გაგა ჩიხლაძე: “მარტო რომ ვიყავი, მეუღლეს სიმღერა დავუწერე” – რატომ დატოვა თბილისი “ფრანის” სოლისტმა

გაგა ჩიხლაძე: "მარტო რომ ვიყავი, მეუღლეს სიმღერა დავუწერე" - რატომ დატოვა თბილისი "ფრანის" სოლისტმაჯგუფ “ფრანის” სოლისტმა, გაგა ჩიხლაძემ, შემოქმედებითი ნიჭი ბიზნესშიც გამოიყენა და ქუთაისში იმერული ქვევრის ღვინის ტრადიცია აღადგინა. დღეს მას უკვე საკუთარი ღვინის გალერეა აქვს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

ბიზნესის პარალელურად ჯგუფსაც არ აკლებს ყურადღებას. წერენ ახალ სიმღერებს, აქვთ სოლო კონცერტები. რაც შეეხება პირადს, ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობები მაშინ დაასრულა, როცა იპოვა ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა. მისი ცოლი მსახიობი ანუკა ჩოგოვაძეა. მათი ოჯახი 11 წლის არის და ქალ-ვაჟის მშობლები არიან.

– გაგა, დიდი ხანია “ფრანი” ეკრანზე არ გამოჩენილა. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთეთ ბიზნესში და მთელი ყურადღება ახალი საქმისკენ გადაიტანეთ?

– ვერ ვიტყვი, რომ არ ვჩანვართ, უბრალოდ ხალხში მოიკლო ტელევიზორის ყურების სურვილმა. მგონია, რომ სოციალურ ქსელებს მეტ ყურადღებას აქცევენ. ჩვენ დინჯად, როგორც “ფრანს” სჩვევია, მივყვებით დინებას. ჯგუფის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, პირიქით, “ფრანი” რაღაცნაირად დაღვინდა და ახალი სიმღერებიც იწერება.

– და ისევე პოპულარულია?

– ყველას ჰყავს მსმენელი. მოცლილი არავინ არის, რომ უბრალოდ პირი გააღოს და საკუთარ თავს უმღეროს. თუკი ვინმე რაიმე ხარისხის მუსიკას ქმნის საქართველოში, მსმენელი აუცილებლად მოძებნის. “ფრანი” ნამდვილად არ განიცდის მსმენელის ნაკლებობას. ბათუმში ერთი გემრიელი კონცერტი ჩავატარეთ, ბიჭებს გვენატრებოდა ასეთი განიავება.

მე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი თბილისში სტუმრობა აუცილებლად უკავშირდება მუსიკას, გვაქვს რეპეტიციები, ჩაწერები, გადაღებები და ა.შ.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ნომრიან კონცერტებში არ მონაწილეობთ. ბუნებრივია, პოლიტიკოსების მხარდამჭერი კონცერტები იგულისხმეთ. რატომ ამბობთ უარს ასეთ ღონისძიებებში გასვლაზე?

– ვერიდები ასეთ კონცერტებს, რადგან მგონია, რომ პოლიტიკური აზროვნება ძალიან პირადი და ინტიმურია. ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი საქმის კეთება არის ჩვენი პოლიტიკა და, თუ საქმეს ხარისხიანად არ გავაკეთებთ, ჯასაღი ქვეყანა ვერ შეიქმნება.

– თქვენ არ ერიდებოდით ნარკოპოლიტიკაზე საუბარს. როგორ აფასებთ მარიხუანის ლეგალიზებას?

– ერთი ის არ მომეწონა, რომ არასწორი პროპაგანდა გაუწიეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ დეკრიმინალიზაცია მოხდებოდა, ბევრი მისაუბრია ამ პრობლემაზე და მახსოვს, როგორი შიში იყო დანერგილი ხალხში. მე, პირადად, რამდენჯერმე გადამიყვანეს შესამოწმელად და, მათთვის სამწუხაროდ, არ დამიდასტურდა. ვფიქრობ, გარკვეული რეგულაციებია საჭირო და იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება.

– ბევრი თვლის, რომ ეს კანონი მარიხუანის მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის.

– კი არ გაზრდის, მომხმარებელთა რაოდენობას გამოაჩენს. ამ კანონის გამო არავინ დაიწყებს მარიხუანის მოწევას, ვისაც უნდოდა, მკაცრი კანონების დროსაც ეწეოდა. თუ აკვირდებით, რაღაც დონეზე იგრძნობა, რომ ხალხს სხვა დამოკიდებულება აქვს და მეტად ფიქრობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე. იმ ადამიანებს დახმარება, მკურნალობა სჭირდებათ და არა – ციხეში გამოკეტვა. ასეთ საკითხებში მე ჰუმანური ვარ.

– თქვენს ბიზნესგამოცდილებაზეც მოგვიყევით.

– ბიზნესის წამოწყება დილეტანტებისთვის ძალიან ადვილია, რადგან ყველაფერი ლამაზად გვეჩვენება. შემდეგ რეალობას ხედავ, რომ მზად არ ყოფილხარ ბიზნესის დასაწყებად და საკუთარ თავში იწყებ ძიებას, რა გაკლია და პოულობ – რა თქმა უნდა, ცოდნა.

“ღვინის სკოლაში” ვისწავლე, ცოდნა გავიღრმავე და ეს ყველაფერი ბიზნესზე დადებითად აისახა. ახლა ვცხოვრობ ქუთაისში. ტურისტებთან მიწევს ურთიერთობა და ჩემი ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდა.

იმერეთი ძალიან საინტერესოა ქვევრისა და ჭურის ტექნოლოგიით, ყურძნის უამრავი ჯიშია. ტურისტებმა იცოდნენ, რომ ღვინის სამშობლო აღმოსავლეთ საქართველოა. ჩვენ კი ერთგვარი ხიდი ავაგეთ, აღმოსავლეთ საქართველოს ღვინო ჩამოვიტანეთ დასავლეთში და გალერეა გავაკეთეთ.

– “ჩემო ოქროს გოგო, ვერსად ავიღე ვალი, დაბადების დღეს გილოცავს შენი უფულო ქმარი” – თავის დროზე ეს ლექსი ცოლს მიუძღვენით. ისევ უფულო ქმარი ხართ?

– არა. უბრალოდ ასე ჩემს მეუღლეს გავეხუმრე, დაბადების დღეზე საჩუქრის ყიდვა ვერ მოვახერხე და საათი 12-ს რომ გადასცდა, ეს ლექსი მივწერე. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, საჩუქარი ვუყიდე. ორი კვირის მერე ჩემი დაბადების დღე იყო და ანუშკიმაც იგივე გამიკეთა. ეს იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახური იუმორი, არანაირი კრიზისი და ეკონომიკა არ შეგვხებია.

– ამ ლექსის მერე რამდენიმე წელი გავიდა, კიდევ გექნებათ ახალი.

– ლექსი – არა, მეუღლეს სიმღერა დავუწერე, რომლის პრეზენტაცია “არტ გენის” კონცერტზე შედგა. “შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს დრო, უშენობას როგორ განვიცდი…” – ეს სიმღერა ანის მივუძღვენი, როცა ქუთაისიდან თბილისში “ღვინის სკოლაში” დავდიოდი და მარტო ვრჩებოდი.

– ახლა რა ეტაპია თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობაში?

– 11 წელია ერთად ვართ და ბოლომდე ასე სიყვარულით ვაპირებთ ცხოვრებას. ქუთაისში ბავშვებიც წამოვიყვანე და იმ სკოლაში შევიყვანე, სადაც მე ვსწავლობდი. დედაჩემი იქ პედაგოგია. მშობლები ძალიან მეხმარებიან. ყველანი იმ სახლში ვცხოვრობთ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ერთი დიდი ოჯახი ვართ.

– ამბობენ, წლებთან ერთად სიყვარული ფერს იცვლისო. ეთანხმებით ამ სიტყვებს?

– როგორ შეიძლება სიყვარულმა ფერი იცვალოს?! სიყვარული თუ არის, ბოლომდე იქნება, იმის იქით ღმერთი უნდა გიყვარდეს! გამორიცხულია, ორმა ადამიანმა ამდენი წელი ერთად იცხოვრო, სიმღერები წერო, ბედნიერი იყო და მერე უცებ ვიღაცის თავში ამოტივტივდეს ნაცრისფერი. არა! მე მჯერა სიყვარულის და მე და ჩემი ოჯახი თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ.

ლევან ქემოკლიძე, სარკე