ლედი ტუკვაძე: “საქართველოში დარჩენილებს ლაპარაკიც კი ეზარებათ ემიგრანტ დედებთან და ცოლებთან”

ლედი ტუკვაძე: "საქართველოში დარჩენილებს ლაპარაკიც კი ეზარებათ ემიგრანტ დედებთან და ცოლებთან"უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე რამდენიმე წელია, რაც ქართველი ემიგრანტების პრობლემებით არის დაინტერესებული. ადვოკატმა თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა და ქვეყნის ფარგლებგარეთ მცხოვრები ქართველებისა და უცხოეთში პატიმრობაში მყოფი ემიგრანტების სამართლებრივი დახმარებით არის დაკავებული. ადვილი მისახვედრია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში მყოფი ქართველი ემიგრანტების უმძიმეს პრობლემებს ახლოდან იცნობს. მათ შესახებ “სარკესაც” უამბო.

– ქალბატონო ლედი, თქვენმა ორგანიზაციამ ემიგრანტთა დასახმარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბიუროები გახსნა. რა ფორმით ეხმარებით მათ?

– წლებია ჩვენი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად საქმიანობს. ჩვენ გვერდით არიან საკმაოდ წარმატებული ექიმები. ემიგრანტები იღებენ როგორც უფასო სამედიცინო კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას. რამდენიმე ქვეყანაში გვყავს პარტნიორი იურიდიული ფირმები, რომლებიც ჩაგვრთავენ ხოლმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში. წლის ბოლოსთვის შევძლებთ, რომ იტალიის მსგავსად, მიუნხენშიც გავხსნათ ჩვენი იურიდიული დახმარების ცენტრი.

ახლახან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღეთ ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი მოქალაქისგან, რომელმაც თვითონ გამოთქვა მზაობა, რომ ანალოგიური ოფისი გაიხსნას ნიუ იორკში, თუმცა ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ იქ მომუშავე ცნობილი ადვოკატების ჯგუფთან. რაც შეეხება სერვისს, ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ეხმარებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მათი პრობლემების მოგვარებაში. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ დახმარებისათვის.

– თქვენი შეფასებით, ქართველი ემიგრანტების პრობლემების მოგვარებაში ჩვენი ქვეყნის საელჩოები და საკონსულოები აქტიურად არიან ჩართული თუ ამ მხრივ პასიურობენ?

– ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობა კომფორტულად გრძნობს თავს, ისინი სტატუსით ბედნიერები არიან და თითის განძრევაც არ უნდათ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები იმ ქვეყანაში, სადაც არიან. მე შემიძლია სხვა მაგალითიც ვთქვა.

რამდენიმე დღით პოლონეთის კონსულთან ერთად მომიწია სიარული ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს მოქალაქის ინტერესებს ვიცავდი. კონსულისადმი განსაკუთრებული პატივისცემა გამიჩნდა. მისი ტელეფონი ფაქტობრივად არ ჩერდებოდა. ყველა ცალ-ცალკე ითხოვდა დახმარებას. ადამიანები ურეკავდნენ ელემენტარული პრობლემის გამო.

– თქვენ ასევე იყავით სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში და შეხვდით ქართველ პატიმრებს. როგორია ემიგრანტების ცხოვრება, მდგომარეობა ციხეში სხვადსხვა ქვეყანაში, მნიშვნელოვანი განსხვავებებია?

– შემიძლია საბერძნეთის, პოლონეთის და იტალიის ციხეების მაგალითზე გითხრათ, რომ მართალია, იქ არ სცემენ და არ აწამებენ, მაგრამ ყველა მოქმედებას წყვეტს პროკურატურა. ოჯახის წევრებმა მსჯავრდებულს ცხვირსახოცი რომ შეუგზავნონ, პროკურორის თანხმობა სჭირდებათ.

მათ მართლმსაჯულებას რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, ვთქვა, რომ სამართლებრივად ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვყავს მაღალი კულტურის მქონე, პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების კანონიერი ინტერესები, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ ვნახე, ჩემდა სამწუხაროდ.

გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, თუმცა როდესაც მუშა პროცესში გადავედით, ევროპული ილუზია გამიქრა.

– მაგალითად, რა პრობლემებს გამოყოფდით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ უცხოეთის ციხეებში?

– მათი უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა. სამართალწარმოება მათთვის გასაგებ ენაზე არ ხდება. თარჯიმნებად ჰყავთ ისეთი ქალები, რომლებიც საფუძვლიანად ვერ ფლობენ სამართლებრივ ენას. თვეობით ელოდებიან ადვოკატს, არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებრივი იქნება ის თუ მაღალანაზღაურებადი, უცდიან, რომ შევიდეს და რაიმე უთხრას.

– როცა მათ საპყრობილეში ხვდებით, რა გზავნილი აქვთ საქართველოსთვის?

– მათი სურვილია, საქართველოს წარმომადგენლობას მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ემიგრანტებთან და მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის მხრიდან მათი უფლებები სხვა ქვეყანაში.

– გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, კიდევ რა აწუხებთ უცოეთში მცხოვრებ ქართველებს, რა სტკივათ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად?

– წლებია პირადად მიწევს ყოფნა სხვადასხვა ქვეყანაში. გარკვეული პერიოდი ამერიკაშიც ვცხოვრობდი. პირადად ვიცი, რა მძიმე და ურთულესია იქ ემიგრანტი ქალების ცხოვრება. სულ ვამბობ, რომ ეს ქალები არიან გმირები. ბევრ მათგანს ჯოჯოხეთის გავლა უწევს. უმძიმესი ისტორიები მომისმენია. გადის დრო, წლები, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ ოჯახებისთვის.

ბოლოს ისე ხდება, რომ საქართველოში დარჩენილებს დალაპარაკებაც კი ეზარებათ დედებთან, ცოლებთან. არადა ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ურთიერთობის დეფიციტი აქვთ, შინაურები გაუსაძლისად ენატრებათ.

ბოლო პერიოდში, როცა ბევრი ემიგრანტი ქალი სოციალური ქსელის მსხვერპლი გახდა, უამრავმა მოგვმართა. საქართველოში ზოგიერთ მამაკაცს პროფესიად ექცა ერთდროულად 5 ან 10 ქალისთვის სიყვარულის ახსნა. ემიგრანტებისგან ისინი იღებენ ე.წ. დახმარებას ხან საჩუქრის, ხან ფულის სახით. დროთა განმავლობაში ამ ე.წ. მამაკაცებს ექმნებათ ვითომ პრობლემები, ამბობენ, რომ ვალებში გადავარდნენ ბიზნესის წარმოებისას ან დაიჭირეს. ფაქტობრივად ტექსტები ერთი და იგივეა.

ემიგრანტი ქალები ძალიან გვიან იგებენ, რომ იმ მამაკაცებს ოჯახები ჰყავთ და ვირტუალური ურთიერთობა სიყალბეა. მსგავსი ურთიერთობები ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება.

– საინტერესოა, თავად თქვენი, როგორც ქალის და როგორც ადვოკატის, ცხოვრებაში არის თუ არა ბალანსი პირადსა და პროფესიას შორის. ოჯახი და საქმე ერთნაირად გტვირთავთ თუ რომელიმე სფერო შეღავათს გიკეთებთ?

– ჩემი სამუშაო დღე იწყება ძალიან ადრე და სრულდება გვიან. მე მგონი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო ენერგიული ვხდები. აქტიურად ვარ ჩართული ოჯახურ საქმიანობაში. ჩემი ოჯახის წევრები მიჩვეულები არიან, რომ ნებისმიერ, ელემენტარულ, მათ შორის საყოფაცხოვრებო პრობლემასაც მე ვაგვარებ.

სულ მშურს იმ საქმიანი ქალების, რომლებიც თავიანთ რესურსს მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას უძღვნიან. თუმცა მუშურ-გლეხური ცხოვრება ჩემს წესად იქცა და რა სასათბურე პირობებშიც უნდა მოვხვდე, ეს ალბათ არასოდეს შეიცვლება.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე