლით მოსარგებლე მეგობრებისთვის შექმნა – მოისმინა, თუ რა პრობლემებს აწყდებოდნენ ისინი ეტლით სარგებლობის დროს და სცადა, პრობლემების მოგვარების გზები ერთ ეტლში გაეერთიანებინა. ინოვაციურ ელექტროეტლს სტანდარტული 2-3 საათის მაგივრად 4-5 საათის განმავლობაში შეუძლია სიარული და სხვა ეტლებთან შედარებით კომპაქტური და მსუბუქია. ეტლით სარგებლობა დამოუკიდებლად შეუძლიათ უსინათლოებსაც – მასზე სენსორები და კამერებია დამონტაჟებული, რაც მას შეჯახებისგან იცავს. სპეციალურად ეტლისთვის Google-თან თანამშრომლობით დაწერეს აპლიკაციაც, რომელიც ქართულ ენაზე ხმოვან დახმარებას უწევს ეტლით მოსარგებლეს.

პოპX.ჯი