სერგო ჩიხლაძე: ”რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”

სერგო ჩიხლაძე: ”რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”იმ დღეებში, როცა ფარმაცევტული დაწესებულებები მედიკამენტებზე ფასდაკლებებს აცხადებენ, აფთიაქებში უშველებელი რიგები დგება, რაც ქვეყანაში არსებულ დიდ პრობლემებზე მიუთითებს. პირველია ის, რომ საქართველოში ავადობის რიცხვი კატასტროფულად არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ასევე გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი კატასტროფულად შემცირდა.

საგანგაშო სტატისტიკასა და ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი სერგო ჩიხლაძე გვესაუბრა:

– დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია. 2012 წელს 1000 სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11%, 2016 წელს 14 %-მდე გაიზარდა. სიცოცხლის ხანგრძლივობაც შემცირდა და ეს ხდება იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ჯანდაცვის დაფინანსება სამმაგი გახდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც ამუშავდა.

– რატომ ხდება ასე და სად არის ძაღლის თავი დამარხული? სხვა ქვეყნებში როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

– ევროპაში, აშშ-ში, კანადაში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლად ითვლება 81 წელზე მეტი, ჩვენთან – 72 წელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს რეკომენდაციებს, მაგრამ ყველა ქვეყანა ჯანდაცვის პოლიტიკაზე თავად არის პასუხისმგებელი, ყველა თავად წყვეტს, რა გზას დაადგეს. ჩვენი გზა რომ არ არის ეფექტური, ფაქტია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გვაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ქვეყანაში საყოველთაობის პრინციპი დაცულია. საყოველთაო ნიშნავს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველა ძირითად სასიცოცხლო სერვისზე, მაგრამ ეს პრინციპი ჩვენთან დაცული არ არის. თითქმის მილიონნახევარი მოქალაქე 2017 წლის ზაფხულიდან ვეღარ სარგებლობს იმ სერვისებით, რომლებიც წინა წლებში იყო. მაგალითად, 1 100 000 ადამიანს აქვს თვეში 1000 ლარამდე შემოსავალი და ისინი 500 ლარამდე დანახარჯს თავად ანაზღაურებენ.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი სერვისები სჭირდება – ექიმთან კონსულტაცია, ანალიზები, ექოსკოპია, წამლები. გამოდის, რომ ამ ფულს ეს ადამიანები თავიანთი ჯიბიდან იხდიან. 500 ლარზე მეტს როცა დახარჯავს, მერე დაუფინანსდება იმ ზედმეტის 70%, ანუ მერე ეხმარება სახელმწიფო 70%-ით. გამოდის, რომ ყველაზე მოთხოვნად სერვისებში მოქალაქეები თავიანთი ჯიბიდან იხდიან ფულს.

ალოგიკურია ისიც, რომ ადამიანები დააყენეს არჩევანის წინაშე. 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირს, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, არ აქვს უფლება, პარალელურად დაეზღვიოს კერძო კომპანიაში. მათ კი, ვისაც 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, ამისი უფლება მისცეს. ეს უსამართლობა ხდება იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები დაზოგონ.

– წამლების ფასების სისტემატური ზრდა რატომ ხდება? სახელმწიფო ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროს არ უნდა არეგულირებდეს?

– კვლევები ადასტურებს, რომ მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სერვისებში გაღებული საკუთარი ფინანსების 60% წამლებში დახარჯული ფულია.

სახელმწიფოს რეაქცია ამ კვლევებზე იყო ის, რომ გასულ წელს ოთხ ქრონიკულ დაავადებებზე უფასო წამლების პროგრამა აამუშავა. 1 და 2 ლარად გასცემდნენ ოთხი კატეგორიის დაავადებების მქონე პაციენტებზე წამლებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ გათვალეს, რამდენ ადამიანს უნდა ესარგებლა ამ პროგრამით.

