თეა ჩეჩელაშვილი: “პატიმარი ქმრების არჩევამ ძალიან დამაზარალა… ახლა თავი დავაჭერინე ერთ მონადირეს”

თეა ჩეჩელაშვილი: "პატიმარი ქმრების არჩევამ ძალიან დამაზარალა... ახლა თავი დავაჭერინე ერთ მონადირეს"ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი ქუთაისში პოპულარული გახდა რადიოგადაცემით “პორტრეტი ჩარჩოს გარეშე”. მოგვიანებით იმავე სახელწოდების გადაცემა ერთ-ერთ ტელეარხზეც გააკეთა. თავად მისი პორტრეტი ჩარჩოების გარეშე კი თოქ შოუებში იხილა მაყურებელმა და გაიცნო, როგორც თამამი ქალი, სექსუალური ფორმებითა და სექსუალურ თემებზე ხმამაღლა მოსაუბრე.

ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა, თეას პირადი ცხოვრებაც მრავალფეროვანია. ორი ქმარი და ორივე პატიმარი. დღეს ეს ეტაპი მისი წარსულია. სამაგიეროდ ახლა მის გვერდით ისეთი მამაკაცია, რომლის “ანალოგიც ძნელი საპოვნელია” და, როგორც თეა ირწმუნება, სულიერ სიმშვიდეს, ფინანსური კეთილდღეობას და ბედნიერებას მას შემდეგ მიაღწია, რაც ეზოთერიკამ გაიტაცა. ჟურნალისტის განუყრელი ატრიბუტი მიკროფონთან ერთად “ტაროს კარტიც” გახდა.

– თეა, ხმები დადის, თითქოს შავი მაგიით ხართ გატაცებული.

– შავ მაგიას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს ახალ გატაცებასთან. ეს ინფორმაცია უბრალოდ ხალხში არასწორი ფორმით არის გავრცელებული.

– რა არის ეს ახალი გატაცება?

– ახლა ვარ ყველაზე თეთრ ენერგიაში და ყველაზე საინტერესო ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად სამყაროში არსებობს ორი მაგია – ერთი შავ ძალებს ემსახურება, მეორე თეთრ ძალებს. მთელი ცხოვრება იმაზე ვფიქრობ, როგორ ვიყო კეთილი და როგორ გავაბედნიერო ადამიანები. განა შეიძლება, ჩემზე ასეთი რამ დაიჯერო?! ერთმა ნაცნობმა გოგონამ მკითხა, ჯადოებს თუ აკეთებო. ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ინფორმაციები გავრცელდა.

სინამდვილეში ეს არის ეზოთერიკა, პარაფსიქოლოგია! მკითხველისთვის განმარტებას გავაკეთებ – მეცნიერების დარგი, რომელიც პირდაპირ ემსახურება ადამიანების გაბედნიერებას, გაბრწყინებას, გასხივოსნებას, კარგ გზაზე დაყენებას და საერთოდ საკუთარი თავის შეცნობას.

– უფრო გასაგებად რომ აგვიხსნათ?

– მე რითაც ვარ გატაცებული, ეს ეზოთერიკის ერთ-ერთი დარგია, რომელსაც ტაროლოგია ჰქვია. ტაროს კარტს ეძახიან, ფორმიდან გამომდინარე, სინამდვილეში ის არის არკანები და სხვა წიაღსვლებში გადავყავართ. ეს არ არის კარტზე მკითხაობა! ეს არის აღქმის ძალიან ღრმა მეცნიერება.

78 არკანი ასახავს ყველაფერს, ჩვენი ამქვეყნად მოვლენიდან ცხოვრების ბოლო წუთამდე, თქვენ წარმოიდგინეთ, სიკვდილის მერე ცხოვრებასაც! ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ლაბირინთია.

– ბევრი წამიკითხავს თქვენს რთულ ცხოვრებასა და ფინანსურ პრობლემებზე… ტაროლოგიამ მდგომარეობა გამოასწორა?

– ბოლო წლებში ყველაფერი ძალიან დაულაგებელი იყო ჩემ ირგვლივ, ბევრი შეცდომა დავუშვი და ჭუჭყი დავაგროვე, რომელმაც ძალიან შემაწუხა. ახლა საინტერესო ეტაპი მაქვს. ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უწყობდნენ ხელს ჩემს განვითარებას და ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მხოლოდ დადებითი შეგრძნებებით ვიღვიძებ დილით, ვუღიმი სამყაროს, ჩემს თავს და ვეუბნები: “გამარჯობა, ღმერთო! მადლობა, რომ ერთი დღე მაჩუქე და მინდა, დღეს ბედნიერი ვიყო”.

– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ შეცდომებად?

– ძალიან ბევრი წელი დავხარჯე ერთი ადამიანისთვის. ერთი წლის წინ რომ გეკითხათ მასზე, გეტყოდით, არაკაცია-მეთქი. მეორე ქმარზე ვამბობ. ჩემმა ახალმა სამყარომ ყველაფერი სხვანაირად დამანახა, დღეს მას მადლობასაც კი ვეუბნები. დამანახა, როგორ არ უნდა ვენდო ადამიანებს.

– თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან არაორდინარულია და ცოტა უცნაური. ორივე ქორწინებაც და განქორწინებაც საპატიმროში მოხდა. დღეს როგორ იხსენებთ და აფასებთ ამ ყველაფერს?

