სოფო ხაჭაპურიძე: “როცა ქალები ჩემი ქმრის მიმართ ზედმეტებში გადადიან, ვღიზიანდები” – როგორ ანეიტრალებს დათო ქაცარავა ეჭვიან ცოლს

სოფო ხაჭაპურიძე: "როცა ქალები ჩემი ქმრის მიმართ ზედმეტებში გადადიან, ვღიზიანდები" - როგორ ანეიტრალებს დათო ქაცარავა ეჭვიან ცოლსჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, ასევე მსახიობის, დათო ქაცარავასა და სოფო ხაჭაპურიძის ოჯახი 13 წელს ითვლის. მათი სიყვარული კი გაცილებით ადრე, 20 წლის წინ ჩაისახა. ამ ხანგრძლივი და სტაბილური თანაცხოვრების საიდუმლო, რა თქმა უნდა, თავად იციან და მხოლოდ ამ ორის საკუთრებაა. ადვილი არ არის, იყო პოპულარული, აქტიური, საზოგადო საქმისთვის “ველად გაჭრილი”, ქალთა სქესისთვის მიმზიდველი მამაკაცის მეორე ნახევარი, ინარჩუნებდე ბალანსს ურთიერთობაში და გქონდეს შენი სტაბილური, ღირსეული ადგილი ქმრის გვერდით.

ადვილი არ არის ქალისთვის, ჰქონდეს ბიზნესი, უვლიდეს ოჯახს და ზრდიდეს სამ შვილს. ქალური სიბრძნე, რომელიც სოფო ხაჭაპურიძეს წლებმა და გამოცდილებამ დაუგროვა, “სარკის” მკითხველებისთვის არ დაინანა და გახსნილად ისაუბრა ყველა იმ თემაზე, რასაც ცოლქმრობის ართცუ მსუბუქი უღლის ტარება გულისხმობს…აქვთ ერთობლივი ბიზნესი – ტურისტული კომპანია. ზრდიან სამ შვილს: მიხეილი 12 წლისაა, ქეთევანი – 8-ის, ხოლო ალექსანდრე – 7-ის.

– სოფო, დავიწყოთ იმ მომენტიდან, როცა თქვენ შორის პირველი ემოცია, პირველი ნაპერწკალი გაჩნდა.

– 18 წლისამ კონსერვატორიაში ჩავაბარე საფორტეპიანო ფაკულტეტზე. მისაღები გამოცდების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ირინა საცურაო აუზზე დავდიოდით. მოვიდა დათოც, მეგობრებთან ერთად იყო. ირინა ბავშვობიდან იცნობდა, აგარაკები ჰქონდათ გვერდიგვერდ.

ერთმანეთს თბილად მიესალმნენ. მეც მივესალმე, როგორც დაქალის ახლობელს. რომ წავიდა, ირინამ მითხრა, ის არის, ადრე რომ გეუბნებოდი, ძალიან კარგი ბიჭია-მეთქი, თქვენი ერთმანეთისთვის გაცნობა მინდოდა, და, აი, კიდეც გაიცანიო. მახსოვს, ადრე სურათიც მაჩვენა… ვიხუმრეთ, გავიცინეთ.

აუზზე სიარულისას დათომ თანდათან სიმპათია გამოხატა. აღმოჩნდა, რომ კონსერვატორიის მეორე კურსზე სწავლობდა ვოკალის განხრით. ხუმრობდა, ფილმი “თოჯინები იცინიან” გათამაშდა ჩემს ცხოვრებაშიო. მუსიკა მისი მოწოდება არ არის, კარგი ბანი აქვს და ამიტომ ჩააბარებინეს. პარალელურად “გეპეის” იურიდიულზე სწავლობდა, მესამე კურსზე იყო. ერთი წლის შემდეგ კონსერვატორია დატოვა და “გეპეი” დაამთავრა.

კონსერვატორიიდან პირველკურსელები, ტრადიციისამებრ, წაგვიყვანეს ექსკურსიაზე არმაზში. დათოც შემოგვიერთდა მე-2 კურსის სხვა ვოკალისტებთან ერთად. იქ ჩაისახა ჩვენი სიყვარული. შვიდი წლის შემდეგ, 2005 წელს შევუღლდით.

– ამბობენ, რომ ყოველი მე-7 წელი წყვილის ურთიერთობაში გარდამტეხია, შეიძლება კრიზისულადაც იქცეს. თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახურ ურთიერთობაში სირთულეების დასაძლევად?

– ზოგს შეიძლება პირველივე ეტაპზე დაუდგეს კრიზისი, ზოგს – ცხოვრების ბოლოს… ჩვენი ურთიერთობა ტალღისებურად ვითარდება – შეიძლება დაიძაბოს, მერე განელდეს. ყველაფერს ახლავს რომანტიკა. გადამწყვეტი სიყვარულია. ყველაფერი რომ აწყობილი და დალაგებული გქონდეს – კარიერა, ფინანსური მხარე, ირგვლივმყოფებთან ურთიერთობები – თუ სიყვარული არ არის, ოჯახურ სიმტკიცეს ვერაფრით შეინარჩუნებ, გამორიცხულია.

– სიყვარულის გარდა თქვენი წყვილისთვის კიდევ რა არის ნიშანდობლივი, რაც ურთიერთობას ამყარებს?

– თანადგომა და სტიმული. დათო კონსერვატული აზროვნების ჩანს, მაგრამ პირიქით არის. ის ჩემთვის ყოველთვის იყო სტიმული. მიბიძგებდა, ვყოფილიყავი აქტიური – “სოფო, შენ ძლიერი ხარ, შენ ეს გამოგივა, მოძებნე სამსახური, მომეხმარე ამაში”… კონსერვატორია დავამთავრე, მაგრამ სხვა გზით წავედი, პიარმენეჯერობა ვისწავლე, სარეკლამო კომპანიებში ვმუშაობდი.

ამჟამად გვაქვს ერთობლივი მცირე ბიზნესი ტურიზმის სფეროში და ეს დათოს დამსახურებაა. ჩვენი კომპანია ახორციელებს სათავგადასავლო და ექსტრემალურ ტურებს.

ვცდილობ, მხარი დავუჭერო დათოს ნებისმიერ სფეროში – არამხოლოდ სიტყვით, საქმითაც. მაძლევს რჩევებს, თავადაც ითვალისწინებს ჩემს აზრს, რამაც განაპირობა ჩვენი წინსვლა.

– თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ცოლ-ქმარს შორის კამათს, უთანხმოებასაც იწვევს. მსგავს შემთხვევაში როგორ ზავდებით?

– ჩვენც გვიკამათია, ზოგჯერ რაღაც წვრილმანზე, სისულელეზე წავკიდებივართ. მერე უცებ შევხედავთ ერთმანეთს და გვეცინება. ხანდახან დათო ჩემი მხრიდან კამათს ბავშვურად მიიჩნევს და ხუმრობაში გადააქვს.

– ერთმანეთს რით აკვირვებთ?

– დათოს სჩვევია სიურპრიზები. შეყვარებულობის პერიოდში ერთხანს ბათუმში მუშაობდა. ტელეფონით რომ ვსაუბრობდით, უცებ მეტყოდა, ერთი წუთით გარეთ გამოდიო, გავსულვარ და დამხვედრია. მოულოდნელად ჩამოდიოდა ჩემ სანახავად და უკან ბრუნდებოდა – დილით სამსახურში უნდა ყოფილიყო. ამით მაოცებდა. უყვარს საჩუქრების კეთება სპონტანურად…

მეც ვცდილობ, გავახარო. ერთხელ სათვალე ჩაუვარდა ზღვაში და გული დაწყდა. თბილისში მსგავსი სათვალე ვერსად ვნახე და უცხოეთიდან გამოვიწერე. დიდ ყუთში შევფუთე და სიურპრიზად მივართვი. ხუთი ყუთი მეწყო ერთმანეთში. ხსნიდა და ყველა ყუთში საჩუქარი ხვდებოდა ბარათით. ბოლო ყუთში იდო სათვალე. ძალიან გაუხარდა, მოუხსნელად ეკეთა.

– საუბარში ახსენეთ, ჩვენს ურთიერთობაში პერიოდულად შეიძლება რაღაც დაიძაბოსო… ამას რა იწვევს?

– მესაკუთრეობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ზედმეტ ყურადღებას ავლენენ დათოს მიმართ და ეს მაღიზიანებს, მაქვს რეაქცია. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია, ყველაფრის “გატარება” არ შეიძლება.

დათო ძალიან თბილი, გალანტურია, მაგალითად, ერთად რომ მოხვდეთ კართან, აუცილებლად გაგიღებთ და გეტყვით: “მობრძანდით!”. ასეთი ტიპაჟია, ასეთი მანერებით… არიან ქალები, რომლებიც მსგავს ქცევებს მამაკაცის მხრიდან აქტიურობად თვლიან და მერე ზედმეტებში გადადიან.

– თქვენს ეჭვიანობაზე დათოს რეაქცია როგორია?

– მეუბნება, სისულელეა, გეჩვენებაო. ვფიქრობ, ოჯახების უმრავლესობაში არის მსგავსი რამ… დათოც ეჭვიანია, მაგრამ ჩუმი, არ შეგაწუხებს. მე ამ მხრივ ცოტა ემოციური ვარ, დათო მიყვავებს, მამშვიდებს, სიტუაციას ანეიტრალებს.

– ურთიერთობის დაბალანსებაში ალბათ ისიც გეხმარებათ, რომ დარწმუნებული ხართ მეუღლის სიყვარულში, არა?

– სიტყვები ერთია და საქმე – მეორე. უნდა შეხედო რეალობას – რომ არ უნდოდე, მაშინ ხომ საერთოდ წავიდოდა შენგან. ჩვენი ურთიერთობა ბევრ სიტუაციაში გამოიცადა. წინასწარ ვერ გათვლი, რა იქნება მომავალში. შეიძლება ადამიანები 50 წლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლოს გაშორდნენ… სიყვარულს მოვლა სჭირდება.

– დათოს მხრიდან რომ სითბოს ნაკლებობა იგრძნოთ, როგორ მოიქცევით?

– ალბათ დაველაპარაკები, ავუხსნი, რომ მაკლებს და მოუმატოს.

– გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

– შეიძლება ჩემი აღქმით ყოფილა, მაგრამ, საბოლოო ჯამში – არა, იმიტომ, რომ სხვა მხრივ დაბალანსებულა. ურთიერთობაში ზედმეტი არაფერი ვარგა. ზღვარგადასული სიყვარულიც ცუდია. შეიძლება ადამიანი ძალიან ბევრ ემოციას დებს მასში და ამით მეორე ადამიანს აწუხებს, “ახრჩობს”, ვინაიდან ამდენი არ სჭირდება. ასეთ დროს ძნელია ბალანსის დაცვა, მაგრამ მაინც უნდა მოახერხო. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ზომიერება.

შეიძლება ან დათოს, ან მე მოგვიწიოს სადმე გამგზავრება საქმის გამო. ორ-სამდღიანი განშორება იწვევს მუხტის აკრეფას, მაგრამ ეს ყველაფერი დადებითად უნდა აღიქვა. ზოგჯერ არის საშუალება, დავტოვოთ ბავშვები და ერთი-ორი დღე მარტო წავიდეთ სადმე ერთად, ამას “გაპარვას” ვეძახით. ასეთი “გაპარვები” ურთიერთობას ახალისებს, დადებითად მუხტავს.

– ბავშვებს ვის უტოვებთ?

– ძირითადად ჩემს მშობლებთან ან დათოს მშობლებთან ვტოვებთ. დედაჩემი არის ძიძასავით. მყოლია დამხმარე ქალი, მაგრამ სამსახურის საათებში ბავშვებს მაინც დედას ვუტოვებდი. რატომღაც მეშინია ძიძების, შვილებს ვერ ვანდობ. ამ ეტაპზე ცალკე ვცხოვრობთ. დიდხანს ჩემებთან ვიყავით, ორი წელი დათოს მშობლებთან ვიცხოვრეთ.

– ჩვენს დროში წყვილებისთვის გართულდა მშობლებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თქვენთვისაც ასე იყო?

– რაც უნდა კარგი ურთიერთობა იყოს, ერთად ცხოვრება რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც დისკომფორტი იქმნება. დათოსთვის თავისებურად ძნელი იყო ჩემს მშობლებთან ცხოვრება, ჩემთვის კი – დათოს მშობლებთან, მიუხედავად იმისა, რომ მას ფანტასტიკური მშობლები ჰყავს, გადაყოლილი არიან ჩემზე და ბავშვებზე. დათოსთან თუ წავკინკლავდები, ჩემს მხარეს იჭერენ, მიცავენ, დათოს ტუქსავენ.

– როგორი მამაა დათო, სიმკაცრეს ხომ არ იჩენს შვილებთან?

– შვილებთან მე ცოტა უფრო მკაცრი ვარ. უფროსი ბიჭი, მიშო, დათოს გაზრდილია, ღამეეებს უთენებდა, მკლავზე ეწვინა და ანანავებდა. მე ვაჭმევდი და ვიძინებდი (მაშინ ცალკე ვცხოვრობდით, ქირით)… ფაქტობრივად ათ წლამდე ზრდიდა, სულ თან დაჰყავდა. ახლა, ბევრ საქმეში რომ ჩაერთო და “ველად გაიჭრა”, შვილებს ასე ვეღარ აქცევს ყურადღებას. პატარების გაზრდაში დედა მეხმარება.

– რამდენიმე თვის წინ დათოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, საავადმყოფოში მოხვდა. როც მომჯობინდა, “სარკესთან” მოყვა, რომ ცხოვრებისეული პრობლემის გამო მიიღო მძიმე სტრესი. ახლა როგორ არის, მოგვარდა პრობლემა?

– მაშინ დაუსვეს დიაგნოზი – გულის გარსის ანთება. მანამდე ძლიერი ვირუსი შეხვდა მაღალი სიცხეებით, ეტყობა, ამანაც გამოიწვია, პლუს დატვირთული, დაძაბული ცხოვრების რიტმი, დიდი ნერვიულობა და…

უსამართლოდ მოექცა ადამიანი, რომელსაც ენდობოდა. ეს ფინანსურ საკითხს ეხება. იმ ადამიანმა კერძო აღმასრულებელი ჩართო მოულოდნელად, ხოლო შემდეგ ჩვენი უფლებების დაცვა გადავწყვიტეთ სასამართლოს გზით… ამითიც ძალიან დაიძაბა.

ყველამ ვინერვიულეთ, მაგრამ მეტწილად დათოს კისერზე გადაიარა. საქმე ჯერ არ დასრულებულა. საბედნიეროდ, ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს. ჯანსაღი კვება, ვარჯიში მისი ცხოვრების წესია.

– როდესაც გარეთ ნერვიულობა უწევს, შინ დაბრუნებულს როგორ უწყობთ ხელს, რომ დამშვიდდეს, რითი უმსუბუქებთ მდგომარეობას?

– მაგ დროს კომფორტი და სიმშვიდე სჭირდება. თუ საუბარი სურს, უნდა აჰყვე, მასთან ერთად განიხილო, თუ რამეს გთხოვს – შეასრულო… ეს თანადგომა ბუნებრივია. თუ რამე სჭირდება ჩემგან, გვერდით ხომ უნდა დავუდგე, უნდა გავუკეთო. ხანდახან ვხუმრობ, შენი პირადი მდივანი ვარ-მეთქი.

– ფიქრობთ, რომ დათო თქვენთვის ნამდვილი მეორე ნახევარია (გნებავთ პირველი ნახევარი – ერთი მთელიდან), ვინც უნდა შეგხვედროდათ ცხოვრებაში?

– ნამდვილად. სხვათა შორის, ერთ ცნობილ ასტროლოგ ქალთან მივედი მეგობრის რჩევით. რელიგიური ვარ, მაგრამ ამავე დროს მჯერა, რომ ასტროლოგიური მეცნიერება არ ემიჯნება რელიგიას. ასტროლოგმა მითხრა, ასე ზუსტად სად იპოვეთ ერთმანეთიო.

ამ თანხვედრას ენერგეტიკულ დონეზე ვგრძნობ. სიყმაწვილეში მომწონებია ბიჭი, სხვებისგანაც მიგრძვნია სიმპათია, მაგრამ მსგავსი ენერგეტიკული მიზიდულობა არ მქონია. როდესაც შენი მსგავსია, ფიზიკურ დონეზეც იგრძნობა – მაგნიტივით, ხელი ხელს რომ მოხვდება და ეწებება. ეს უნდა იგრძნო, ძნელია ახსნა…

ამიტომ მჯერა, რომ ეს არის ნამდვილი სიყვარული, თუმცა გრძნობას ხელშეწყობა სჭირდება, არ უნდა მიუშვა, სულ უნდა მოუარო.

ნანა კობახიძე, სარკე