ქეთევან ქემოკლიძემ საკუთარ ქორწილს საქართველოში ძლივს ჩამოუსწრო – ”ხან მე ჩავდიოდი ბარსელონაში, ხან სანდრო ჩამოდიოდა მილანში”

ქეთევან ქემოკლიძემ საკუთარ ქორწილს საქართველოში ძლივს ჩამოუსწრო - ”ხან მე ჩავდიოდი ბარსელონაში, ხან სანდრო ჩამოდიოდა მილანში”ქართველმა მეცოსოპრანომ, ქეთევან ქემოკლიძემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გასულ წელს ქემოკლიძის კარმენმა საოპერო სფეროში გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა – მსოფლიო მედია მის ტრიუმფულ გამოსვლაზე აქტიურად წერდა. ქართველი მომღერლის დიდი გულშემატკივარი თვით დიდი მაესტრო პლასიდო დომინგოა. სწორედ დომინგოს მიწვევით როზინას როლზე შედგა ქეთევანის ამერიკული დებიუტი. დომინგოს სახელსვე უკავშირდება ქეთევანის კიდევ ერთი აღიარება ლოს ანჯელესის ოპერაში შესრულებულ როსინის “კონკიაში”.

მეცოსოპრანოს თავისი ქართველი ქმარი ესპანეთმა აპოვნინა. სანდრო შელეგია პროფესიით ეკონომისტია და ბარსელონას პომპეუფაბრას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მათი სიყვარულის ისტორია სწორედ ამ ქალაქში დაიწყო, დღეს კი წყვილს ბიჭუნა ლუკა ჰყავს.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქეთი სამშობლოში ხშირად ჩამოდის და საკუთარ გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს უზიარებს, ასევე აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში.

– მოგვიყევით, თქვენი ბავშვობის ოცნება როგორ აქციეთ რეალობად.

– 2000 წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში და ყველას გვახსოვს, როგორი სიტუაცია იყო საქართველოში. საკუთარი ხელით შეკერილი საკონცერტო კაბები და ბევრი პრობლემა…

თუმცა დიდი სურვილი მქონდა და წავედი იტალიაში. ენა არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში ადაპტაცია. საშინელი ნოსტალგია დამემართა. მენატრებოდა საქართველო, ჩემი ოჯახი, ყველაფერი ქართული! მაგრამ იმის გამო, რომ მიზანი იყო ერთი – მემღერა და წარმატებისთვის მიმეღწია, ეს პრობლემები ღმერთის დახმარებით გადავლახე.

– როდის მოვიდა პირველი წარმატება?

– როცა “ლა სკალას” აკადემიაში ჩავირიცხე. ბელვედერის კონკურსში გავიმარჯვე, მსოფლიოს წამყვანი თეატრების დირექტორები გამოვიდნენ და ცალ-ცალკე მომილოცეს. ყველა აღფრთოვანებული იყო. “ლა სკალას” დირექტორმა მაშინვე მითხრა, უგამოცდოდ “ლა სკალას” აკადემიაში ხარ მოწვეულიო. ეს იყო პირველი აღიარება.

პირველი როლი, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა, “სევილიელი დალაქიდან” როზინას პარტია იყო. ის მსოფლიოს თითქმის ყველა სცენაზე ვიმღერე. ალბათ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, პარტია.

შემდეგ მას მოჰყვა კარმენი და ებოლი. სამივე არის ესპანელი ქალის როლი და სულ ვამბობ, მგონი, ცხოვრებაში ნახევარი ქართველი ვარ და ნახევარი ესპანელი-მეთქი. აქედან გამომდინარე, ესპანელი ქალები ჩემთვის წარმატებასთან ასოცირდებიან.

– თქვენ მიერ შესრულებულმა კარმენმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. თავად როგორ აფასებთ მას?

– მართლაც სასწაული წარმატება მომიტანა. შარშან ვიმღერე ხუთი სპექტაკლი და ნამდვილად მოხსნა გაყიდვების რეკორდი. წელს არა მარტო რეკორდი მოხსნა, არამედ გადაცემაც მომიძღვნა რაი უნოზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯიჯი მარცულომ. არ დარჩა იტალიაში მნიშვნელოვანი გაზეთი და საოპერო მუსიკის ჟურნალისტები, ბლოგერები, რომლებთანაც არ მქონოდა ინტერვიუ. ჩემი კარმენი ნამდვილად დარჩება სამუდამოდ!

– როგორია დღეს საოპერო სცენის კულისები? კონკურენცია, ინტრიგები ისევ “ძალაშია”?

– ახლა აღარ არის მკაფიო ინტრიგები, ძველად ყოფილა. მყავს მეგობრები, რომლებიც ყვებიან საშინელ ისტორიებს, მაგალითად, მათი პატრნიორები უჭრიდნენ სასცენო კაბებს სპექტაკლის წინ, რაღაცას უყრიდნენ სასმელში… ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო კარგ ტიპად გამოჩნდება, გაყიდის და გააპიარებს საკუთარ თავს. “ვიღაცამ ფეხი წამომიდო, რეკვიზიტში ლურსმანი ჩამიყარა” – ასეთი რაღაცები აღარ ხდება, მაგრამ ამგვარი ისტორიები ახსოვს ამ სფეროს.

– ლეგენდარულმა პლასიდო დომინგომ. თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გვიამბეთ, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი.