– ერთგვარი ფატალი იყო ჩემს ცხოვრებაში, ესეც ფუნდამენტი იყო! მერე დამაინტერესა, რატომ მემართებოდა ასე. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო კარმული ვალი, რომელიც გადავიხადე. ვხუმრობდი, ალბათ წინა ცხოვრებაში ციხეში ვმუშაობდი, ჯალათი ვიყავი და პატიმრებს თავს ვაგდებინებდი-მეთქი. აღარ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, დღეს უკვე გავეცი პასუხი, 19 წლის შემდეგ. მე მარტო არ ვმოქმედებდი, ეს იყო ძალების დახმარება.

როცა მეორედ მივყვებოდი ჩემს ძვირფას მეუღლეს, მაშინ შეყვარებულები ვიყავით. იმ დროს ის ციხეში იყო, მე – გარეთ… ვფიქრობდი, ანგელოზები მეხმარებიან ორი სამყაროს დასაკავშირებლად-მეთქი. ყველაფერმა შემიწყო ხელი, რომ მე პატიმარ კაცებზე მექორწინა. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემი ბედნიერება, სინამდვილეში ეს იყო საკმაოდ დიდი უბედურება! ორივე ჩემი ქორწინება ციხეს უკავშირდება… მე ასეთი არჩევანი გავაკეთე, რამაც ძალიან დამაზარალა.

– პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი გყავთ. ბიჭებს თუ აქვთ ურთიერთობა მამასთან?

– როგორ არა, ჩემს შვილებს კარგი ურთერთობა აქვს მამასთან, მეგობრობენ… როცა ის გათავისუფლდა ციხიდან, ჩემმა შვილმა მთხოვა, მისი ნახვის უფლება მიმეცა. უარის თქმაც გამიჭირდა და თანხმობის მიცემაც. შევხვდით ერთმანეთს ერთი საათით ხუთი კაცის გარემოცვაში, ვერ წარმომედგინა, მარტოს მენახა. ახლა სურვილიც არ მაქვს, კიდევ შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც როგორც სტუმარი ან როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ან ჩემი ყოფილი ქმარი, რომელიც ერთ დროს გაგიჟებით მიყვარდა.

– რა იყო ქმრებთან ურთიერთობების დანგრევის მიზეზი?

– ისინი თუ იყურებოდნენ აღმოსავლეთით, მე ვიყურებოდი ჩრდილოეთით. ეს ურთიერთობები არ იყო მეორე ქორწინება პირველი ქორწინების დანგრევისთვის. უბრალოდ ორივე შემთხვევაში იდენტური პრობლემები იყო. ორი ერთნაირი წიგნის წაკითხვა რომ მოგიწევს, ნერვებს მოგიშლის, კოშმარები დაგესიზმრება და მაინც ისევ იწყებ იმავე წიგნის წაკითხვას…

– ახლა რა შეიცვალა თქვენს პირად ცხოვრებაში?

– ჩათვალეთ, რომ თავისუფლებაზე ვარ დაქორწინებული. როდესაც მოწიფული ასაკის ქალს დაეტყობა ფსიქოპათიური პრობლემები, იმ დროს ყოველთვის ეკითხებიან, აქვს თუ არა მოწესრიგებული პირადი ცხოვრება. აქ იგულისხმება ინტიმი და მთელი ამბები. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, ქალს როდესაც არ ჰყავს ქმარი და აქვს სექსი, არ არის ამორალური-მეთქი და მახსოვს, როგორ ჩამქოლა ერმა, დღემდე მლანძღავენ.

ახლა უფრო მტკიცედ ვდგავარ მაგ აზრზე. ქალი იპრანჭება, ქალი ლამაზდება მის ქვეცნობიერში. ჯერ უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი და მერე მამაკაცს მოეწონოს.

ასეა მამაკაციც. ყველა მამაკაცი იპრანჭება, თავს უვლის, ლამბერსექსუალობს… რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ თავი მოაწონოს ქალს და მერე რა მოჰყვება ამ ყველაფერს?

– სოციალურ ქსელებში ხშირად იქცევთ მამაკაცების ყურადღებას თამამი ფოტოებით. ხაზს უსვამენ თქვენს სექსუალურობას… თქვენი აზრით, რა იზიდავთ თქვენკენ, რითი ხიბლავთ საპირისპირო სქესს?

– მე მაქვს ერთი შტრიხი გამორჩეულობის, ეს გამორჩეულობა ამ შემთხვევაში ჩემს მკერდს უკავშირდება. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს არის ჩემი ზედმეტი კილოგრამები. გასუქდით, ქალბატონებო და თქვენც მოგაქცევენ მამაკაცები ყურადღებას! შევსებულმა ქალებმა დაიკავეს დღეს მსოფლიო პოდიუმი. მამრები ხუმრობენ, ძვალი ძაღლს უნდა და ჩვენ კიდევ მეტი ხორცი გვინდაო.

მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივი ქალები აღელვებენ მამაკაცებს. ერთი წამწამები მქონდა არაბუნებრივი და ისიც მოვიშორე. გადაეცით კაცებს, რომ თავიდან ბოლომდე ბუნებრივი ვარ!

– ბევრი მამაკაცი ნადირობს თქვენზე?

– თავი დავაჭერინე ერთ მონადირეს. ბუნებამ ისეთი ადამიანი გამოაგზავნა ჩემთან, რომელსაც ანალოგი არ ეყოლება.

– მიხარია, გილოცავთ. დაბოლოს, თქვენი ახალი გატაცება – ტარო –  ხომ არ შეიწირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას?

– რა თქმა უნდა, არა! ჩემს საავტორო გადაცემას “პორტრეტი ჩარჩოს გარეშე” ღირსეულებიც უყურებენ და უღირსებიც. მე მყავს ბევრი მაყურებელი და მსმენელი, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ, ამიტომ მათ დატოვებას ჯერ არ ვაპირებ.

ლევან ქემოკლიძე, სარკე