თავდაპირველად უნდოდათ, რომ პროგრამით 150 000 კაცს ესარგებლა, მაგრამ რეალურად ისარგებლა 14 000-მა. ბიუჯეტი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოყვეს, 4 მილიონამდე იყო და არც ეყოფოდა სრულფასოვნად პროექტს. ჩვენ წინასწარ ვუთხარით ამის შესახებ, მაგრამ არ დაგვიჯერეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ მხოლოდ 14 000-მა აითვისა ამ პროგრამის 70%. 150 000 კაცს რომ ესარგებლა, ალბათ 20 მილიონიც არ ეყოფოდათ.

ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ცუდი მენეჯმენტის ტიპური მაგალითი. თითქმის ყველა პროგრამაში არის მსგავსი ლაფსუსები, გაუთვლელად იწყებენ პროგრამებს, რაც უკუჩვენებებს იწვევს.

წამლების ფასწარმოქმნაზეც მკითხეთ. უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენთან წარმოებული მედიკამენტის ფასი უცხოეთში ბრენდული მედიკამენტის ფასზე მაღალია. ქართული ფარმაცევტული კომპანიები არიან მონსტრები, რომლებიც მუშაობენ ზემოგებებზე, რაც 10-ჯერ და მეტჯერ აღემატება იმ მოგებებს, რომლებიც ცნობილ ფარმაცევტულ ბრენდებს აქვთ. იმისათვის, რომ ასე არ იყოს და წამლის ფასი დარეგულირდეს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება.

– რატომ აქვთ მწვანე შუქი ანთებული ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ ხალხი ძარცვონ?

– ჩვენს ქვეყანაში კატასტროფაა მონოპოლიების თვალსაზრისით. ერთ კომპანიას უფლება აქვს, ჰქონდეს წამლის საწარმო, აფთიაქების ქსელი, საავადმყოფო-პოლიკლინიკები, ბანკი და ა.შ.

ნორმალურ ქვეყნებში წამლის მწარმოებლებს საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ერთად გამოყენების უფლება არ აქვთ, მონოპოლიური გარემო რომ არ შეიქმნას. მათ ზღვარი აქვთ დაწესებული ფასებზე მარჟის მიხედვით და წამლის წარმოება თუ უჯდებათ 1 ლარი, მას 10 ლარად ვერ გაყიდიან. სახელმწიფო წამლის მწარმოებლებს ეუბნება, რომ ასეთი წამლის გაყიდვა შეუძლიათ მაქსიმუმი 2 ლარად. ესეც იმხელა მოგებაა, მწარმოებელი კმაყოფილია.

ასევეა წამლის შემომტან კომპანიებთან მიმართებაშიც. თუ წამლის შემოტანა უჯდებათ 5 ევრო, ის წამალი უნდა გაყიდონ, მაქსიმუმი, 6-7 ევროდ და ა.შ. ამის გაკეთება ჩვენთანაც შეიძლება, მაგრამ ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ, შეიძლება მსგავსი მექანიზმები შევიმუშავოთო. ახალდანიშნულმა პრემიერმა ბახტაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე თქვა, დახვეწა სჭირდებაო, ანუ პრობლემას უკვე აღიარებენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებაში არსებობენ ფარმაცევტული კომპანიების ლობისტებიც.

– სულ ამბობენ, რომ ყველაზე წარმატებული სფერო არის ჯანდაცვა და წარმატებული მინისტრი – დავით სერგეენკო. ხალხს ატყუებენ?

– წინათ უფრო ადვილად ახერხებდნენ ხალხის მოტყუებას და პრობლემების ფერად ქაღალდებში შეფუთვას, მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა ზედაპირზე ამოტივტივდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი არის ინფორმაციის ნაკლებობა. ძალიან ხშირად ზოგიერთი პროგრამის შესახებ არც მოსახლეობას აქვს ინფორმაცია და არც ექიმებს.

პრობლემა ისიც არის, რომ სახელმწიფოა ყველაფერი: დამგეგმავი, დამფინანსებელი, მენეჯერი და მაკონტროლებელი. მათ საქმიანობას უნდა აკონტროლებდეს აუდიტის სამსახური, რომელიც ასევე გახლავთ სახელმწიფო სტრუქტურა.

ჩემი ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახალი დაწყებული იყო, როცა აუდიტის სამსახურმა საკმაოდ მწვავე დასკვნა დადო, მაგრამ მას შემდეგ რატომღაც აღარ ჩაუტარებია შემოწმება. მაქვს კითხვა: ყოველწლიურად თუ ატარებს შემოწმებებს სხვა სამინისტროებში, ამ პროგრამის აუდიტს გეგმურად რატომ არ ატარებს? მით უფრო, რომ თავად აღმოაჩინა წინა წლებში უამრავი ნაკლოვანება. ნაკლოვანებები კი იწვევს დანაშაულებრივ ფაქტებს.

– პროგრამის დადებით მხარეებზეც ვისაუბროთ.

– კარგია, რომ მოსახლეობამ ისარგებლა ძვირადღირებული სერვისებით – ოპერაციებით, მკურნალობით, მაგრამ ამბულატორიულ, გეგმურ და სხვა მომსახურებებით ხალხი კმაყოფილი არ არის. მიდიან საავადმყოფოებში გადაუდებელი (ურგენტული) პროგრამით, მაგრამ ფულს მაინც იხდიან. ისე გასხიპეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომ თუნდაც სასწრაფოს მიერ სტაციონარში მიყვანის დროს ხშირ შემთხვევაში ოფიციალურად ახდევინებენ ფულს.

აღარაფერს ვამბობ მომსახურების ხარისხზე, ექიმების კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაცია და პოსტდიპლომური განათლება 2006 წლიდან გაუქმებულია. გავიდა 12 წელი და მაინც არავინ ხდის სავალდებულოს. აუდიტის დასკვნაშიც წერია, რომ ამბულატორიის ექიმებს უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ კვალიფიკაცია არ აუმაღლებიათ და 20 წლის წინ რაც ისწავლეს, დღესაც იმავე მეთოდებით მკურნალობენ. რა შედეგებს ან ხარისხს უნდა ველოდოთ?

ამ ყველაფერმა კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ – სიკვდილიანობა გაიზარდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შემცირდა.

ინტერვიუში გაშუქებულ პრობლემურ საკითხებზე კომენტარისთვის ორ უწყებას მივაკითხეთ – ჯანდაცვის სამინისტროს და აუდიტის სამსახურს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი ასეთია:

“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ.

ასევე, პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს, გარდა ბიუჯეტით დაზღვეული პირებისა, უნარჩუნდება მშობიარობის და საკეისრო კვეთის დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ყველა მოქალაქეს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობა.

რაც შეეხება საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, ასეთი პირები სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. თუმცა უნარჩუნდებათ ონკოლოგიური ქიმიო და ჰორმონოთერაპია დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, გარდა მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსებისა.

საქართველოში ექიმთა განათლება მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის გლობალური სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და მოიცავს სამ საფეხურს:

დიპლომამდელ განათლებას, დიპლომის შემდგომ განათლებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. დიპლომისშემდგომი განათლება (ე.წ. პოსტდიპლომური განათლება) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების აუცილებელი პირობაა, რომელიც 1999 წლიდან სარეზიდენტო მზადების ფორმატში ხორციელდება.

შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების (ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების მიზნით) დიპლომირებულმა ექიმმა აუცილებლად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების – სარეზიდენტო პროგრამა და შემდგომ ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.

რაც შეეხება უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, მასში ექიმების მონაწილეობა 2008 წლიდან ნებაყოფლობითია, თუმცა სამინისტრო აქტიურად მუშაობს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გააქტიურების მიმართულებით და 2018 წლის 1 იანვრიდან ის უკვე სავალდებულოა სამეანო და ნეონატალური სერვისების მიმწოდებლებისათვის. ეტაპობრივად მოხდება სავალდებულო უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის შემოღება სხვა სპეციალობებისთვისაც”.

აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ტატა გამყრელიძე, დაგვპირდა, რომ გვიპასუხებდა კითხვაზე, რატომ აღარ ტარდება ჯანდაცვის პროგრამის და ამბულატორიული სეგმენტის აუდიტი, მაგრამ შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

 ნელი ვარდიაშვილი, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019