რატომ დაინგრა გიო ხუციშვილის შვილის, ნოდარიკოს, ოჯახი და რას ჰყვება „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტი მამაზე

რატომ დაინგრა გიო ხუციშვილის შვილის, ნოდარიკოს, ოჯახი და რას ჰყვება „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტი მამაზენოდარიკო ხუციშვილი „მხოლოდ ქართულის“ ის კონკურსანტია, რომელიც გამოჩენისთანავე მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მისი მამა, გიო ხუციშვილია და მეორე – მისი გულწრფელი და ლაღი სიმღერა, რომლითაც „რუსთავი 2“-ის მაყურებელი მოხიბლა.

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული კონკურსანტი დაოჯახებულიც გახლდათ. მისი მეუღლე მომღერალი ელენე კალანდაძე იყო. მათი ქორწინება 2 თვეში დასრულდა და როგორც ელენე სხვადასხვა გამოცემებთან მიცემულ ინტერვიუებში იხსენებდა, ამის მიზეზი ღალატი გახდა.

პირადზე, მამასა და სიმღერაზე დღეს ნოდარიკო ხუციშვილი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს.

– ნოდარ, „ცნობილი მამის უცნობი შვილი“ – ასეთი ანონსი გააკეთა „რუსთავი 2“-მა შენზე…

– ჰო და ამან ცოტა დააბნია მაყურებელი. ამიტომ განმარტებას გავაკეთებ. აქ იგულისხმებოდა გიოს ცნობადობა მომღერლის კუთხით. სხვა ყველაფერი კარგად არის, ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს (იცინის).

– იმ ასაკიდან დავიწყოთ, როცა პირველად შეეხე სიმღერას…

– სიმღერა სულ იყო ჩვენს ოჯახში და, შესაბამისად, ადრეულ ბავშვობას უკავშირდება ჩემი ამღერებაც. თუმცა ასე საჯაროდ გამოსვლა არასდროს მიფიქრია.

– შენს ძმას, ზუკას ვიცნობდით, როგორ მოხდა რომ აქამდე, როგორც მომღერალი, ვერ გაგიცანით?

– ჩემი გადაწყვეტილება იყო, არ მიფიქრია არასდროს სცენაზე გამოჩენა. არ მქონდა მოთხოვნილება რომ სცენაზე მემღერა. სხვა პროფესია ავირჩიე.

– რა პროფესიის ხარ?

– დამთავრებული მაქვს მარკეტინგის ფაკულტეტი და სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერად. ბოლო წლებია, ტურიზმში გადავერთე. მიყვარს მთა, ცხენზე ჯირითი. 5 წლის წინათ ერთ-ერთ ჯგუფს გავყევი გიდად. 2 წელი ვიმუშავე გიდად და ახლა თავად ვაკეთებ ინდივიდუალურ ტურებს.

– გახსოვს, შენი პირველი მღერა მამასთან ერთად?

– მახსოვს. მე რომ პატარა ვიყავი, მამა აფხაზეთში იბრძოდა. მახსოვს, რომ ჩამოვიდა, ვერის ბაღში „ელიტკლუბი“ იყო, იქ ამიყვანეს სცენაზე და გიოს ორი სიმღერა ვიმღერე. ერთი „ლოთიანი“ იყო. მეორე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს გიოს თვალები, ძალიან ამაყი იყო. მის მერე ზოგჯერ მამუკა ჩარკვიანისა და გიოს დუეტს ვმღეროდით ხოლმე მე და მამა, „თავისი დრო აქვს“… ოღონდ არა დაგეგმილად. სპონტანურად ხდებოდა ყოველთვის ჩემი სცენაზე აყვანა.

– გიოს რეპერტუარი ის ჟანრია, რომელშიც საკუთარ თავს ხედავ თუ სხვა მიმდინარეობა უფრო მოგწონს?

– არ ვიცი, სუბიექტური ვიქნები თუ ობიექტური, მაგრამ დღესაც მგონია, რომ ისე, როგორც გიო მღეროდა, ვერავინ მღერის და ვერც ვერავინ იმღერებს. ნიჭიერი სამეგობრო ჰყავდა გიოს, ბევრი მღეროდა და მამამ მოახერხა, ასე კარგად აეტანა სიმღერა სახლიდან სცენაზე, ამას სხვანაირი კულტურა უნდა. მე რაც შემეხება, ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯაზისკენ და ფანკისკენაც ვიხრები.

– „მხოლოდ ქართული“ შენი პირველი მუსიკალური კონკურსია?

– კონკურსიც პირველია და სცენაც. აქამდე მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვმღეროდი ბენდში, მაგრამ არასდროს მივლია პედაგოგთან, არანაირი გამოცდილება ამ მხრივ არ მაქვს.

– თავად გადაწყვიტე, რომ ამ პროექტში მოსულიყავი?

– ჰო, მომწონს ეს პროექტი და რაღაცნაირად მომინდა, რომ ეს სიახლე ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მგონია, რომ გიოსაც ძალიან გაუხარდებოდა.

– რას ეტყვი მათ, ვინც ფიქრობს, რომ, სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, შენ პრივილეგია გაქვს იმ მხრივ, რომ გიოს შვილი ხარ?

– ვეტყვი, რომ სწორად ფიქრობენ. პრივილეგია მაქვს იმ მხრივ, რომ გიოს ხათრით, სიყვარულით შეიძლება კარგად შემაფასონ. მაგრამ ლაივებზე ეს, ალბათ, არ გაჭრის. იქ პროფესიონალი ჟიური ზის, რომელიც შენს სიმღერას აფასებს და არა დედმამიშვილობას. მუსიკალური განათლება არ მაქვს, ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. ასე რომ, სხვა მხრივ პრივილეგიები არ მაქვს.