– ეს იყო 2008 წელს, როდესაც გადავწყვიტე, გავსულიყავი მის კონკურსში, რაც შეუძლებელია, თუ არ მოხვდი 40 რჩეულ მონაწილეში. ამ კონკურსში მსოფლიოდან ათასობით მომღერალი მონაწილეობს. აგვისტოს ბოლო იყო. თქვენ წარმოდგინეთ, რა პერიოდია ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს…

გაგანია ომი დავასრულეთ და ვის ემღერება, რა ემღერება? მე ჯიუტად დავდიოდი, ვმეცადინეობდი ჩემს პედაგოგთან, გულიკო კარიაულთან. არ ვიცი, რისი მჯეროდა. ხან აეროპორტი იყო ჩაკეტილი, ვიბომბებოდით… მაინც ჩავჯექი თვითმფრინავში და გავფრინდი.

ეს კონკურსი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ჩემთვის იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო თეატრებიდან მივიღე შემოთავაზებები, ხოლო ლეგენდარულმა პლასიდო დომინგომ მაშინვე გამიფორმა კონტრაქტი ვაშინგტონის ოპერაში, სადაც დირექტორი იყო. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა.

– თქვენი პროფესია, რომელიც დიდ დროს და ძალებს მოითხოვს, პირად ცხოვრებში სირთულეებს ხომ არ გიქმნით?

– საერთოდ, ქემოკლიძის ქალები ძალიან მაგრები არიან, მთელი ცხოვრება ასე მესმოდა და დავიჯერე, ამ შეგნებით გავიზარდე. არ არის მარტივი, რთულია, თუმცა ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. მარტო მე – არა, ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე, მშობლები – ყველანი ერთად ვცდილობთ. ეს გუნდური მუშაობაა, ერთგვარი ხელშეწყობა. ყველაფერში მეხმარებიან და ფონს გავდივარ.

– უცხოეთში ცხოვრებისას მოახერხეთ და ქართველ კაცთან შექმენით ოჯახი. როგორ მოხდა ეს ამბავი?

– ჩემი მეუღლე არის სანდრო შელეგია, პროფესიით ეკონომისტი. 2006 წელს დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია, მე ვმღეროდი ბარსელონაში “ლისეუს” თეატრში, სანდრო სწავლობდა პომპეუფაბრას უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე. თბილისიდან ვიცნობდით ერთმანეთს. დავუკავშირდი, ბინის საკითხებში დამეხმარა. მერე მე დავპატიჟე სპექტაკლზე და იქიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.

იმ დროს მილანში, “ლა სკალას” აკადემიაში ვსწავლობდი, შაბათ-კვირა იყო ჩვენი სიყვარულის დღეები. ხან მე ჩავდიოდი ბარსელონაში, ხან სანდრო ჩამოდიოდა მილანში.

დავქორწინდით საქართველოში. ტრადიციული ქორწილი გვქონდა, უამრავი უცხოელი მეგობარი გვყავდა დაპატიჟებული. ყველანი აღფრთოვანულები დარჩნენ, იმდენი ჭამეს, დალიეს, იცეკვეს… ჩემდა სამარცხვინოდ, ქორწილის წინა დღეს ჩამოვედი იმიტომ, რომ ვმღეროდი მადრიდში და როცა მოვრჩი სპექტაკლებს, გამოვფრინდი.  ნერვიულობდნენ, სად არის პატარძალი, ისე არ მოხდეს, ქორწილი დარჩეს პატარძლის გარეშეო…

ულამაზესი ქორწილი გვქონდა. ვენაში გადავედით საცხოვრებლად, სადაც დაიბადა ჩვენი შვილი, ლუკა. ამჟამადაც ბარსელონაში ვცხოვრობთ.

– ოპერის ვარსკვლავებს, თითქმის ყველას, ახასიათებს მძიმე და უცნაური ქცევები. თქვენ მათთან გქონიათ შეხება?

– ეს ის ქალბატონები არიან, მეტი კონკურენცია და დაძაბულობა რომ გადაიტანეს ცხოვრებაში. რასაკვირველია, “დივობა” ძალიან ცნობილი მოვლენაა ჩვენს სფეროში, მაგრამ 21-ე საუკუნეში შემცირებული და შენელებულია. ბაზარი სავსეა კარგი მომღერლებით და, თუ შენ ადამიანად არ ვარგიხარ, არ უნდიხარ თეატრს.

– მიუხედავად უამრავი პრობლემისა, საქართველოდან მსოფლიო ასპარეზზე ბევრი ქართველის ხმა ისმის. რას იტყვით ამაზე?

– ჩვენ ოდითგანვე დიდი ტრადიციები გვქონდა, საქართველოში იტალიური დასი ჩამოდიოდა. მსგავსი ჟანრის ნაწარმოებები ჩვენთანაც მალევე დადგეს. ჩვენ ბუნებრივად მომღერალი ერი ვართ, აქედან გამომდინარე, ოპერამ ახალი გზა და შესაძლებლობები მოგვცა.

ჩვენი მომღერლები “ლა სკალაში” მღეროდნენ, მაგრამ მერე ჩვენ ჩავიკეტეთ 70 წელი… როგორც კი გაიხსნა საზღვრები, უცხოეთში გავიდნენ ქართველი მომღერლები და ყველამ შეძლო მათი მოსმენა.

ქართველი მომღერლების ბრენდია შექმნილი და ეს ძალიან კარგია! ახლა მთავარია, მომავალმა თაობებმა ღირსეულად გაიარონ ეს გზა.

ლევან ქემოკლიძე, სარკე