ეთუნა ინწკირველი: “სილამაზე ხელის შემშლელი მგონია” – რა ხდება ხიფათიანი ტელეწამყვანის პირად ცხოვრებაში

ეთუნა ინწკირველი: "სილამაზე ხელის შემშლელი მგონია" - რა ხდება ხიფათიანი ტელეწამყვანის პირად ცხოვრებაშიტელეკომპანია “ტვ პირველის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ეთუნა ინწკირველი, ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად დასახელდა, თუმცა მისთვის ეს ტიტული ბევრს არაფერს ნიშნავს, უფრო მეტიც, ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სილამაზე ხელის შემშლელიც კი არის საქმეში და არა მარტო სილამაზე, არამდე ემოციებიც, რომელთა ნაკლებობასაც მშვენიერი ტელესახე არ “უჩივის”. რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ეთუნას, ამის შესახებ ქვემოთ შეიტყობთ.

– ეთუნა, რამდენიმე წელია, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობთ – დილის 10 საათიდან ღამის 12-მდე. როგორ ახერხებთ, რომ ეკრანზე დაღლა საერთოდ არ გეტყობოდეთ?

– მეოთხე წელია, ასე ვმუშაობ და ვცხოვრობ. კი, დამღლელიც არის, მაგრამ განსაკუთრებული ადრენალინიც ახლავს. დილიდან ღამემდე აწყობილი ვარ საათის კონტროლზე. ხანდახან წამსაც დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როცა ეთერში შესვლა მიწევს.

– ამ პროფესიაში სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ გონიერება?

– რა თქმა უნდა, გონიერება. გარეგნობას აქვს თავისი პლუს-მინუსები. მგონია, რომ სილამაზე რაღაც კუთხით ხელის შემშლელიცაა. აქცენტები ხშირად გარეგნობაზე კეთდება და ჭკუამდე აღარ მიდის.

– მსმენია, რომ ძალიან ხიფათიანი ხართ. მართალია?

– ხშირად ვარ ხიფათების მსხვერპლი და ბევრ კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ, რაც დიდ მხიარულებას იწვევს სამეგობრო წრეში. ეთერშიც ბევრჯერ დამმართნია ისეთი რამ, რომ სიცილი ვერ შემიკავებია, ალბათ ამ დროს მაყურებელიც ხალისობს.

ახლახან დღის ბოლო გამოშვება მიმყავდა და ტექსტის კითხვის დროს ერთი სიტყვა ვერაფრით ვთქვი. ბევრჯერ გამეორება მომიწია და ყოველ ჯერზე შეცდომით წარმოვთქვი. ბოლოს რეჟისორმა ეთერიდან გამაპარა.

– ერთ ინტერვიუში თქვით, საკმაოდ ემოციური ვარო. ეს რითი გამოიხატება?

– ჰო, საკმაოდ ემოციური ვარ. უემოციოდ ვერ ვუსმენ, ვერ ვკითხულობ, ვერ ვურთიერთობ ადამიანებთან. ემოციები ეთერშიც ხშირად გამომიხატავს. არის ინფორმაციები, რომლებსაც მხოლოდ ამბებად ვერ ვკითხულობ. კარგსაც და ცუდსაც ემოციურად ვუდგები, რაც ძალიან მიშლის ხელს.

ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ, როცა პირადად გამიცნობენ ხოლმე, სულ მეკითხებიან, ეთერში რატომ არ იღიმიო. სულ ისეთ ამბებს ვყვები, მგონია, რომ ღიმილით ვერ წაიკითხავ. ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც ამბავს ისეთი ემოცია მოუტანია, ცრემლები ვერ შემიკავებია, მაგალითად, როცა ბავშვების მკვლელობების ამბები წამიკითხავს.

შესაძლოა, განცდები ეთერში შემეტყოს. დედა მეჩხუბება, შენი თავი უნდა მართოო. ვმუშაობ ამაზე და იმედი მაქვს, ნელ-ნელა გამოვასწორებ.

– მინდა, სახელზეც გკითხოთ. იშვიათი გამონაკლისი ხართ საინფორმაციოს წამყვანებს შორის, რომლებიც მაყურებლის წინაშე სახელის კნინობითი ფორმით წარდგა. როგორ მოახერხეთ ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ ეთუნა ინწკირველი გეთქვათ ეთერში და არა – ეთერ ინწკირველი?

– ვერ დაგეთანხმებით, ბევრი ჩემი ცნობილი კოლეგაა კნინობითი სახელით. თავიდან იყო შემოტევები, რატომ ეთუნა და არა ეთერიო. გათავისებული და მორგებული მაქვს ეთუნა და რატომ უნდა ვიყო ოფიციალური მაყურებელთან? მგონი, მაყურებელს ჩემს სახელზე მეტად ის ამბავი აინტერესებს, რომელსაც ვუყვები და არა ის, თუ რა ფორმით გაიჟღერებს ჩემი სახელი. არხის ხელმძღვანელობაც დამეთანხმა, რომ ასე ყოფილიყო, წინააღმდეგობა არ ყოფილა.

– საოცარ ფორმაში ხართ. ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ახერხებთ, სპორტულად იცხოვროთ?

– სამწუხაროდ, მხოლოდ პერიოდულად მიწევს სპორტულად ცხოვრება, დატვირთული რეჟიმი მიშლის ხელს, არადა ამის დიდი სურვილი მაქვს. მიყვარს, როცა ტონუსში ვარ.

სპორტი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ექსტრემალური. ვგიჟდები სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ადრენალინია. ჩვენი სპორტსმენების დიდი გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახეობა იქნება. გულგრილად ვერ ვუყურებ ფეხბურთს, რაგბის, კალათბურთს. ემოციები მაშინ უფრო მძაფრდება, თუ სტადიონზე ვარ და მოედანს იქიდან ვუყურებ.

– დიეტები ხშირად გჭირდებათ?

– ახლა ისე ხშირად – არა, მხოლოდ პერიოდულად. ადრე რაც კი დიეტა გამიგია, მგონი, ყველა გამიკეთებია. ვგიჟდები გემრიელ კერძებზე, შესაბამისად, სულ დიეტაზე ყოფნა მიწევდა. ახლა კვებას უფრო ვაკონტროლებ.

– ლამაზ ახალგაზრდა ქალს ალბათ თაყვანისმცემლების შემოტევა გაქვთ. თქვენ ვინმე მოგწონთ?

– პირადში განსაკუთრებული არაფერი ხდება. თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ რჩეული ჯერ არ მყავს.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელსაც თქვენთვის იდეალურად ჩათვლით?

– განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მაქვს. არ არსებობენ ერთნაირი ადამიანები, შესაბამისად არც მამაკაცები. როგორც სიყვარული არ არსებობს ერთნაირი, ისეა მამაკაციც. ასე ვერ დავყოფ, კონკრეტულად შავგვრემიანი უფრო მომწონს თუ ქერა. პირველი წარმოდგენა ყოველთვის პირველივე შეხედვით მექმნება.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე