ეკა ბესელია: ,,ჩემი მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს, რომელიც საოცარი ადამიანია”

ეკა ბესელია: ,,ჩემი მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს, რომელიც საოცარი ადამიანია"პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ფეისბუქით სოლიდარობას უცხადებს ჯვრის მონასტრის წინამძღოლს, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში ტაძარი დაკეტა.

,,ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს, როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია.

რამდენი ხანია, ცდილობს, მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა… უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა, გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება…

მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს, კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულებ, ამაზე უნდა ისაუბრონ მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა”, – წერს ეკა ბესელია.