ეკუნა ყანჩაველი: ”ყოველდღე ვცდილობ, ჩემი სხეული გავაუმჯობესო, ჩემი ფორმებით კმაყოფილი ვარ”

ეკუნა ყანჩაველი: ”ყოველდღე ვცდილობ, ჩემი სხეული გავაუმჯობესო, ჩემი ფორმებით კმაყოფილი ვარ”ეკუნა ყანჩაველის გარეპილმა “ვეფხისტყაოსანმა” წლების წინ სოციალური ქსელები ააფეთქა, ამას დაემატა მის მიერ გადაღებული მხიარული ვიდეოები და მოზარდი რეპერი ინტერნეტვარსკვლავად იქცა.

ამის შემდეგ ეკუნამ მუსიკალურ პროექტებში “ახალ ხმასა” და “იქს ფაქტორში” სცადა ბედი. მართალია, სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ნახევარფინალებიდან დატოვა კონკურსები, მაგრამ მისი პოპულარობა, განსაკუთრებით კი თინეიჯერებში, კიდევ უფრო გაიზარდა. “იქს ფაქტორის” ბოლო სეზონზე შოუს ერთ-ერთი წამყვანიც იყო. დღეს მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ “ფეისბუქში” 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ეს აქტიური გოგონა 20 წლისაა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. მუსიკას ბავშვობიდან წერს და ტექსტების ავტორიც თავად არის. მის სიმღერებში სხვადასხვა სოციალურ თემებზეა ხაზგასმა, რასაც ხშირად საზოგადოებაში პოლემიკა, ზოგჯერ კი აგრესიაც მოჰყვება ხოლმე.

ეკუნა ყანჩაველმა ამერიკიდან ჩვენს კითხვებს უპასუხა.

– ეკუნა, “იქს ფაქტორის” დასრულების შემდეგ მალევე აიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ოკეანის გაღმა გაემგზავრეთ. ამერიკამ გაგიმართლათ იმედები?

– მოლოდინმა გაამართლა, აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე, თვალს ვადევნებდი აქაურ ცხოვრებას და სულ მინდოდა აქ ყოფნა.

– კონკრეტულად რა მიზნით წახვედით ამერიკაში და რას აკეთებთ მანდ?

– აქ სტუდენტური პროგრამით ვარ, ერთ-ერთ გასართობ პარკში თამაშების ოპერატორად ვმუშაობ. სახალისო ზაფხული მქონდა, ემოციებით და სიახლეებით აღსავსე.

– არ გაგიჭირდათ რამდენიმე თვით ოჯახის წევრებთან განშორება, უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

– რა თქმა უნდა. ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და ქართული სამზარეულო, მაგრამ ჩემებთან ყოველდღე მაქვს კონტაქტი. სოციალური ქსელები გვიმსუბუქებს მდგომარეობას.

უცხო ქვეყანაში ყოფნა ნამდვილად არ არის მარტივი. უცხო ხალხი, უცხო კულტურა, ენის ბარიერი, ცხოვრების წესი – აქ ყველაფერი სხვანაირია. უნდა იცოდე, ამ ყველაფერს როგორ მოერგო.

– ახალგაზრდები თქვენს ცხოვრებას სოციალური ქსელებით აქტიურად ადევნებენ თვალს, ახალ თაობაში ძალიან პოპულარული ხართ. ვიდეო ვნახე, სადაც განმარტებებს აკეთებდით მათთვის. რა მოხდა?

– ძალიან სასაცილო მდგომარეობაა. უცხოეთში თუ წახვალ, საქართველოში ფიქრობენ, რომ გამდიდრდი, რაც ასე ნამდვილად არ არის. აქ ორმაგად გიწევს შრომა. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი მარტივი არ არის.

– ახალი სიმღერა “ჩემს გოგოებს” გაავრცელეთ, რითიც ცდილობთ იმ გოგონების გამხნევებას, რომლებიც ბიჭებს მიენდნენ, შეიყვარეს, მაგრამ საშინელი გულისტკენა მიიღეს. ამ სიმღერით მამრობითი სქესის წარმომადგენლების კრიტიკა დაიმსახურეთ, ზოგიერთმა ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიასაც შეგადარათ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

– აგრესია ძირითადად ბიჭებისგან წამოვიდა, მაგრამ, რაც მთავარია, ხალხის ძირითადმა ნაწილმა ჩემი გზავნილი სწორად გაიგო. ისე, კრიტიკასაც მიჩვეული ვარ, ამას დიდ მოტივაციად ვაქცევ ხოლმე.

– ამბობენ, ამერიკელი შეყვარებული ჰყავსო. მართალია?

– ძალიან დიდი ხანია შეყვარებული არ მყოლია. იმასაც გეტყვით, რომ ამერიკელი მომწონებია, მაგრამ ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია.

– აქტიურად იღებთ ვიდეოებს, სადაც სხეულის ფორმებზე საუბრობთ ხოლმე. კმაყოფილი ხართ საკუთარი გარეგნობით?

– თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან თავდაჯერებული. ყოველდღე ვცდილობ, ჩემი სხეული გავაუმჯობესო. ფორმებს რაც შეეხება, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ ძალიან მინდა, უკეთესი ვიყო, რაზეც ბევრს ვმუშაობ.

– პროექტ “ახალ ხმაში” თქვენი მენტორი რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია იყო. ისიც ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში. მის “ინსტაგრამს” ეტყობა, რომ თქვენს შემოქმედებას თვალს ადევნებს. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– ქეთა მართლაც ადევნებს თვალს ჩემს ცხოვრებას და მე – მისას. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი.

ლევან ქემოკლიძე, სარკე