ნიკო ნადირაშვილი: “15 წლის ბავშვს ხელი დავავლე და სახლში ცოლად წამოვიყვანე”

ნიკო ნადირაშვილი: "15 წლის ბავშვს ხელი დავავლე და სახლში ცოლად წამოვიყვანე"ნადირაშვილების ოჯახმა ქართული ხალხური საკრავების ხელოვნება განავითარა, ახალ საფეხურზე აიყვანა და პოპულარიზაცია გაუწია მსოფლიოში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართული მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთმა პატრიარქმა, გიორგი ნადირაშვილმა, მეუღლე ევა ბიჩინაშვილთან ერთად თბილისის პიონერთა სასახლეში შექმნა პირველი ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი “საუნჯე”. მას შემდეგ მრავალი თაობა გამოზარდეს, ფოლკლორის ხელოვნებას აზიარეს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებგარეთაც.

ცნობილი ტრიო “საუნჯე” სწორედ იმ ორკესტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ბატონი გიორგის ვაჟების – ძმებ ნიკო და რაულ ნადირაშვილების, ასევე გია ასანაშვილის შემადგენლობით. მათ ფოკლორთან ერთად ქართული ხალხური საკრავებით პირველად გააჟღერეს მსოფლიოს ხალხთა ცნობილი მელოდიები და კლასიკური მუსიკა.

21 წლის წინ, 90-იანი წლების მძიმე პირობებში, ნადირაშვილების მთელმა ოჯახმა საქართველო დატოვა და ამერიკაში, ნიუ იორკში დაიდო ბინა. არც ბატონი გიორგი და არც მისი მეუღლე, სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან. მათ საქმეს ოკეანის გაღმა უმცროსი ნადირაშვილები აგრძელებენ. განახლებულ ბენდ “საუნჯეში” ამჯერად გიორგი ნადირაშვილის შვილებთან ერთად შვილიშვილებიც უკრავენ.

მესალამურე, მამის საქმის ერთგული ნიკო ნადირაშვილი, გარდა იმისა, რომ ბენდ “საუნჯეს” ხელმძღვანელობს, არაერთი კონცერტის, შემოქმედებითი პროექტისა და იდეის ავტორია.

ხელოვანი, რომელსაც მომავალ წელს, 27 მარტს 60 წელი უსრულდება, ახალ პროექტებს შეეჭიდა. ნიუ იორკში, კერძოდ ბრუკლინში, გახსნა ქართული კულტურის ცენტრი “საუნჯე” და ამავე სახელწოდების ქართულენოვანი რადიო, რომელიც 30 სექტემბრიდან შეუდგება მაუწყებლობას.

ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც თავად აღნიშნავს, ექსკლუზიურად საუბრობს “სარკესთან”:

– ქართული კულტურის ცენტრი “საუნჯე” მოიცავს რამდენიმე განხრას: ქართული ხალხური საკრავები, ხალხური სიმღერები, ნაციონალური ცეკვები და სხვა. ჩვენი მიზანია, ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვებისგან ჩამოვაყალიბოთ ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი და არა მარტო მათგან. ჩვენს ცენტრში სხვა ეროვნების ბავშვებიც სწავლობენ.

ასევე გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. მსგავსი რამ ამერიკაში არ ყოფილა. ვგეგმავთ, ბავშვებს ქართული ცეკვებიც შევასწავლოთ. გვაქვს ხმის ჩამწერი სტუდია და ვხსნით რადიოს, პირველად ამერიკისა და საქართველოს ისტორიაში – საქართველოს ფარგლებგარეთ არასდროს ყოფილა 24 საათიანი მაუწყებლობა ქართული რადიოთი.

– თქვენი რადიოს შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობაში ვინ არიან?

– ყველა ქართველი ემიგრანტია და რამდენიმე ძალიან ცნობილი ადამიანი თბილისიდან. არ მინდა, გავამხილო, მოულოდნელი ეფექტი უნდა იყოს. გვექნება საავტორო, თემატური, გასართობი, შემეცნებითი, ასევე საინფორმაციო რადიოგადაცემები. პოპულარიზაციას გავუწევთ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოში. კულტურის ცენტრისა და რადიოს ფილიალების გახსნას თბილისშიც ვფიქრობ.

– ფინანსურად ვინ გიდგათ მხარში?

– ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. რადიო ჩემი საკუთრებაა და ერთპიროვნულად განვკარგავ. გვყავს პარტნიორები, რომლებთანაც გაფორმებული მაქვს მემორანდუმი. ჩვენი მთავარი საორგანიზაციო პარტნიორია ნიუ იორკში პოპულარული “დიანა ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდი”.

ასევე რამდენიმე რადიო და ტელეკომპანია საქართველოდან ჩვენი პარტნიორია, ისე როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს მედიაცენტრი “მთავარი” და ხმის ჩამწერი სტუდია “PS”. ისინი უანგაროდ გვეხმარებიან და გვაწვდიან მასალებს.

2 მილიონნახევარზე მეტია ქართული ემიგრაცია მსოფლიოში. ჩვენ ამერიკულ სერვერზე ვზივართ, ინტერნეტმაუწყებლობა გვექნება.

– ამ თემაზე ალბათ ბევრი გისაუბრიათ, მაგრამ მაინც გკითხავთ – თქვენი თვალით დანახული ამერიკა როგორია?

– საქართველოში მავანმა ისე წარმოაჩინა ამერიკა, რომ ბევრი უარყოფითადაა განწყობილი. ეს ძალიან ცუდია. ამერიკაში ბევრი სიკეთე და კარგი რამ ხდება, ამაზე არავინ ლაპარაკობს მანდ. ეს შეგნებულად კეთდება – თუ ვინ აკეთებს და რატომ, ეს ცალკე თემაა. ამერიკა ძლიერი ქვეყანაა და ყველაფერს მიაღწევ აქ, თუ ნიჭი და საშუალება გაქვს.

– ანუ თვლით, რომ გაგიმართლათ?

– იცით, რა? მთვარეზეც რომ ვიცხოვრო, რაც მაქვს და რასაც ვსაქმიანობდი საქართველოში, იმავეს შევინარჩუნებ და გავაკეთებ იქაც. ჩემთვის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მე აქ შევქმენი პატარა საქართველო, სადაც ვართ ძალიან ბევრი ქართველი და კარგ საქმეს ვაკეთებთ.

შემოქმედებითად ეს ქვეყანა ყველანაირად მხარში მიდგას. ოღონდ რამე გააკეთე კარგი და არავინ გიშლის. ქართული კულტურის ცენტრი და ქართულენოვანი რადიო რომ გავხსენი, ნიუ იორკის ხელისუფლებამ გადმომცა დიპლომი – 18 მილიონიან ნიუ იორკის შტატში (და არამარტო ქალაქში) აქტიური კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. იმის თქმა მინდა, რომ კეთილი საქმის დამნახავები არიან.

– ტრადიციებზე აღზრდილი კაცი ამერიკულ თავისუფლებას როგორ შეეწყვეთ?

– თავისუფლება ადამიანმა თვითონ უნდა მიანიჭოს საკუთარ თავს. ღმერთი გვაძლევს ამის საშუალებას დაბადებიდან. არ ვამბობ, რომ აქ ცუდი არ ხდება. აქაც არის ბევრი უარყოფითი, მაგრამ შენზეა დამოკიდებული – გინდა მიიღე, გინდა – არა. 3 წლის წინ საქართველოში რომ ჩამოვედი, რაც მანდ ხდება და რაც ვნახე, უბრალოდ შოკში ვიყავი.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ყველაფერს. იდეოლოგია, რომელიც შემოტანილია მანდ, ანგრევს ქართულ ცნობიერებას. სულ სხვა საქართველო დამხვდა, რასაც არ ველოდი. ვეცდებით, ჩვენი რადიოს მეშვეობით მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ არ დაიკარგოს ქართული კულტურა, ქართული ტრადიციები და საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია.

