,,გვინდოდა, უჩა კორძაია ტაშით გაგვეცილებინა, მაგრამ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა” – მიხეილ ზაქარიაშვილი

,,გვინდოდა, უჩა კორძაია ტაშით გაგვეცილებინა, მაგრამ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა" - მიხეილ ზაქარიაშვილიმუსიკოსმა მიხეილ ზაქარიაშვილმა მეგობარი, მუსიკოსი უჩა კორძაია 15 იანვარს უკანასკნელ გზაზე გააცილა. თავის ემოციებზე მან ფეისბუქში დაწერა:

,,ვიყავი ვაკის ეკლესიაში უჩას ,,გასვენებაში”, ძლივს წავედი, ისე ცუდად ვიყავი. მეშინოდა, ვაითუ, ვერ შევძლო ბოლო გზაზე მისი გაცილება… გვინდოდა, ტაშით გაგვეცილებინა, მაგრამ რატომღაც, როცა გამოასვენეს, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ასე ჩუმად გავაცილეთ ზეცისკენ მიმავალი მისი სული, ისე როგორც თავად იყო ჩუმი და თავდაბალი, ვაჟკაცური და ამავე დროს გულჩვილი და მომფერებელი!

წამოვედი სახლში ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ უნიჭიერესმა ადამიანმა. მე მის ქელეხში ვერ დავჯდებოდი, მაპატიებს უჩა, კონცერტები არ გამიცდენია მისი არც ერთი…

ის დასაფასებელი კაცი იყო, მაგრამ შესაბამისად მაინც ვერ დავაფასეთ, ეს საქმე ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის, სამწუხაროდ. გენიალურად აქვს ნათქვამი ოთარ რამიშვილს ,,როს კარგავენ მის ფასს, მერე იგებენ”. ჩვენზე ქართველებზეა ზედგამოჭრილი ეს ფრაზა…

აი, ეს ზაფხულში გადაღებული სურათია, საკმაოდ ბევრი დავლიეთ (სურათზეც გვეტყობა). ვიმღერეთ, ვეფერეთ ერთმანეთს, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ცატა ხანში ვეღარ გვნახავდა!თან ვუბრაზდებოდი, ნუ სვამ ამდენს, არ შეიძლება შენთვის-მეთქი, მაგრამ უჩა ის კაცი არ იყო,  რომ ვინმეს ჭკუაზე გაევლო და მით უმეტეს, მე რას გავხდებოდი?

მამა, მე რაც მჭირდა, დავამარცხე, თქვენ იყავით კარგადო, მითხრა და იქვე დააყოლა, გამეორება კი იცის ამ დედა მოტ….ლმა დაავადებამ, სულ კონტროლში უნდა გყავდეს შენი ჯანმრთელობაო.  დღეს დავლევ, აბა, რას ვიზამო და იქვე დააყოლა, მეტს აღარ ვიზამო. თან გვაშაყირებდა ბიჭებს თავისი ჩვეული ქუთაისური იუმორით”.