– შესაბამისად, ალბათ, ნერვიულობდი ქასტინგის დროს…

– ნერვიულობა არ მახასიათებს, იმიტომ არა, რომ უპასუხისმგებლო ვარ, უბრალოდ, სიმღერის დროს მეხსნება, ნაკლებად ვიძაბები. ეტყობა, გენეტიკურია, არ ვიცი. რაც შიგნიდან ემოციურად მომდის, ისე ვმღერი. მეორე ეტაპზე ცოტა ღელვა იყო, მაგრამ გავლენა სიმღერაზე მაინც არ მოუხდენია.

– სოფოს აცრემლებაც მოახერხე…

– (იღიმება) მესმის მისი. ჩემი მეგობრის შვილის გამოჩენა ჩემზეც იგივე განცდებს გამოიწვევდა. გიოს ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველას უყვარდა და ამან მოიტანა ეს ემოციაც.

– მას მერე, რაც ეთერში გამოჩნდი, რა ხდება შენს სოციალურ ქსელში?

– ძალიან ბევრი თბილი სმს მომდის. რამე უნდა მოვიფიქრო, რომ უყურადღებოდ არავინ დავტოვო. იმდენად თბილი გამოხმაურებაა, მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს. ძალიან მიხარია, თუ გიოს სიმღერასთან ასოცირდება ჩემი გამოჩენა. ის სიტყვები, რომ „გიო ცოცხალია“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

– ძალიან ბევრი მსგავსება დაინახა მაყურებელმა მანერებში, ჟესტებში, ვიზუალში…

– ეს გენეტიკაა, თუნდაც თვალის დახუჭვა, მარინამ რაზეც მომცა შენიშვნა. ასე რომ, გიოსთან გააკეთებენ პარალელს თუ ცალკე ჩემი სიმღერა მოეწონებათ, ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები.

– თუმცა, ჟიურიმ ცალსახად აღნიშნა, რომ შენ შენი ინდივიდუალიზმი გაქვს სიმღერასთან მიმართებაში…

– გამიხარდა. კარგი იქნება, თუ მაგას მივაღწიე. გიოს ყოველთვის უხაროდა, როცა რაღაც ჩემსას ვქმნიდი, მეგობრებთან ერთად, მაგრამ არც უნდა ვიყო გიოსგან შორს. მამა იყო და გენეტიკა თავისას შვრება.

– როგორ გგონია, იმღერებ მამას სიმღერას რომელიმე ლაივკონცერტზე? ეს რთული იქნება შენთვის?

– ასე არ ვუყურებ ამ საკითხს. ჩემთვის გიო სხვა იყო. ვიმეორებ, მასავით ვერავინ იმღერებს, ვერც მე. სიამოვნებით ვიმღერებ მის სიმღერას თუ მომცემენ, მაგრამ ჩემი ხაზიც თუ გამოჩნდება შოუში, გამიხარდება.

– საინტერესოა, როგორია შენი მუსიკალური გემოვნება. მაგალითად, რომელ ქართველ მომღერალს უსმენ?

– ასე ვერ გეტყვით, ხან ვის ვუსმენ და ხან – ვის.

– ახლა რაიმე ამოჩემებული სიმღერა გაქვს?

– ინოლა გურგულია მღეროდა „ტრიოსთან“ ერთად და ეს სიმღერა ამოვიჩემე, მგონია, რომ ჩემს შინაგან განწყობას ყველაზე კარგად გამოხატავს (ღიღინებს. – ავტ.) „ნეტავ რად გიკვირს, რომ მე ვმღერივარ, მე ჩემში დამაქვს ბედნიერება. ყველგან ვპოულობ სიცოცხლის ფერებს, ვპოულობ სიმღერის ბგერებს…“

– წეღან სოციალურ ქსელზე ვსაუბრობდით, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მდედრობითი სქესი განსაკუთრებით აქტიურობს. შეიძლება პირადზეც რომ გკითხო?

– ჩემს ცხოვრებაში იყო რაღაცები, მაგრამ დღეს დაკავებული არ ვარ…

– 2 თვე გაგრძელდა შენი ოჯახური თანაცხოვრება ელენე კალანდაძესთან ერთად, შეიძლება დაშორების მიზეზზე ვისაუბროთ?

– ეს ურთიერთობა მარტო ჩემი არ არის, სხვა ადამიანისაც არის. ზოგჯერ ადამიანებს გვეშლება, არ მგონია, ყველაფერზე საუბარი თავისუფლებასთან ასოცირდებოდეს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ინტიმური, რაზეც საუბარი არ სურს.

– როგორც ვიცი, შენს ყოფილ მეუღლეს ახლა ოჯახი ჰყავს… ამიტომ არ გსურს ამ თემაზე საუბარი?

– არა, ეგ არაა მთავარი. დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი საჭირო არ არის.

– დავუბრუნდეთ პროექტს. ვიცი, რომ ლაივკონცერტისთვის ემზადებით, კონკურენცია დიდია… როგორ გგონია, რა იქნება შენი მთავარი კოზირი?

– ძალიან კარგი ბავშვები არიან. ყველა კარგად მღერის. რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მთავარი კოზირი ყველასთვის მაინც გულწრფელობა იქნება. უნდა იყო ის, რაც ხარ და გადმოსცე ის, რაც შიგნიდან მოდის. ამ დროს ქრება ნერვიულობაც და ღელვაც. თავისუფლებას მოაქვს სილაღე და გულწრფელი მღერა. სიმღერა უნდა გესიამოვნოს. თუ არ გსიამოვნებს, არც უნდა იმღერო.

პრაიმ ტაიმი