როდის ტირის ბახვა ბრეგვაძე

როდის ტირის ბახვა ბრეგვაძეპიარის სპეციალისტ ბახვა ბრეგვაძისთვის სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის ეკრანზე ხშირად ჩანს, სხვადასხვა როლებიც მოირგო, ახლა კიდევ ერთ კინოპროექტზე მუშაობას აპირებს. ბახვამ დასვენება უკვე მოასწრო და ზაფხულის ცხელი დღეები პარიზში გაატარა, საქართველოში ჩამოსულს კი ბევრი საქმე დახვდა და სამუშაოში ჩაეფლო.

– ბახვა, პარიზში ისვენებდით თუ საქმიანი მივლინებით იყავით წასული?

– დასასვენებლად გავძვერი. ერთი დღე საქმეზე ვიყავი გასული, შემდეგი 8 დღე კი პარიზში და ძალიან კარგად დავისვენე.

– პარიზში ხშირად ჩადიხართ?

– დიახ, ძალიან ხშირად, რადგან ჩემი ერთ-ერთი სამსახური არის კონიაკის ქარხანა და საქმიანი ვიზიტით მივემგზავრებით ხოლმე.

– პარიზში გყავთ მეგობრები?

– რა თქმა უნდა, უამრავი ჩემი მეგობარი იქ ცხოვრობს. როცა მათთან ერთად ვარ, პარიზიც სხვანაირია. ძალიან მიყვარს სასტუმროები, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემს მეგობართან ვრჩები სახლში.

– პარიზული ღამის ცხოვრება როგორია? ჩაგიდენიათ ისეთი რამ, რასაც საქართველოში ვერ გააკეთებდით?

– არა, რადგან მე არ ვარ კლუბების მოყვარული. ჩემდა სამარცხვინოდ, თბილისის ძალიან ბევრ კლუბში არც ვარ ნამყოფი. ღამის ცხოვრებას მირჩევნია, კარგ რესტორანში წავიდე და გემრიელად ვჭამო.

ერთხელ ვენაში ვიყავი მეგობრებთან ერთად და ერთ-ერთ ძალიან მაგარ კლუბს ვესტუმრეთ. ისე მომეწონა, რომ დილის 10 საათზე ძლივს გამომიყვანეს იქიდან. პარიზში კლუბური ცხოვრება ძალიან განვითარებული არ არის. უფრო გაპრანჭული კლუბებია, სადაც დრეს კოდი უნდა დაიცვა.

სამაგიეროდ, შემიძლია დაგაკვალიანოთ, სად წახვიდეთ, რომელ რესტორანში და რატომ. პარიზის თითქმის ყველა რესტორანი ძალიან კარგად ვიცი.

– კიდევ აპირებთ დასასვენებლად სადმე წასვლას?

– ახლა ვერ შევძლებ, რადგან ფილმში მიღებენ. ვმუშაობ ერთ სხვა პროექტზე და სამსახურშიც ბევრი საქმე მაქვს.

– რომელ ფილმში გიღებენ?

– “ხელოვნური სუნთქვის” ერთ-ერთი რეჟისორი იყო ხათუნა გიორგობიანი, რომელიც იღებს ახალ მხატვრულ ფილმს და მეც ვმონაწილეობ. ძალიან საინტერესო და განსხვავებული როლი მაქვს – ბავშვთა სახლის დირექტორი ვარ. არ ჰგავს იმ ბახვას, რომელსაც მაყურებელი სერიალით იცნობს.

– ერთდროულად ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ, რაც დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. არ გიჭირთ?

– ადრე შემეძლო, რომ ერთდროულად მელაპარაკა, მემღერა, ჩვეულებრივად გამეგზავნა მესიჯები და თან საქმე მეკეთებინა, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია, რადგან საკუთარ თავზე ბევრი ვალდებულება ავიღე. 24 საათი უკვე აღარ მყოფნის და მირჩევნია, რასაც ვაკეთებ, ხარისხიანი იყოს. მქონია ისეთი შემოთავაზება, რომ ერთდროულად სამ პროექტში ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ მინდოდა და უარი ვთქვი.

– პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებზე” უარი რატომ თქვით?

– ძალიან აზარტული ვარ და კარტის თამაშშიც რომ ვაგებ, ეგრევე მეტირება. პროექტში რომ ვიყო და გავერთო, არ შემიძლია. აუცილებლად უნდა მოვიგო და ეს შემიძლია კიდეც. უბრალოდ, ამას სჭირდება დიდი დრო და ენერგია, რომელიც არ მაქვს. ამხელა თავისუფლებას არავინ მომცემს, რომ 3 თვე ნაბიჯები ვითვალო და ვიცეკვო.

ზოგადად კონკურსებს ვერ ვიტან. გადაცემა “ეკი ვოკი” რომ იყო, იქაც თუ წავაგებდი, პირდაპირ თვალცრემლიანი გამოვდიოდი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ პროექტის ფინალში რომ ვიყო და სხვამ მოიგოს, შეიძლება ის თასი გამარჯვებულსაც გადავალეწო და ნოესაც (პროდიუსერი ნოე სულაბერიძე – ავტ.).

– პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– არა, რაც ძალიან სამწუხაროა. ოჯახის შექმნა არ მეჩქარება. მეგობრებისთვისაც არ მრჩება თავისუფალი დრო. ისე გადის თვეები, ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს ვერ ვნახულობ.

– ალბათ გეუბნებიან – რამდენ კარგ გოგოს იცნობ, მოჰკიდე რომელიმეს ხელი და ცოლად მოიყვანეო.

– ხელს რომ მოჰკიდებენ და შემდეგ 2 თვეში ოჯახი ენგრევათ, ნამდვილად არ მინდა ასეთი ქორწინება. ყოველ ნაბიჯს ძალიან დაფიქრებით ვდგამ. აუცილებლად უნდა მქონდეს ჩემი სახლი, სტაბილური შემოსავალი და ოჯახს შემდეგ შევქმნი.

– სტაბილური შემოსავალი ხომ გაქვთ?

– ერთი სამსახური მაქვს, საიდანაც სტაბილურად ვიღებ ფიქსირებულ ხელფასს.

– ამბობენ, მამაკაცს რაც წლები ემატება, უფრო რთულად იღებს ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებასო.

– კი, მაქვს ასეთი მაგალითები ოჯახში. ჩემმა მამიდაშვილმა ბევრი იფიქრა ცოლის მოყვანაზე და ბოლოს რუსა ჩაჩუა მოიყვანა ცოლად.

– თქვენს თაობაში ძალიან პოპულარულია მარიხუანა. თქვენ ხართ მისი მომხმარებელი?

– ჩემს თაობაში ძალიან პოპულარულია მსუბუქი სახის ნარკოტიკები, მაგრამ მე არც ერთი მაქვს გასინჯული. მარიხუანა მოწეული მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, ვაიმე, გავგიჟდი-მეთქი, თუმცა მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების გამო არავის უნდა იჭერდნენ. თუ ვინმეს უნდა, რომ მოწიოს, ეს არავის საქმე არაა. ადამიანი არის თავისუფალი და სანამ სხვას არ აზიანებს, რაც სურს, ის უნდა აკეთოს.

– მარიხუანას კაიფიც იცით და დალევით მიღებული სიამოვნებაც. პირადად თქვენ რა უფრო გირჩევნიათ, მოწევა თუ დალევა?

– გააჩნია განწყობას, მაგრამ მე უფრო სასმელს მოვიხმარ, ისიც ძალიან დოზირებულად. ძალიან იშვიათად დავმთვრალვარ. მომწონს, როცა ვწრუპავ კონიაკს, სიცხეში – ცივ შამპანურს. საერთო ჯამში, მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ არც სასმელია კარგი და არც მოწევა.

 გიორგი საკარული, სარკე