სტივ ჯობსი მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი – არასასურველი შვილი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

სტივ ჯობსი მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი - არასასურველი შვილი, რომელმაც მსოფლიო შეცვალაკომპიუტერული ინდუსტრიის  მთავარი ფიგურა  სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს
დაიბადა სან ფრანცისკოში. ბედის ირონიით, ის სასურველი შვილი არ აღმოჩნდა. ასპირანტებმა, სირიელმა აბდულფათაჰ ჯანდალიმ და ჯოანა შიბლმა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე გადაწყვიტეს მისი გაშვილება, ოღონდ ერთი პირობით – მშვილებლები ბავშვს აუცილებლად მიაღებინებდნენ უმაღლეს განათლებას.

ბიჭუნა პოლ და კლარა (ქალიშვილობის გვარი აკოფიანი) ჯობსებმა იშვილეს და სტივენ პოლ ჯობსი დაარქვეს. კლარა საბუღალტრო ფირმაში მუშაობდა, პოლ ჯობსი კი ლაზერული დანადგარების მწარმოებელ ფირმაში მექანიკოსად. მამამისს ტექნიკური ნიჭი და “ოქროს ხელები” ჰქონდა. ძველ, დამტვრეულ მანქანებს $50-ად ყიდულობდა, შეაკეთებდა და სტუდენტებზე ყიდდა. ფული სტივის კოლეჯში სწავლას ხმარდებოდა.

როდესაც ერთხელ სტივ ჯობსს ჰკითხეს, რას გადასცემდა თავის შვილებს, “კომპიუტერთა მეფემ” უპასუხა: “უბრალოდ ვეცდები, ისეთივე კარგი მამა ვიყო მათთვის, როგორიც მამაჩემი იყო ჩემთვის”.

სტივს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ჯობსები მისი ღვიძლი მშობლები არ იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში სტივმა შეიტყო, რომ ნაშვილები იყო. მოზარდმა ბიჭუნამ ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. ის-ის იყო, მათი პოვნის იმედი გადაეწურა, როცა 27 წლის ასაკში გაიგო, რომ ჯოანა შაბლი და აბდულფათაჰ ჯანდალი დაქორწინებულან და ქალიშვილიც შესძენიათ.

სტივის და ნიუიორკელი მწერალი მონა სიმპსონი აღმოჩნდა. ჯობსს დასთან გულითადი ურთიერთობა ჰქონდა და საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა, მისი ბიოლოგიური მამა პოლიტოლოგიის პროფესორი იყო, დედა კი ლოგოპედი, თუმცა ისინი რამდენიმე წლის შემდეგ გაიყარნენ. სტივი არ აღიარებდა, მაგრამ მისი ბიოგრაფის თქმით, აშკარაა, რომ მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი.

კვირის პალიტრა