– 3 წლის წინ ქართულ პოლიტიკასაც შეეჭიდეთ, ამ მიზნით ჩამოხვედით, დააფუძნეთ ორგანიზაცია “სახალხო გაერთიანება მზიური საქართველო”. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებდით. რა მიზეზით შეიკავეთ თავი?

– მოკლე მონაკვეთში ბევრი რამ გავაკეთე, თბილისში რამდენიმე ღონისძიება გავმართე. ყველას აინტერესებდა, ვინ მედგა უკან ფინანსურად, არადა ყველაფერს ჩემი ძალებით ვაკეთებდი. ეგ ფული ჩემს ოჯახს და შემოქმედებით განვითარებას მოვაკელი, მაგრამ გადაყრილად არ ვთვლი – საქვეყნო საქმეში პატარა აგური დაიდო.

რამდენიმე პროფესიონალთან ერთად შევიმუშავეთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, ვგეგმავდი, რეფერენდუმის გზით შემეცვალა კონსტიტუცია, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა. ეს კონსტიტუცია რომ ძალაში შესულიყო, მთელი სამთავრობო პოლიტიკური სპექტრი გარეთ რჩებოდა. დარჩა ფარატინა ქაღალდად, თუმცა ისტორიული ფაქტია. ახალი კონსტიტუციის პროექტი ჩემთან ინახება.

პოლიტიკას რომ ჩამოვცილდი, ეს ღვთის ნებით მოხდა. დედა 2011 წელს გარდამეცვალა, ხოლო მამა – 2016 წლის დეკემბერში. დედამ ანდერძად დაგვიბარა, საქართველოში უნდა დავიკრძალოთ ორივეო. ვაპირებდი კიდეც ნიუ იორკიდან მის გადმოსვენებას, მაგრამ მამამ გარდაცვალების წინა დღეებში (ცუდად რომ იყო) მითხრა, თავი დაანებე მაგაზე ფიქრს, მთავარია, სიცოცხლეში გიყვარდეს ადამიანი და აფასებდე, თორემ მერე უფალი სადაც მიუჩენს ადგილს, იქ უნდა იყოსო.

პოლიტიკაზეც მკითხა, რას შვრებიო. ვუპასუხე, ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ უკან-მეთქი. გაიცინა და მითხრა, მთელი ცხოვრება რაღაცას მთხოვდი და ყველაფერს გისრულებდი, მე ხომ არასდროს შემიწუხებიხარ, ჰოდა, ახლა მინდა, გთხოვო ერთი რამ – დაანებე თავი მაგ პოლიტიკას და მიხედე იმას, რითიც შეგიყვარა ხალხმა და რაც მე გასწავლე, მოვა დრო და მომიგონებო.

ეს იყო მისი ანდერძივით. ვფიქრობ, სწორად მირჩია. მამაჩემს პირობა მივეცი და ვასრულებ. პოლიტიკაზე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ დღეს, რაც ჩემს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. პოლიტიკის გზა ჩემნაირი კაცისთვის არ არის. ადამიანებთან ურთიერთობაში რბილი, დამთმობი და მოსიყვარულე ვარ, საქართველოში უფრო მკაცრი ხელია საჭირო, რომელსაც უფალი თავად მოავლენს, როცა დრო დადგება.

– ნიუ იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან ურთიერთობთ. ტაძარს რა ისტორია აქვს?

– ეს პირველი მართლმადიდებლური ქართული ეკლესიაა ამერიკაში. 25 წლის წინ მამა ალექსანდრე თანდილაშვილმა დააარსა და დღემდე უძღვება. მაშინ ცოტანი იყვნენ ქართველები. შენობა ტაძრისთვის ბოლო ხანს შეიძინეს, ახლა კი შეცვლას ფიქრობენ. მრევლი ძალიან დიდია და მეც მაქვს პატივი, მისი წევრი ვიყო. მამა ალექსანდრემ აკურთხა ჩვენი კულტურული ცენტრი “საუნჯე” და ვთხოვეთ, ლენტიც გაეჭრა.

– სამივე შვილი თქვენთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. გვიამბეთ მათზე, რას საქმიანობენ, ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ თუ არა.

– უფროსი ვაჟი, აჩიკო, 37 წლისაა, ნინო – 30-ის, გიორგი 15-ის შესრულდა. აჩიკო პროფესიონალი მუსიკოსია, ჩვენი ბენდის თვალსაჩინო წევრია. ფანდურზე უკრავს (ჩემი ძმის, რაულის ვაჟებიც ჩვენს ბენდში არიან). ჩემი რადიოს ერთ-ერთი მფლობელია. მეუღლე აფხაზეთიდან ჩამოიყვანა, მეგრელია. ორ შვილს ზრდიან.

ნინო თბილისშია გათხოვილი, ხან ჩვენთან არის, ხან თბილისში. გიორგი აქ დაიბადა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართულ ტრადიციებზე გავზარდოთ, მაგრამ სკოლა მაინც თავისას შვრება. აქ დაბადებულ ქართველ ბავშვებს თავისებურად მაინც უჭირთ გამართული ქართულით მეტყველება. გიორგი მე-9 კლასში გადავიდა. გატაცებულია სპორტით. ცხონებულმა მამაჩემმა ასწავლა სალამურზე დაკვრა. თუ გაჰყვება ჩვენი ოჯახის ტრადიციას, კარგია. შინაგანად უნდა ჰქონდეს მოთხოვნილება, ვერ დავაძალებ.

– უფროსი ვაჟი წინა ქორწინებიდან გყავთ. თუ უხერხული არ არის, გკითხავთ, პირველი ოჯახი რატომ დაგერღვათ.

– ცოლ-ქმარი ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. განქორწინების შემდეგ აჩიკო ხან ჩემს მშობლებთან იზრდებოდა, ხან დედამისის მშობლებთან. რაღა დაგიმალოთ და, სიდედრ-სიმამრებში ბედი მქონია. ნინოც ჩემი და ინგას მშობლების ხელშეწყობით გაიზარდა.

– მეორე მეუღლე, ინგა მაჭავარიანი, თქვენთან ერთად 30 წელზე მეტია ოჯახურ უღელს ეწევა. თქვენი სიყვარული როგორ დაიწყო?

– პიონერთა სასახლეში გავიცანი, “გორდაში” ცეკვავდა. 8 წლით უფროსი ვარ, ჩემს ხელშია გაზრდილი, მაშინ რას წარმოვიდგენდი! ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ. ამას წინათ ფოტო ვნახე და სიცილით მოვკვდი – მე დიდი ბიჭი ვარ, ის კი პატარაა, ხელით მიჭირავს…

ნელ-ნელა გრძნობა გაჩნდა. ბოლოს ხელი დავავლე და ჩემს სახლში წამოვიყვანე. 15 წლის იყო, ჯერ კიდევ ბავშვი, 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული.

– წინააღმდეგობა არ გაგიწიათ?

– გამიწევდა და კაი ჩიტს დაიჭერდა (იცინის)… ერთად ვსწავლობდით მერე, ერთად დავამთავრეთ საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი თბილისში.

– ამბობთ ხოლმე, ჩემი ცოლის თმის სურნელს ათას ქალში გამოვარჩევო. მეუღლეს როგორ დაახასიათებთ?

– უკეთილშობილესი პიროვნებაა. ბევრი შრომა უწევს, კულტურის ცენტრ “საუნჯის” ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. მადლობის მეტი რა მეთქმის. ქალ-ვაჟი გამიჩინა, გამიზარდა. ამერიკაში ძირითადად ინგა მუშაობს და მის კისერზე გადადის ყველაფერი. მე შემოქმედებითი საქმიანობით ვარ დაკავებული, სხვაგვარად არ გამოდის.

ნანა კობახიძე, სარკე